რუსთაველი გოგო, 22 წლის ანი ლუარსაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" გამარჯვებულია და ჩეხეთში ჩვენს ქვეყანას წარმოადგეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, გაგაცნოთ კიდევ ერთი წარმატებული გოგო რუსთავიდან, თუ რა გზა გაიარა მან წარმატებისკენ.
პირველ რიგში მოგვიყევი შენზე, როგორი იყო შენი ცხოვრება რუსთავში?
- მშობლებმა ბავშვობიდან დამოუკიდებლად გამზარდეს. 17 წლიდან მქონდა შემოსავალი. დიდ დროს ვუთმობდი ჩემ მეგობრებს, რომლებიც მაძლევდნენ მოტივაციას და იმედს. განსაკუთრებული როლი მიუძღვის რუსთავის #7 საჯარო სკოლას, მიყვარს ჩემი კლასი, მასწავლებლები, ყველა, ვისაც ჩემთან შეხება ჰქონდა, ვინც მეხმარებოდა, რომ მაქსიმალური წინსვლა მქონოდა. სასწავლო საგნებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ამ ყველაფერმა დღეს, ვთვლი, რომ ჩემ წარმატებაზე გავლენა იქონია, რისთვისაც საჯაროდ დიდი მადლობა მათ.
სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესია აირჩიე და რომელ ფაკულტეტზე ჩააბარე?
- ჩემთვის პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული ეტაპი იყო. არ ვიყავი გარკვეული, თუ რის გაკეთება მინდოდა მომავალში. ვფიქრობ, რომ დღეს თუ აბიტურიენტმა არ იცის სად ჩააბაროს, სულაც არ არის ეს ტრაგიკული, შეიძლება შენ სიცოცხლის ბოლომდე ეძებდე საკუთარ თავს. ავირჩიე ილიას უნივერსიტეტის მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი, რომელსაც აქვს ბევრი განხრა, რაც მაძლევდა საშუალებას, დავფიქრებულიყავი ჩემ კარიერაზე.
პირველად როდის წახვედი გაცვლითი პროგრამით, რა ეტაპები გაიარე?
- 2017 წელს ჩეხეთის საელჩოს პროგრამით პირველად წავედი სასწავლებლად საზღვარგარეთ. გამოცხადდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სტიპენდიას და სწავლის სრულ დაფინანსებას. კონკურსი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს. პირველი ეს იყო აპლიკაციის შევსება, რომლითაც საელჩოს აწვდი შენს მონაცემებს, მიღწევებსა და სამოტივაციო წერილს, ონლაინ ტესტირება ინგლისურსა და მათემატიკურ უნარ-ჩვევებში, ბოლოს გასაუბრება. გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. რამდენიმე თვის შემდეგ გამოაცხადეს ოთხი გამარჯვებული, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი გოგო მე ვიყავი. საკმაოდ სტრესული პერიოდი იყო ჩემთვის, თან მხოლოდ ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამ პროგრამის შესახებ, ბოლოს ვიზის აღების ეტაპზე ბევრმა გაიგო. ფრენა 2018 წლის 3 სექტემბერს მქონდა და ბოლო წუთამდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ერთადერთი, რასაც ახლა ვნანობ სწორედ ის ფიქრებია, რომელიც მაშინ არ მასვენებდა და ცალ ფეხს საქართველოში მიტოვებდა. მაგრამ შეუფასებელია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოდან ვგრძნობ იქ დატოვებული ნათესავებისა და მეგობრებისგან.
რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული სხვა ქვეყანაში ცხოვრება, სწავლა, ახალი ადამიანების გაცნობა?
- ახალ გარემოსთან შეგუება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, არიან ადამიანები ვისაც არ უჭირს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, უცნობ ხალხთან კომუნიკაციის დამყარება. მე ამ რიცხვის არ მივეკუთვნები. ჩეხებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიანთ ენაზე ესაუბრო, მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ ინგლისური ენა, მაგრამ პასუხს ჩეხურ ენაზე მიბრუნებდნენ, ანდაც გვერდზე ჩავლით ყურადღებას არ მაქცევდნენ. საკმაოდ ცივი ხალხია, არ უყვართ უცხოელები და ამას ხშირად ვგრძნობდი. საქართველოში უამრავი მეგობარი მყავს მითუმეტეს რუსთავში, ქუჩაში რომ მიდიხარ და ყველა მხრიდან გესალმებიან, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ეს ყველაფერი მაკლდა. ემიგრანტებს ბრძოლა უწევთ ყოველ ღამე საკუთარ თავთან, რომ მონატრებამ არ შეშალოთ, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს ეგუები, მხოლოდ იმიტომ რომ შენი ცხოვრება უკეთესი გინდა იყოს.
გვესაუბრე პროექტზე "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი", რა იყო საჭირო ამ პროექტში გამარჯვებისთვის და რამდენ კანდიდატს შორის მოხდა შენი არჩევა?
- ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” ეს არის საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტი, რომლის ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო სამოქმედო გეგმის შედგენა, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა სამოტივაციო წერილს და შემდეგში უკვე გასაუბრებას. საბოლოოდ ,,ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია არჩევს. კანდიდატების არჩევა მოხდა 30 ქვეყანაში და 60 განაცხადიდან გამოვლინდა 18 გამარჯვებული, მე გავხდი ჩეხეთის რესპუბლიკის ,,ახალგაზრდა ელჩი”.
რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი სხვა ქვეყანაში და რის გაკეთებას აპირებ?
- სირთულეებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ისევ და ისევ პანდემიის პერიოდია და ის მოკლე დრო, რაც მიწევს პროექტების განხორციელება. სხვადასხვა აქტივობა ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად არის საუკეთესო საშუალება, რომ ადამიანებს წარმოდგენა ჰქონდეთ საქართველოზე, იცოდნენ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, მისი მდიდარი ბუნებრივი რესურსები და შესაძლებლობები, გაეცნონ ქართულ კულტურას, რომელიც ოდითგანვე ხიბლავდა უცხოელ ტურისტებს. ქართული ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო, ქართული ტრადიციები. მოვაწყობ ქართულ კულტურულ დღეებს რომელსაც ჩემი უნივერსიტეტიდან დავიწყებ. ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია.
რამდენი ხნით აპირებ საზღვარგარეთ ყოფნას და აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
- საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ. მინდა, მიღებული ცოდნის ჩემ ქვეყანაში გამოყენება. მანამდე კი ვალდებული ვარ ჩემი ოჯახის წინაშე, მშობლებს დავუფასო ყველა ის შრომა, რაც ჩემ განათლებაში ჩადეს .