"მინდა მიღებული განათლება და სპორტული წარმატება, ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო"

2022-10-30 13:15:36

18 წლის რუსთაველი სპორტსმენი, გიორგი გონაშვილი სწავლას ლიეტუვაში, ამერიკულ-კანადურ უნივერსიტეტში აგრძელებს და პარალელურად, კალთბურთის საუნივერსიტეტო გუნდში თამაშობს.

გიორგიმ მაღალი აკადემიური მოსწრებით უნივერსიტეტისგან 50%-იანი დაფინანსების მოპოვება უკვე შეძლო, დაფინანსების მეორე ნახევარს კი მალე გუნდისგან ელოდება.

უნივერსიტეტში მოსახვედრად გრძელი და რთული გზა განვლო, თუმცა შეძლო, უცხოურ სასწავლებელში უმაღლესი ქულებით ჩარიცხულიყო.

"ოქროს მედალზე დავამთავრე რუსთავის N2 საჯარო სკოლა და ჩავაბარე ლიეტუვის ამერიკულ-კანადურ უნივერსიტეტში, ქალაქ კლაიპედაში. 16 წლიდან დავიწყე მზადება უცხო ენის საერთაშორისო გამოცდისთვის და ასევე ჩავაბარე უნივერსიტეტის შიდა გამოცდებიც, ინგლისურ ენაზე უნარები და მათემატიკა. საერთაშორისო გამოცდების, სკოლის ნიშნების და ასევე უნივერსიტეტთან ინტერვიუს შემდეგ, გამომითვალეს მისაღები ქულები, რომელიც შეადგენდა 93%-ს და არის უმაღლესი. აქედან გამომდინარე, მომეცა შანსი დაფინანსებისაც. ვინაიდან, ვარ სპორტსმენი, ჩემი აკადემიური დაფინანსება შეადგენს სწავლის ღირებულების ნახევარს. თუმცა, ლიეტუვაში ჩამოსვლის შემდეგ, მქონდა გუნდთან საცდელი ვარჯიშები და ფიზიკური შემოწმება, რაც მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ აკადემიური დაფინანსება გაიზრდება ტრენერის მიერ და სწავლის ღირებულებას სრულად მოიცავს".


აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას უნივერსიტეტში 4 წლიანი სწავლის ღირებულება, დაახლოებით, 15 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სწავლას გიორგი საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე აგრძელებს. 

"სწავლა გადავწყვიტე საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რადგან ვფიქრობ, მომეცემა შანსი, ვიყო ბევრ სფეროში კონკურენტუნარიანი. სკოლაში ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი მათემატიკით და შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი ბავშვობიდან ამ სფეროს მიმართ მქონდა"

18 წლის ბიჭი სწავლაში და სპორტში ერთნაირად წარმატებულია, რაც დამეთანხმებით, იშვიათობაა. ის კალათბურთით 6 წლიდანაა დაკავებული.

"კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე. 14 წლამდე რუსთავის გუნდთან ერთად ბევრი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გავხდი. 14 წლის ასაკში ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მიმიწვიეს, სადაც განსხვავებული პირობები და გარემო დამხვდა, ამან ჩემს განვითარებაზე დადებითი როლი ითამაშა".

პანდემია მისთვის, როგორც სპორტსმენისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, თუმცა გიორგი არ გაჩერდა, ვარჯიში ინდივიდუალურად გააგრძელა, რამაც, ბუნებრივია, შედეგიც გამოიღო.


"პანდემიიდან გამომდინარე, ასაკობრივმა გუნდებმა ვარჯიშები და თამაშები შეწყვიტეს. ეს ძალიან რთული პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ამდენი ხნის შრომა წყალში იყრებოდა, მაგრამ არ შევეშვი და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, რამაც შედეგი გამოიღო და მომეცა საშუალება, მევარჯიშა სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, თსუ-ში და მიმეღო ამერიკელ ლეგიონერებთან და საქართველოს ნაკრების წევრებთან თამაშის გამოცდილება". 

ასე დაიწყო და გაგრძელდა გზა დიდი ესპანური გუნდისაკენ.

"მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი წარმატება იყო ესპანეთიდან ჩამოსული მოწვევა, სადაც 3 თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი როგორც ჩემი ასაკის, ასევე დიდების გუნდში "ლოგრობასკეთში". ძალიან კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს ცოტა ხნით მაინც ავცდი. 15 ოფიციალური და 6-7 ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე. იყო სირთულეებიც - ენობრივი ბარიერი, მარტო ცხოვრება, მაგრამ თან განსხვავებული და საინტერესო გამოდგა. დღეს ვაგრძელებ ვარჯიშს კლუბ ჰიუნდაიში, სადაც ნამდვილადაა განვითარების საშუალება".

მთავარია, რომ 18 წლის გიორგი, რომელიც განათლების გაღრმავებასა და სპორტულ განვითარებაზე ერთნაირად ფიქრობს, გეგმავს მის მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლოდ სამშობლოს მოახმაროს.


"ყოველთვის ვცდილობდი წარმატებული ვყოფილიყავი როგორც სპორტში, ასევე სწავლაში. ძალიან რთულია ერთმანეთს შეუთავსო, მაგრამ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმით ვცხოვრობ და ვცდილობ განვითარებას როგორც სპორტული, ასევვე აკადემიური კუთხით. ვფიქრობ, მომავალშიც შევძლებ ორივეს გავართვა თავი. გეგმები ბევრი მაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რაც მთავარია ჩემთვის, მინდა ჩემს მიერ მიღებული განათლება და სპორტული წარმატება, ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები