"წლის ენთუზიასტი და საუკეთესო ახალბედა მასწავლებელი"

2023-02-28 11:45:05

დღევანდელი რუბრიკის გმირი არის მასწავლებელი, რომელის მსგავსის მოსწავლეობაზეც ალბათ ბავშვობის ასაკში ყველა ჩვენგანს უოცნებია.

მოსწავლეების მიმართ სწორედ ამ განსაკუთრებული და ჯანსაღი მიდგომების გამო გახდა ის "წლის ენთუზიასტი და საუკეთესო ახალბედა მასწავლებელი".

დღეს გაგაცნობთ ქეთევან მუქთიაშვილს, მეხუთე საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს, რომელიც ზემოთაღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებისთვის გოეთეს ინსტიტუტმა დააჯილდოვა. ის გერმანიაში 2-კვირიან საკვალიფიკაციო კურსს, სრული დაფინანსებით გაივლის.

პრიზი ქეთევანს განათლების სამინისტროში, საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.


"ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები და გერმანია.

სანამ დღევანდელ დღემდე მოვიდოდი, არასდროს დავფიქრებულვარ სკოლაში მუშაობაზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სკოლამდე 9 წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ "საქართელოს კარიტასში", მიუსაფარ ბავშვებთან ვმუშაობდი, ასევე პარალელურად ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში ვიყავი (და ვარ) დასაქმებული, ამას დამატებული ოჯახი და ფაქტობრივად, არც კი მქონდა დრო სკოლაზე მეფიქრა.

თუმცა, ძალიან მიყვარს გამოწვევები და მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან და ყოველთვის ახლის ძიებაში არიან. დიახ, ოთხი წლის წინ მომეცა შესაძლებლობა, ბავშვებისა და გერმანული ენის სიყვარული გამეერთიანებინა და ასე აღმოვჩნდი მე-10 საჯარო სკოლაში. არაჩვეულებრივი განცდაა როცა გენდობიან. მადლობა ქალბატონ მანანა ფიროსმანაშვილს და თინიკო მასწავლებელს, მენდნენ.

2022 წელს კი უკვე მე-5 საჯარო სკოლაც მენდო.


ვცდილობ გერმანული ენის ცოდნა (არა მარტო გერმანულის) და სიყვარული მომავალ თაობას გადავცე. ძალიან მონდომებული ვარ. მიყვარს მომავალი თაობა, მათში ჩემს მშვიდ სიბერეს ვხედავ, მათგან უამრავ დადებით ენერგიას ვიღებ და ბევრსაც ვსწავლობ. თითქმის მათთან ერთად თავიდან ვიზრდები. თავს ვგრძნობ, როგორც "თინეიჯერი", ამას ჩემი მოსწაავლებიც გრძნობენ და აღნიშნავენ.

მოსწავლეებთან გულწრფელი დამოკიდებულება, იმის ჩვენება, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ბავშვები და მეც ისეთივე გზა მაქვს გავლილი, რომელსაც ისინი გადიან: ანცობით, თამაშით, ხანდახან გაბრაზებით, რვეული დამავიწყდა-თი, რომ მეც ვუშვებ შეცდომებს და ამას ღიად ვაფიქსირებ, რომ მხოლოდ ბავშვები კი არა, მეც ვსწავლობ მათგან, რომ შეგვიძლია გაკვეთილზე ერთად ვიმხიარულოთ და ხანდახან "დისკო-ფართიც" მოვაწყოთ - ეს ყველაფერი გვეხმარება გვიყვარდეს ერთმანთი, ვენდოთ ერთმანეთს და განვვითარდეთ.

მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. 13 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია. გოეთეს ინსტიტუტმა, სხვა სიკეთეებთან ერთად, დამაჯილდოვა და მომცა შესაძლებლობა მათი დაფინანსებით გერმანიში, ქალაქ ბრემენში ტრენინგების კურსს დავესწრო.

ძალიან მიხარია. ძალიან უხარიათ და ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი მოსწავლეები არიან. მადლობა. ცხოვრება მშვენიერია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები