რუბრიკა "გაიცანით რუსთაველია" მარიამ ქავთარაძის ისტორიით გიბრუნდებათ, რომელიც სწავლას Dublin City University-ში აგრძელებს.
მარიამმა ირლანდიაში განათლების მისაღებად 27 000 ევროს ღირებულების დაფინანსება მოიპოვა.
განვლილ გზაზე ჩვენს მკითხველს ის თავად უამბობს.
"მიუხედავად იმისა, მოპოვებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დიპლომი, უკვე მეხუთე წელია, რაც გადავწყვიტე, ჩემი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ დამეკავშირებინა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამ წლების განმავლობაში, ვთანამშრომლობდი არაერთ ქართულ თუ უცხოურ კომპანიასთან და ვმუშაობდი სხვადასხვა სახის ციფრულ პროექტებზე, ჯერ ხარისხის უზრუნველყოფისა, შემდგომ კი ცალკეული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
იქიდან გამომდინარე, რომ მსურდა ჩემი აკადემიური და პროფესიული გამოცდილებების გაერთიანება, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ, ისეთ პროგრამაზე, რომელიც ზუსტად მოერგებოდა ჩემს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
რატომ ირლანდია?
ირლანდიაში, ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში, ჩამოყალიბდა დინამიური ტექ-ეკოსისტემა, რომელმაც ამ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და ცხოვრება ჩემთვის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადა. ამ ეკოსისტემაში არსებობს ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კორპორაციებისა თუ ტექ-კომპანიების ბრენჩები, როგორებიცაა გუგლი, მეტა, ეფლი, მაიქროსოფთი, ამაზონი, ინტელი და ა.შ. სწორედ ამის გამოა, რომ დუბლინს ხშირად ევროპულ სილიკონ ველსაც უწოდებენ. შესაბამისად, ის შესაძლებლობები, რასაც ირლანდია თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებს სთავაზობს, ჩემს სამომავლო მიზნებს პირდაპირპროპორციულად ემთხვევა.
მოგეხსენებათ, რომ სწავლასთან დაკავშირებული სააპლიკაციო პროცესი ზოგადად საკმაოდ რთული და სტრესულია ყველა ადამიანისთვის. განსაკუთრებით კონკურენციისა და დაფინანსების მოპოვების მცდელობის ფონზე.
თავდაპირველად, აპლიკაციები გაგზავნილი მქონდა ირლანდიის სამი მაღალი რანგის მქონე უნივერსიტეტში და სამივეგან მომივიდა მიღების წერილი.
თუმცა, ამ პროცესში ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ირლანდიის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში მივიღე მონაწილეობა (GOI-IES Scholarship Program), საიდანაც 5000 აპლიკანტიდან 60 მონაწილეში მოვხვდი. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც ირლანდიის მთავრობა სწავლას სრულიად დაუფინანსებს და ასევე გადასცემს სტიპენდიას €10.000 ოდენობით.
საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე Dublin City University-ზე, სადაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ვისწავლი, რომელიც მოიცავს ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ მოდულებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროგრამის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის, მგონია, რომ GOI-IES Scholarshipზე ცნობადობის გაზრდა ბევრ ქართველ პროფესიონალს მისცემს შანსს, რომ მაგისტრატურაზე სწავლა სრული დაფინანსებით განაგრძონ ირლანდიაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუწიო კონსულტაცია თუ როგორ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ შემდეგი წლის რაუნდზე.
ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, რომ თუ ბაკალავრის დიპლომი არ შეესაბამება იმ საქმეს, რასაც აკეთებ, როგორც პროფესიონალი თავს მყარად ვერასდროს იგრძნობ. ეს მითი 21-ე საუკუნეში ნელ-ნელა იმსხვრევა და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწავლა და შრომა არასდროს არ არის წყალში ჩაყრილი. ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყო რაღაც ახალი, რაც მოგანიჭებს სიამოვნებას და განგიახლებს ენთუზიაზმს საკუთარი საქმე ხარისხიანად აკეთო".