14 წლის რუსთაველმა კალათბურთელმა მიწვევა იტალიური კლუბისგან მიიღო

2025-05-11 16:07:44

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი ამიკო კვიჟინაძეა, რომელიც სექტემბრიდან საკალათბურთო კარიერას იტალიაში გააგრძელებს. 

ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და დიდი მიზნებისკენ სწრაფვას მცირე ასაკიდან, სწრაფი ტემპებითა და ხელშესახები წარმატებებით იწყებს.

ასე რომ, დიდი ტალანტის მქონე პატარა ბიჭი რუსთაველია და მას აუცილებლად უნდა იცნობდეთ.

საკუთარ ისტორიაზე კი ამიკო "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უყვება.

"6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა "რუსთავის საკალათბურთო აკადემიაში" მიმიყვანეს, ზურა მაჭავარიანთან და გიგი უჩავასთან. ხუთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა იზრუნეს იმაზე, რომ კალათბურთი თავდავიწყებით შემყვარებოდა.

თერთმეტი წლიდან დღემდე "რუსთავი 1991"-ის გუნდის ღირსებას ვიცავ, დავით არწივიძის, გაგა არაბულისა და თორნიკე ხატიაშვილის ხელმძღვანელობით. ამ წლების განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზე, რამაც ასევე დიდი გამოცდილება მომცა.

წელს მივიღე მიწვევა იტალიურ კლუბ "ASD Pallacanestro Piombino"-დან, სადაც საცდელ ვარჯიშებზე ერთი კვირით ჩავედი. კლუბის მხრიდან მოწონება დავიმსახურე და საქართველოში დაბრუნებამდე მივიღე ოთხ წლიანი კონტრაქტის შემოთავაზება, სრული დაფინანსებით.

კლუბში თავიფანვე ძალიან თბილი და მეგობრული ატმოსფერო დამხვდა, აქედან გამომდინარე ჩემს აგენტთან ლევან ბაბილოძესთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი. სკოლაში უკვე ჩავირიცხე და სექტემბრიდან იტალიაში, კლუბის ბაზაზე გავაგრძელებ ცხოვრებას.

ჯერ 14 წლის ვარ და ეს კონტრაქტი კარგი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო განვავითარო ჩემი საკალათბურთო უნარები. ჩემი მიზანია ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა და ვიმუშავებ იმისთვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღე უფროდაუფრო უკეთესი გავხდე".