ემიგრანტობით დაწყებული წარმატების ისტორია

2021-11-06 13:25:47

რუბრიკის დღვანდელი გმირი საბერძნეთში მოღვაწე რუსთაველი გოგონა, ათინათი ქართველიშვილია. ახალგაზრდა ქალი მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი და მოდელიერ -კონსტრუქტორია.

მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ათინათის ისტორია ემიგრანტობით დაიწყო და მიღწეული წარმატება ძალიან რთულ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე გავიდა. 

ნიჭიერებასთან ერთად, მთავარი, რამაც მას საბერძნეთში აღიარება და ხალხის სიყვარული მოუტანა - დიდი შრომა და ბრძოლისუნარიანობა გახდა.


ყველაფერი კი, 2003 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით დაიწყო.

"2003 წელს დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტანსაცმლის დიზაინერის ფაკულტეტი. დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, თბილისში, bissnees pulashi დავიწყე მუშაობა, შემდეგ ინტერიერის დიზაინერი ვიყავი ერთ-ერთ კომპანიაში. მუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც წარმატებულად ვმუშაობდი, გამოფენებშიც ვმონაწილეობდი და სხვადასხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაინც მომიწია საბერძნეთში წასვლამ".

ასე დაიწყო გზა რუსთავიდან - ათენამდე. გზა, რომელმაც 14 წლიანი ემიგრაცია უკვე აითვალა.

"ეს გზა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მინდა საუბარი დავიწყო პირდაპირ იმით, რაც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია. ჩამოსვლიდან მალევე მოვაწყე ჩვენება საბერძნეთში, ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უბანში -  მონასტირაკზე. შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ პირველი ქართველი დიზაინერი, რომელმაც აქ პერსონალური ჩვენება გააკეთა. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ბერძენი მოღვაწეები, რაც შემდეგში მე არაერთი რეკომენდაციის გაწევაში დამეხმარა. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება საბერძნეთში".

ჩვენების შემდეგ მოახერხა და პირველი სივრცე გახსნა, სადაც იქმნებოდა მხოლოდ "ათინათის" ხაზის სამოსი. მისი ფანტაზიით, ხედვითა და განსხვავებული სტილით, რამაც მარტივად შეძლო მიეპყრო ბერნებისა და არამხოლოდ ბერძნების ყურადღება.

"მიმუშავია არაერთ ცნობილ დიზაინერთან, მათ შორის ხრისტოს კოსტარელოსთან. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იქ ავიდგი ფეხი. დღეში ერთი საქორწილო კაბა ჩემი ხელით იკერებოდა, ერთ-ერთი ნამუშევარი კი გამოვიდა პროექტში My stayle rcsks, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რაც შეეხება პირად ატელიეს, ჩვენების შემდეგ დაგროვილი ფინანსური სახსრებით გავხსენი ატელიე ხალანდრში.".

მისთვის ნომერ პირველი ბარიერი ენა იყო. იხსენებს, რომ თავის დასამკვიდრებლად, პირველ წლებში, მუშაობა და სწავლა ერთდროულად, ძალიან დატვირთული გრაფიკით უწევდა.

"ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. აქ რომ თავი დამემკვიდრებინა, პირველ რიგში, აუცილებელი იყო ბერძნული ენა საფუძვლიანად შემესწავლა. ვმუშაობდი და პარალელურად ვსწავლობდი. გვერდით მყავდა დედა, რაც ძალიან დამეხმარა, ის მამხნევებდა. ძნელი იყო სწავლა და მუშაობა ერთად, თანაც მთელი დატვირთვით. ერთი სიტყვით, ეს 2 წელი განსაკუთრებულად გამიჭირდა, ბევრი სირთულე გამოვიარე, თუმცა ამად ნამდვილად ღირდა. ამჟამად დაკავებული ვარ შოუბიზნესის ხალხთან მუშაობით. ვმუშაობ ისეთ მომხმარებლებთან, როგორებიც არიან პრიმუ, ინფანტისი... მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩემს სახელოსნოში იქმნება ჩოხები და საქორწილო კაბები. დაკვეთების ძირითადი თემატიკა კი უფრო საქორწილო კაბებია, რადგან ვქმნი ძალიან მოკლე დროში - 1 დღეში, რაც მომხმარებლისთვის ნამდვილად დიდი კომფორტია".

იხსენებს, რომ კერვის სიყვარული მისი წინაპრებისგან მოდის და ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა კერვას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც.

"ჩემი დიდი ბაბუა, კონსტანტინე იყო პირველი, ვინც შეუქმნა სუხიშვილების გუნდს ჩოხა. მე მინდა მისი საქმე გავაგრძელო და სწორედ ამიტომაცაა, რომ აქ, საბერძნეთში ვქმნი ჩოხებს. ბავშვობაში, როცა გაჭირვება იყო, დედაც კერავდა, თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად. ეს არის 13 წლამდე პერიოდი. ეარში რომ გამოვდიოდი, ვცეკვავდი, დედა მაშინ უკერავდა ფორმებს მოცეკვავეებს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ფეხსაცმელი და ბარხატის კაბა შევკერე, სკოლაში ძველი კაბით წასვლა არ მინდოდა და იმიტომ. მახსოვს, მასწავლებელი გაოცებული იყო. ფაქტიურად საკერავ მანქანასთან გავიზარდე".


ამბობს, რომ მისთვის წარმატების მთავარი ფორმულაა, არასდროს დანებდე.

"ჩემი წარმატების ფორმულაა - არასდროს დანებდა. ყველაზე ციცაბო კლდეზე შემიძლია ავიდე შიშველი ხელებით. არ მაშინებს სირთულეები, მთავარია მინდა და ეს ნიშნავს იმასაც, რომ შემიძლია. ჩემი დევიზია - იცხოვრე მიზნისთვის და გაიმარჯვე. სადაც მეუბნებიან, არ გამოვა, პირიქით, იქ გავამტვრევ კედელს და გავალ ფონს. სხვებთანაც ეს რჩევა მექნება, არასდროს  დანებდეთ, არ ჩაიქნიოთ ოცნებაზე ხელი. მთავარია, თქვენ ეს გინდა და ის აუცილებლად იქცევა რეალობად. ბევრი იმუშავეთ თუ  გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, დღეც და ღამეც იმუშავეთ. ცხოვრება ბრძოლაა და შენ ძლიერი მეომარი უნდა იყო. წაიქცევი, წამოდგე. მიახვედრო, რომ ძლიერი ხარ და შენთან ხუმრობა არ შეიძლება. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, მთავარია იწამოს საკუთარი თავის".





ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები