ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი მოასწრო და არაერთ რეგალიას ატარებს.
საქსაფონისტი, ვოკალის მასწავლებელი, წარმატებული სტუდენტი და ანსამბლ "თუთარჩელას" გამორჩეული სახე. ჩამონათვალი არასრულია, თუმცა ეს ბოლო, პირადად ჩემთვის, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია.
რატომ? ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელი რუბრიკის გმირი სწორედ ამ ანსამბლის დახმარებით აღმოვაჩინე.
მრავალმხრივ ნიჭიერი და ძალიან შრომისმოყვარე ნინი გვასალი დანარჩენზე უკვე თავად გვიამბობს.
"მოკლედ რომ დავახასიათო ჩემი თავი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ცხოვრება არ წარმოუდგენია მუსიკის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ დედა მუსიკოსი იყო, მუსიკა ბავშვობიდან ძალიან დიდ როლს თამაშობდა როგორც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პიროვნულ განვითარებაში. მახსოვს, ერთად ვუსმენდით სხვადასხვა ჟანრს, ასევე ერთად ვმღეროდით ოჯახურ გარემოში ფორტეპიანოს თანხლებით.
6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ფოლკლორის სკოლაში საგუნდო განყოფილებაზე შემიყვანა, სადაც გავდიოდი სხვადასხვა საგანს, ვსწავლობდი ფორტეპიანოზე დაკვრას... ამასთან, ხშირად გამოვდიოდი პატარ-პატარა კონცერტებზე და სოლო პარტიებსაც ვასრულებდი. თუმცა გამოვარჩევ, როდესაც 12 წლის ასაკში პირველად შევასრულე სოლო პარტია გუნდთან ერთად, ეს 12 წლის ნინოსთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალება იყო, მიუხედავად შიშისა, რომელიც მაშინ თავს მესხმოდა, საკმაოდ კარგად გავართვი თავი. შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოწვევამ მოახდინა ერთგვარი ზეგავლენა ჩემს დღევანდელობაზეც კი. ამ გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, საბაზო საფეხურზე უფრო საფუძვლიანად გამეგრძელებინა მუსიკის შესწავლა".
ამბობს, რომ ჯაზის დიდი მოყვარულია. საქსაფონზე დაკვრაც თავდაპირველად სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
"საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე, სადაც, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მოვიწამლე კლასიკური მუსიკით. პარალელურად, ჯაზის დიდი მოყვარული ვარ და გადავწყვიტე, მესწავლა საქსოფონზე დაკვრა - რუსთავის მესამე სამუსიკო სკოლაში დავდიოდი საქსოფონის გაკვეთილებზე. 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავუკარი ორკესტრთან - საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად პიაცოლას Invierno Porteno".
ახლა კი მუსიკის სიყვარულს პატარებს უნერგავს და დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს.
"რადგან დამოუკიდებლობა ჩემთვის ბავშვობიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, სტუდენტობის პერიოდიდანვე დავიწყე მუშაობა მუსიკის განხრით. ფოლკლორის სკოლაში ვამეცადინებ ბავშვებს ვოკალში და ციფრულად ვამუშავებ ნოტებს, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე, მესწავლა სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დამეხმარებოდა მუსიკალური ნაწარმოების ციფრული სახით ჩაწერაში".
და... საუბარს ჩემს უსაყვარლეს ნაწილზე იწყებს. როგორც უკვე სტატიის სათაურში ვახსენე, ნინი რუსთავის გამორჩეულად დიდი სიამაყის, "თუთარჩელას" გამორჩეული სახეა.
"ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფურცელია ახალგაზრდული გუნდი თუთარჩელა, რომლის გარეშეც უკვე აღარ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ჩემთვის, მაგალითად, ერთგვარი თერაპიაა გუნდის გაკვეთილებზე დასწრება, ერთად სიმღერა, მეგობრებთან ურთიერთობა, განვითარება... სექტემბერში გერმანიაში ტურნე გვქონდა, სადაც თითოეული ჩვენგანი ერთი მიზნის მისაღწევად ვიყავით ორიენტირებულები, მაქსიმალური შედეგი დაგვედო გერმანელი აუდიტორიის წინაშე. კონცერტებზე გუნდთან ერთად შევასრულე სოლოც, ეტა ჯეიმსის რეპერტუარიდან, რომელსაც გენიალური საგუნდო არანჟირება ქალბატონმა თამარ ბუაძემ გაუკეთა. აქვე მინდა გავიხსენო ქართველი მსმენელის ძალიან დიდი გამოხმაურება თბილისის საგუნდო საერთაშორისო ფესტივალზეც. მუსიკოსისთვის ალბათ იმაზე სასიამოვნო არაფერია, როდესაც სცენიდან აუდიტორიის გაოცებულ და ბედნიერ სახეებს უყურებ.
ჩემი აზრით, უმთავრესია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და დადებითი შედეგი ჰქონდეს შენს ნებისმიერ აქტივობას. მუსიკოსისთვის უპირველესია, მსმენელი გყავდეს, მათ ბედნიერ სახეებს უყურებდე, შექებას ისმენდე, ნაწარმოების დასრულებისას ერთწამიანი ჩუმი პაუზის შემდეგ, ოვაციების მოსმენა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა".
მისთვის წარმატების მთავარი საწინდარი მოტივატორი ადამიანები არიან.
"წარმატების საწინდარი, პირველ რიგში, ის ადამიანები არიან, რომლებიც მორალურად თუ პროფესიული კუთხით, მაქსიმალურს დებენ შენში და "გაიძულებენ", დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების და შემდეგ შენც მაქსიმალური გააკეთო. პირველ რიგში, ჩემზე ასეთი ზეგვალენა ოჯახს ჰქონდა, რომელიც გამუდგებით, ნებისმიერ საკითხში მხარს მიჭერდა, სადაც და როგორ სიტუაციაშიც არ უნდა ვყოფილიყავი. ასევე, ამ კუთხით ჩემს განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს მასწავლებლებმაც, რომელთა მადლიერი დავრჩები მთელი ცხოვრების განმავლობაში".
ყველაფერთან ერთად, ნინი ძალიან წარმატბული სტუდენტია. უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით სწავლობს.
"მეოთხე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე, მასპინძლობისა და ტურიზმის კონცენტრაციით. გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური მოსწავლე ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების შესაფერისად, არ მოვრიდებოდი სხვადასხვა პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღებას, ძალიან მომწონდა, როდესაც გარკვეულ პროექტებს ვაორგანიზებდი თუ ვმართავდი. ვფიქრობ, ეს პროფესია საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მომავალი კარიერისთვის. ასევე, ის ფაქტორი, რომ ვგიჟდები მოგზაურობაზე, სხვადასხვა ადგილების მონახულებაზე, განსხვავებული კულტურის გაცნობაზე, ლაშქრობაზე, ხელს შემიწყობს განვვითარდე ჩემი პროფესიით".