წარმატების გზა რუსთავიდან-ოქსფორდამდე

2022-10-23 14:00:11

რუსთაველი მარი ელიაძე პირველი ქართველია, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟული კოლეჯი Christ Church დაამთავრა.

მარიამი ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გახლავთ, პარალელურად კი, "მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

წარმატებული რუსთაველების რუბრიკაში ის მოგვიყვება გზაზე, რომელიც რუსთავიდან ოქსფორდამდე განვლო, ყველაფერი კი უბრალოდ ინგლისური ენის სიყვარულითა და პედაგოგიკის ფაკულტეტით დაიწყო.


"2003 წელს დავამთავრე რუსთავის #2 საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგიკის განხრით, რადგან ენის სიყვარული ბავშვობიდან მომდევდა. უკვე მე-4 კურსზე დავიწყე მთარგმნელობითი საქმიანობა და რუსთავში მოქმედ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ტექსტების თარგმნაზე გაცილებით მეტი შემეძლო და მაგისტრატურის საფეხურზე საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიე - ამ მიზნით, ჩავაბარე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA-ში) და დღემდე ძალიან მიტაცებს არჩეული პროფესია - დიპლომატია".

"შენ კიდევ სწავლობ?" - ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა, რომელსაც მარი უსვამენ, თუმცა ის ფიქრობს, რომ ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას სწავლობენ. მის მიერ მოპოვებული არაერთი დაფინანსება და სხვადასხვა საუნივერსიტეტო გამოცდილება, ახლა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობით გრძელდება.

"დღესაც კვლევით საქმიანობას ვეწევი და მუშაობის პარალელურად, სადოქტორო დისერტაციას ვწერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეკითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ - "შენ კიდევ სწავლობ?", ყოველთვის ღიმილს მგვრის, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას სწავლობს - თან მაშინ, თუ განათლება ხელს არაფერში გიშლის და პირიქით, უფრო აფართოებს შენს პროფესიულ თვალსაწიერს, სწავლის პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება. როდესაც ოქსფორდში გავემგზავრე, ასეთივე შთაბეჭდილებებით ვიყავი სავსე".


ემოციები, რომელიც ოქსფორდსა და ოქსფორდელებს უკავშრდებათ, მისთვის წარუშლელია. ჩემთვის, კი როგორც მსმენელისთვის, ამაღევებელი და საამაყოა გზა, რომელიც ქართველმა გოგონამ, როგორც თვითონ უწოდებს, "პატარა სამოთხეში" მოსახვედრად გაიარა.

"მქონდა სრული დაფინანსება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ფონდისგან, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო შესარჩევ ეტაპზე. საბუთების განხილვის შემდეგ მივიღე მიწვევა ოქსფორდიდან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის მიმართულებით. გასაუბრების გავლის შემდეგ კი - მოვიპოვე სტიპენდია და ასე მოვხვდი "პატარა სამოთხეში", როგორც ოქსფორდს დავარქვი. საბუთების განხილვის და გასაუბრების ეტაპზე მთავარი ყურადღება ექცეოდა აკადემიურ მოსწრებას, წერის უნარ-ჩვევებს, რეკომენდაციებს და მოტივაციას. ამ მხრივ, საქართველოში მიღებულმა განათლებამ და ასევე იმან, რომ ორივე სასწავლებელი წარჩინებით მქონდა დამთავრებული, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩემი განაცხადი წარმატებული აღმოჩნდა. ჩემი კოლეჯი იყო Christ Church, რომელიც ყველაზე პრესტიჟულია, რადგან ის დამთავრებული აქვს სტატისტიკურად ბრიტანეთის ყველაზე მეტ პრემიერ-მინისტრს და ბევრ ცნობილ მეცნიერს. აქვეა გადაღებული ჰარი პოტერი და დაწერილია "ალისა საოცრებათა ქვეყანაში," რის გამოც ბევრისთვის ის, "ჰოგვარტსთან" ასოცირდება. უნივერსიტეტში აკადემიური პროცესი დატვირთული და ამავე დროს ძალიან მრავალფეროვანია. ცხადია შენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ადგილობრივი არქიტექტურა, მე-12 საუკუნის დროინდელი შენობები და ბუნება, მაგრამ ჩემთვის ოქსფორდი მაინც ასოცირდებოდა და დღემდე ასოცირდება ადამიანებთან - გავიცანი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვ. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო კრისტოფერ ლუისი, ოქსფორდელი დეკანი, რომელიც დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და რომელთანაც ყოველთვის საინტერესო საუბრები მქონდა საქართველოზე. თავის ოჯახთან ერთად კრისტოფერი ორჯერ ეწვია საქართველოს და ორჯერვე რუსთავში, ჩემს ოჯახს სტუმრობდა. ასეთი იყო სივრცე, რომელშიც მხოლოდ ერთხელ შეიძლება აღმოჩნდე და განიცადო სხვადასხვა ადამიანური სისუსტე თუ ძლიერება, საბოლოოდ რომ გზრდის და გაახლოებს პასუხისმგებლობასთან, რომელიც მაშინ გიჩნდება, როცა ხდები დიდი"

ჩვენი რუბრიკის გმირმა კვლევითი ორგანიზაცია - "მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში" დააფუძნა და ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ საქართველოს უკავშირდება.

"2020 წელს ჩამოვაყალიბე კვლევითი ორგანიზაცია "მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში", ჩემს ოქსფორდელ მეგობართან, მარიამ ხოხობაიასთან ერთად. დღეს აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური თავისუფლების, დემოკრატიის და ლიბერალიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები არიან და ძალიან გვახარებს მათი ჩართულობა ჩვენს აქტივობებში. ჩემი მომავალი მხოლოდ საქართველოს უკავშირდება, რადგან ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრება. ვგეგმავ ბევრ პროექტს და ჩემი ცოდნის სტუდენტებისთვის გაზიარებას"

კითხვაზე, რა არის მისი მთავარი მიზანი, ასე გვპასუხობს:

"6 წლის ვიყავი, როდესაც ეს ჩავუთქვი ნატვრის ხესთან - საქართველოს გაერთიანება. მას შემდეგ არ გადამიფიქრებია".

გჯეროდეთ გამარჯვების - ესაა მთავარი რჩევა მარი ელიაძისგან მათთვის, ვისთვისაც წარმატების გზა ახლა იწყებს.

"ცხოვრება სპორტული მარათონი არ არის - პირველ რიგში ეს გამოცდილებაა. იცოდეთ, რომ მიზნისკენ სწრაფვა თქვენს ცხოვრებას მხოლოდ მრავალფეროვანს გახდის. ისიც იცოდეთ, რომ პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ თუ ერთხელ რაიმეს აირჩევ, გზიდან არ უნდა გადაუხვიო. და რაც მთავარია, უნდა გჯეროდეს გამარჯვების - ცხოვრებისეულია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები