დღვანდელი რუბრიკის გმირი 20 წლის რუსთაველი ბიჭი, დაჩი ბერიაა, რომელიც მილანის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს.
ახალგაზრდამ მილანი მსოფლიოს 6 საუკეთესო უნივერსიტეტში ამოირჩია და ახლა მის ისტორიას დაწვრლებით გვიამობობს.
როგორც იხსენებს, უცხოეთში სწავლა მისი ბავშვობის ოცნება იყო.
"უცხოეთში სწავლა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი, რადგან ბოლო 6-7 წელი ინგლისურად თავისუფლად ვსაუბრობდი. ალბათ მე-9 კლასიდან მოყოლებული ვფიქრობდი საზღვარგარეთ ჩაბარებაზე, თუმცა გადაწყვეტილი არ მქონდა სად და რაზე ჩამებარებინა. დროთა განმავლობაში გადამავიწყდა კიდეც ეს თემა. ხელახლა გამიჩნდა ინტერესი იმ ზაფხულს, როდესაც გავხდი აბიტურიენტი (2020 წელს). მაშინაც მხოლოდ ვფიქრობდი ინგლისური ენის სერტიფიკატის აღებას და თეა ოდიშარიასთან მივედი კონსულტაციაზე. მან კი მირჩია, რომ ჩემთვის საზღვარგარეთ ჩაბარება, ჩემი ინგლისურის დონის გამო, უკეთესი იქნებოდა. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების ჩემი გეგმაც შეიცვალა პირველ ოქტომბერს, როდესაც უკვე ევროპაში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტეთ. ჩავაბარე IELTS-ის აკადემიური ინგლისურის გამოცდაც და დავიწყე სხვა ტესტებისთვის მომზადებ".
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის იტალია აარჩია. ფიქრობს, რომ ამით მიიღო შესაძლებლობა, ესწავლა ინგლისურად და ამასთანავე, იტალიური ენაც შეეცნო.
"რადგანაც საზღვარგარეთ სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, უმეტესწილად აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებს განვიხილავდით (ესტონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, უნგრეთი). რადგანაც ფრიადოსანი ვიყავი და ინგლისურის ენის ტესტზეც მაღალი ქულა ავიღე, 6 უნივერსიტეტისგან მივიღე დადებითი პასუხი. გადავწყვიტე, რომ ყველა ქვეყნიდან იტალია იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, რადგან მექნებოდა შესაძლებლობა, მესწავლა ინგლისურად უნივერსიტეტში და იტალიური ენაც შემეცნო. არჩევანი მქონდა ტურინის, ბოლონიის, რომისა (საპიენცა) და მილანის უნივერსიტეტებს შორის. პირველად ტურინის უნივერსიტეტისგან გავიგე დადებითი პასუხი მარტში და ბოლოს მილანის უნივერსიტეტისგან ივნისში. ამასთანავე, საქართველოში ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და მოვხვდი 70 პროცენტიანი დაფინანსების საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. თუმცა, საუკეთესო ვარიანტი ჩემთვის იყო მილანი, რადგან გამორჩეული მოსწავლეებისთვის რეგიონი გამოჰყოფს სტიპენდიებს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 6 000 ევროს. ამ სტიპენდიის საფუძველზე, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ მთლიანად დაფარონ სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, გადაიხადონ პირველადი გადასახადი და სხვა ხარჯები.
საერთაშორისო პოლიტიკა და ეკონომიკა (International Politics and Economics) არის ჰქვია ჩემს კურსს მილანის უნივერსიტეტში (University of Milan). მიუხედავად იმისა, რომ მილანი ევროპის ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია, მე შესაძლებლობა მომეცა, მეცხოვრა საკმაოდ ლამაზ ცენტრალურ უბანში (Porta Venezia). თავიდან ჩემს მეგობართან ერთად ჩავედი, რომელიც ასევე სტუდენტი იყო მილანის სხვა უნივერსიტეტში და ნელ-ნელა დავიწყეთ ქალაქის შესწავლა. ქალაქი ნამდვილად მომხიბლელი და კეთილმოწყობილი იყო, კულინარიაც და მოდაც არ ჩამორჩებოდა. რა თქმა უნდა, პირველად მოვინახულეთ მთავარი მოედანი და დუომოს კათედრალი, შემდეგ დავაგემოვნეთ ჯელატო".
უცხო ქვეყანასა და ქალაქთან შეგუება მისთვის არცთუისე იოლი აღმოჩნდა. ამბობს, რომ კულტურული შოკის გამო, მცირე დროით საქართველოში დაბრუნებაც მოუწია.
"როდესაც ლექციები დაიწყო და გავიდა დრო, საქართველოს მონატრებაც მომაწვა, დავიწყე სამშობლოში ბევრი რამის დაფასება და უფრო შემიყვარდა ის. რა თქმა უნდა, მილანშიც გავიჩინე მეგობრები, მაგრამ მილანი მაინც არ მომწონდა. ესეც უცხო ქვეყანასთან შეგუების ერთ-ერთი ეტაპია. მას შემდეგ, კულტურული შოკი განვიცადე და დავბრუნდი საქართველოში მცირე ხნით, ეტაპობრივად უფრო შევეგუე მილანს, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს იქაურ ატმოსფეროში. ქალაქი გამორჩეულად ცოცხალი და საინტერესოა მოდისა და დიზაინის კვირეულის დროს, განსაკუთრებით ჩემი ქუჩა, რადგან ორი ყველაზე ცნობილი ბარი ყოველთვის ხალხმრავლობითა და საინტერესოდ ჩაცმულ ხალხით არის დატვირთული"
ამჟამად სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტში გადის სტაჟირებას, ამჯერადაც გრანტით.
"ნელ-ნელა ვისწავლე იტალიურიც, დავხურე ორივე სემესტრი საკმაოდ წარმატებით და დავიწყე ფიქრი სხვა შესაძლებლობებზეც. რამდენადაც მილანში ყოფნას ბევრი დადებითი აქვს, მინდოდა ცვლილება და ახალი თავგადასვლები. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, სტამბულში Erasmus+ Traineeship პროგრამის ფარგლებში, გამევლო სტაჟირება ბილგის უნივერსტიტეში, საერთაშორისო სტუდენთა ოფისში, ასევე დამატებითი გრანტით. ამჯერად დაკავებული ვარ ოფისში მუშაობით, სადაც ვეხმარებით საერთაშორისო სტუდენტებს სხვადასხვა ბიუროკრატიული საკითხებში, რაც ეხება საცხოვრებელ უფლებას, კურსებზე რეგისტრაციას, დოკუმენტების შეგროვებასა და დამატებით, ახალი სტაჟიორების აყვანას. ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა ჩვენთვის და სტუდენტებისთვის, რადგან ინგლისურად ვლაპრაკობთ, რაც იშვიათობაა თურქეთში".
ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, უცხო ქვეყანაში ცხოვრება მისი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა, წინ კი დიდი გეგმები აქვს.
"ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება რომ გამეგრძელებინა სწავლა საქართველოში. ვფიქრობ, რომ აკადემიურად არანაკლებს ვისწავლიდი, თუმცა ოჯახისა და მეგობრებისგან შორს, დამოუკიდებლად, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ჩემი განვითარებისთის საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა. საზღვარგარეთ ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ვფიქრობ, ყველამ მაინც უნდა სცადოს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის გამოცდილება. ბევრს სწავლობ საკუთარ თავზე, საკუთარი და სხვების კულტურის შესახებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრება მომხილბებლია, ჩემთვის საბოლოოდ დამკვიდრება საზღვარგარეთ არ არის მიზანი, მინდა ავაშენო რაღაც ჩემს ქვეყანაში.
მომავალში ველოდები კიდევ ერთ სხვა ქვეყანაში აკადემიური მობილობის გავლას, სანამ მილანში დავბრუნდები ბოლო წელს და დავიწყებ იქ მუშაობას. მიმაჩნია, რომ მილანი საუკეთესო ქალაქია კარიერული თუ აკადემიური წინსვლისთვის და იქ სამუშაოდ მცირე ხნით დარჩენა მსურს. შემდეგ ამას მოჰყვება მაგისტრატურა და დიდი იმედია, ინგლისურენოვან ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობა".