ახალგაზრდა ბიოლოგი რუსთავიდან

2023-02-14 19:21:24

დღევანდელ რუბრიკაში მოგიყვებით რუსთაველ ახალგაზრდაზე, რომელსაც ვფიქრობ, რომ ყოველ მიზეზ გარეშე უნდა იცნობდეთ.

32 წლის კახა მჭედლიშვილი ბიოლოგია, ის შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში მუშაობს და პარალელურად, ბაზელის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს.

აქამდე მისასვლელად კი დიდი გზა იყო. ამბობს, რომ ყველაფერ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა ოცნების ახდენამდეც, ჩემი შეფასებით, ახალგაზრდა ბიოლოგს არცთუისე პატარა საქმეები აქვს ნაკეთები.


"როცა ჩამოვფრინდი და ბაზელისკენ გამოვემართე, დაღლილობის მიუხედავად, ბავშვურ სიხარულს განვიცდიდი. ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა და სწავლას შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში ვიწყებდი.

ბაკალავრიატი და მაგისტრატურა თსუ-ში დავამთავრე. სამაგისტრო კვლევა იმუნოლოგიის კათედრაზე გავაკეთე და ყველა მხრივ დიდი გამოცდილება მივიღე. პროსტატის სიმსივნის იმუნოთერაპიის მიმართულებით ვმუშაობდით. ჩვენმა პროექტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა უმაღლესი ქულით. ამავე პერიოდში მქონდა მსოფლიოს მეცნიერებათა ფედერაციის (World federation of scientists) სტიპენდია პროექტისთვის, რომელიც მაგნიტური ნანონაწილაკებისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციის სიმსივნის წინააღმდეგ მოქმედებას იკვლევდა.

სწავლის პერიოდში ენთუზიასტ ახალგაზრდებს შევხვდი, ჯერ საინიციატივო სამეცნიერო წრე ჩამოვაყალიბეთ უნივერსიტეტში, რომელსაც რამდენიმე წელი ვხელმძღვანელობდი, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია" დავაფუძნეთ, რომლის პრეზიდენტიც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი. გვინდოდა სწავლის გარდა სხვა შესაძლებლობები გაგვეჩინა სტუდენტებისთვის და მეცნიერება უფრო პოპულარული გაგვეხადა საზოგადოებაში. 2014 წლიდან დღემდე უამრავი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ერასმუს+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა. შვეიცარიაში წამოსვლის შემდეგ ორგანიზაციის დატოვება მომიწია, თუმცა ის დღემდე აქტიურია და მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე მუშაობს. ასევე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის" და "მეცნიერების ჰაბის" თანადამფუძნებელი".


2020 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა. აქ არაჩვეულებრივ ქართველ მკვლევართა გუნდს შევხვდი. კვლევითი პროექტი, რომელშიც ჩავერთე, მიზნად ისახავს Mycobacterium tuberculosis-ს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის ევოლუციის შესწავლას. კვლევა შვეიცარიულ-ქართული პარტნიორობით, ევროპის კვლევითი საბჭოს - ERC (European research council) დაფინანსებით ხორციელდება.  

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სექტემბრიდან ბაზელის უნივერსიტეტში, მეცნიერების ფაკულტეტზე, კონკრეტულად კი მიკრობიოლოგიის მიმართულებით ჩავაბარე და ამჟამად შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში (SwissTPH), ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის კვლევის მიმართულებით ვმუშაობ. სწავლასთან ასოცირებული ყველა ხარჯი ERC კვლევითი გრანტიდან დამიფინანსდა.

უკვე ნახევარი წელია აქ ვარ და ამ დროში უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი შენამატია. SwissTPH ნამდვილად ერთერთი საუკეთესო ადგილია მეცნიერებისთვის, რადგან უმაღლესი კლასის მატერიალურ ბაზასთან ერთად, მთლიანად სისტემა ისეა მომართული, რომ მეცნიერებს ყველა მხრივ დაეხმაროს საქმის ხარისხიანად და კომფორტულად კეთებაში. ამ მხრივ დიდი განსხვავებაა საქართველოსთან შედარებით, სადაც ინფრასტრუქტურა და სისტემები ასე გამართულად ვერ მუშაობს და ხშირად ყველა საქმის კეთება ინდივიდუალურად მეცნიერს უწევს, ეს კი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რაც სამეცნიერო პროცესებს აფერხებს.


ყოველ ახალ ეტაპს იწყებდა იდეით, რომ ეს კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილი იყო.

"მეცნიერების კეთება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ შრომის შედეგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეუძლებელია არ მიგიზიდოს და ჩაგითრიოს თავის წიაღში. ყოველი ეტაპის გადალახვისას ვიცოდი, რისთვის ვაკეთებდი ამას, რომ წვლილი შემეტანა კაცობრიობის წინსვლაში. ამ გზაზე მთავარია, რომ მიზანი დავისახოთ და არ შევუშინდეთ სიძნელეებს. ახალგაზრდებს ვურჩევ, ირწმუნონ საკუთარი თავის და არ დაიშურონ დრო და ენერგია თვითგანვითარებისთვის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს, ვფიქრობ, მართლა მთავარია.

ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება წარმატებულ მეცნიერებთან ერთად ვიმუშაო და გავიზიარო მათი გამოცდილება. შვეიცარიამ უკვე წარუშლელი შთაბეჭდილებებით ამავსო და ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ სამი წელია. ასეთ მომავალზე ბავშვობაში ოცნებაც კი მიუღწევლად მეჩვენებოდა, მაგრამ ოჯახისა და ბევრი ძალიან კარგი ადამიანის დახმარებით, ეს რეალობად იქცა. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები