რუსთავის ქალთა საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელი - ნინო პასიკაშვილი

2023-03-20 14:15:20

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი ძალიან ნიჭიერი ქალი ფეხბურთელი - ნინო პასიკაშვილია. ამ დროისთვის, ის რუსთავის ქალთა საფეხბურთო გუნდს ხელმძღვანელობს.

ნინო უკვე 17 წელია სპორტის ამ მიმდინარეობითაა დაკავებული და კარიერული გზა, რომელიც მან გაიარა, ბევრი სირთულისა და ამავდროულად, ბევრი წარმატების ნაზავია. 

როგორც თავად ამბობს, მაშინ, როდესაც დაიწყო, ქალი ფეხბურთელობა ადვილი ნამვილად არ ყოფილა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, 13 წლის ნინო მაინც აქტიურად აგრძელებდა საყვარელი საქმის კეთებას და საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას.


"მე ვარ ნინო პასიკაშვილი, 31 წლის, ფეხბურთელი.

17 წელია ფეხბურთს ვთამაშობ და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ჩემი კარიერა ამ სპორტს დავუკავშირე.

სულ მომწონდა ფეხბურთის ყურება და თამაში, მაგრამ როცა 13 წლის ასაკში ფეხბურთზე შემიყვანეს ჩემმა მშობლებმა, მივხვდი, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება. იმ პერიოდში, საქართველოში ნამდვილად არ იყო მარტივი ქალი ფეხბურთელობა. ათას კითხვას უსვამდნენ ჩემს და ჩემი მეგობრის მშობლებს, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად ვაგრძელებდით საყვარელი საქმეს კეთებას.

თუმცა, ფეხბურთზე სიარულს თავისი პირობა ჰქონდა. პარალელურად, აუცილებელი იყო, სწავლისთვისაც მიმექცია ყურადღება. სხვა შემთხვევაში, ჩემი დადებული პირობა მშობლების მიმართ დაირღვეოდა.


14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამომიძახეს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში. იმ პერიოდში ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა და ჩემი სწრაფვებიც დიდი სპორტისაკენ სწორედ იმ მომენტიდან იწყება. 17 წლამდელთა ნაკრებს მოჰყვა 19 წლამდელთა ნაკრები და შემდეგ ეროვნული. დღეს კი, 67 ოფიციალური მატჩი მაქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში და იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ნაკრებებთან ერთად კლუბების შეცვლაც მომიწია ბევრჯერ.

18 წლისამ პირველად მოვაწერე ხელი ოფიციალურ კონტრაქტს, ბელაურისაში, კლუბ მინსკში. ბელარუსის ორ კლუბში ვითამაშე და ამას მოჰყვა უკრაინის, შემდეგ კი თურქეთის კლუბები.

27 წლის საქართველოში დავბრუნდი, კოჭის ტრავმის გამო და მას შემდეგ ქართულ კლუბებში ვთამაშობ. დღეს ფ.კ. კვარტლის ღირსებას ვიცავ, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების მიერაა ჩამოყალიბებული, ნიკა ჯღარკავასა და გიორგი ლუკავას (კლუბის მფლობელი) დახმარებით.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან რთული იყო პარალელურად სწავლა, მაგრამ სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრებაში ჩემს თითოეულ მასწავლებელს და ლექტორს დიდი წვლილი მიუძღვის, მამაჩემთან ერთად.

 

ბევრჯერ მიწევდა წლის განმავლობაში გამოცდების გამო აქ ჩამოსვლა და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა.

ტექნიკური საგნები მომწონდა და გამომდიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად გეოგრაფია და ხაზვა მიყვარდა. სულ ვამბობ, რომ არა ფეხბურთისთვის დათმობილი ამხელა დრო და რესურსი, არქიტექტორი ვიქნებოდითქო. 

ფეხბურთის გარშემო, მისი თამაშის გარდა, ბევრი ინტერესი მქონდა, ამ სპორტის სიღრმისეულად შესწავლა მსურდა და თავიდან "უეფას" მწვრთნელთა  განათლების კურსით დავიწყე. დღეს UEBA B ლიცენზიის კატეგორიის, ასევე "Uefa"-სა და "GFF"-ის ერთობლივი პროექტის - "We play strong" ვაკის ლოკაციის მწვრთნელი ვარ.

გარდა ამისა, გახლავართ GFF -ისა და  დანიური პროექტის - "OPEN fun football scholl"-ის ხელმძღვანელის ასისტენტი. ეს მოიცავს საქართველოს მაშსტაბით რეგიონებში ჩასვლას, ბავშვებისთვის საფეხბურთო ინვენტარების ჩატანას და ერთი სახალისო, ბედნიერი დღის ჩუქებას მათთვის. დიდი ბედნიერების მომტანია ეს საქმე, რადგან ბავშვების ბედნიერ სახეებს ხედავ. ყოველთვის ჩემს ბავშვობასთან ვაიგივებ ხოლმე.

მახსოვს, ანალოგიურად მიხაროდა უფროსების მიერ ნაჩუქარი საფეხბურთო ინვენტარი. ეს ბევრად მეტ მოტივაციას მაძლევდა და მინდა ყველა იმ პატარას დავანახო, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ. მთავარია მოინდომონ, იშრომონ და იოცნებონ, რადგან ზუსტად ვიცი, მათ გონებასა და გულში რა ხდება.
 


მწვრთნელობასთან ერთად, ფეხბურთის მენეჯმენტის 6 თვიანი კურსიც გავიარე "GIPA"- ში , რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ კურსმა და სწორედ განვლილი 2 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახალი ეტაპი იყო საჭირო ჩემს ცხოვრებაში.

2023 წლის თებერვლიდან F.C.RUSTAVI-ის ქალთა გუნდის მენეჯერი გავხდი და დიდი სურვილი მაქვს, ჩემი გამოცდილება, ცოდნა და ენერგია ჩავდო ჩემი ქალაქის კლუბში. დიდი გეგმები გვაქვს და ამასთან ერთად, მსურს, რომ გავამართლო როგორც ხელმძღვანელების, ასევე გოგონების ნდობა და იმედი.

მთავარი ხომ შრომისმოყვარეობაა და ყველაფერი მიღწევადია მონდომებით ყველაფერი..."

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები