დღვანდელი ჩემი რუბრიკის გმირი 25 წლის თვითნასწავლი რუსთაველი ფოტოგრაფი, გიორგი ხაჭაპურიძეა.
მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებელთა მოწონება უკვე დაიმსახურა.
ყველაფერი კი, ფოტოაპარატის ყიდვისთვის ფულის შეგროვებით დაიწყო. პირველად, აპარატის ყიდვის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როცა შესაძენად სხვას გაჰყვა. გადაწყვიტა, სურვილის ასრულებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მისულიყო.
"ჩემში ბავშვობიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ხელოვნებამ. კარგად მახსოვს პირველი ნაბიჯები, როდესაც ვეზიარე იმ დიდ ხელოვნებას, რასაც ქართული-ხალხური ცეკვა ჰქვია. პირველი დღიდან უზომოდ შემიყვარდა ცეკვა და ყოველ რეპეტიციაზე სიხარულით მივდიოდი. 7 წლიდან 25 წლამდე ვცეკვავდი, 2 თვეა რაღაც მიზეზების გამო, დროებით შეჩერება მომიწია, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ.
მალევე დამაინტერესა ფოტოების გადაღებამ. ძალიან მსიამოვნებდა, როცა ვიღებდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე ფოტოგრაფი გავხდებოდი. ფოტოებს ვიღებდი ტელეფონით, ვინაიდან, მაშინ ფოტოაპარატი ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღეს და არც ფინანსურად მქონდა შესაძლებლობა, რომ შემეძინა.
ძალიან დიდხანს ვიღებდი ასე, შემდეგ ჩემი ჰობი და დიდი ოცნება - ფოტოგრაფობა და ფოტოაპარატის ყიდვა გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ვიუმჯობესებდი ფოტოგრაფიულ ხედვას და ვიღებდი ძალიან ბევრ ფოტოს. საბოლოოდ, მიზნად დავისახე, რომ ფოტოაპარატი შემეძინა. ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანი რაიმე მიზანს დაისახავს, მოინდომებს და ბოლომდე მიჰყვება, აუცილებლად გამოუვა კიდეც".
ფოტოაპარატი ანსამბლში დანიშნული ხელფასით, თანხის დაზოგვითა და შეგროვებით იყიდა.
"მთავარი მოტივატორი ჩემი მამიდაშვილი გახდა. მთხოვა, რომ ფოტოაპარატის საყიდლად გავყოლოდი, რაზეც, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყოდი. პირველად რომ დავიჭირე ხელში მისი კამერა, მაშინ ვთქვი, რომ რა დროც არ უნდა დამჭირვებოდა, ამ ოცნებას ავიხდენდი და საკუთარს ვიყიდდი. მაგ დროს უკვე 17 წლის ვიყავი და ვცეკვავდი ანსამბლ "სალხინოში". ერთ დღესაც, ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მაფორმებდა ანსამბლში და დამენიშნებოდა ხელფასი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ შალვა პაპიაშვილს და ასევე მის შვილს, გიორგის, რადგან ხელი შემიწყეს და დამეხმარნენ წინსვლაში.
დიდი ზეგავლენა იქონია ამ ამბავმა ჩემზე, თითქოს იმ დღიდან შევიცვალე, უფრო მეტი სტიმული მომეცა ცხოვრების. ამ ხელფასის მეშვეობით, დავიწყე თანხის შეგროვება და მალევე ავიხდინე ოცნება - საკუთარი ფოტოაპარატი ვიყიდე. ეს კიდევ ერთი უბედნიერესი მომენტი იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება".
ამბობს, რომ ამ სფეროში ყველაფერი დამოუკიდებლად ისწავლა.
"ტექნიკის განახლება მალევე დავიწყე და დღეს უკვე მეცამეტე ფოტოაპარატი მაქვს. ვცდილობ, რომ ყოველწლიურად შევცვალო უკეთესისკენ და გავაუმჯობესო. 18 წლიდან აქტიურად დავიწყე კომერციული გადაღებები და შევქმენი პირადი გვერდი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვანთავსებდი. სრულიად თვითნასწავლი ვარ, ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემით შემესწავლა როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული მხარეც. წლები ვსწავლობდი ფოტოშოპს იუთუბის დახმარებით, დღეს კი აკმაოდ კარგად ვიცი. მახსოვს, პირველი ქორწილის შეკვეთა, რომლის გადაღებაზეც ძალიან ვნერივულობდი, მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა იცოდა, გამოუცდელი ვიყავი, მაინც მთხოვეს გადაღება. შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მეც ჩემი ნამუშევრით და წყვილიც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა".
მისთვის ყველა დიდი ბედნიერება კმაყოფილი მომხმარებელია.
"ყველაზე დიდი ბედნიერება ესაა, როდესაც შენი ნამუშევრით მადლიერი რჩება შენი მომხმარებელი. ხშირად ვიყენებ ამ ფრაზას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფოტოგრაფობა პროფესიად ქცეული ჰობია, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ბოლო 2 წელია, დასაქმებული ვარ კომპანია "ავერსი-ფარმაში" ფოტოგრაფად. ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ჟურნალ "ავერსის" ფოტო-გაფორმებაა. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, ძალიან მინდა გრაფიკული დიზაინის სიღრმისეული შესწავლა და ამ კუთხით მუშაობა, ხოლო პირადი მიზანი, საკუთარი სახლის ყიდვაა, რისთვისაც ასევე ყველაფერს გავაკეთებ.
პირადი გამოცდილებიდან, ყველა დამწყებს, ეს იქნება ამ სფეროში თუ სხვაში, მინდა ვურჩიო, რომ დასახული მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლონ. შესაძლოა, წლები დაგჭირდეთ ამისათვის, მაგრამ მაინც შეძლებთ ყველაფრის მიღწევას. უნდა იმუშაო საკუთარ თავთან ძალიან ბევრი და გჯეროდეს, რომ შენი შრომით ყველაფერს მიაღწევ, ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა სწორედ ეს არის.