ფერმწერი და კალიგრაფი რუსთავიდან - მარიამ ტეფნაძე

2024-07-14 20:18:57

ჩემი რუბრიკის დღევანდელი გმირი უზადო შემსრულებელი - მარიამ ტეფნაძეა.

კალიგრაფი და უბრალოდ უნიჭიერესი ხელოვანი, რომლის თითოეული ნამუშევარიც რაღაც ახალ ამბავს გვიყვება,ოღონდ ძალიან ლამაზად და განსხვავებულად.

გამოხატვის ასეთი ნიჭი ყველას არ აქვს და სიმართლე გითხრათ, როდესაც მისი ნამუშევრები ვნახე, ცოტა შემრცხვა კიდეც, ამ გოგონაზე ჩვენი პლატფორმიდან პირველად რომ გიყვებით. 

დიახ, ეს მარიამ ტეფნაძეა - 23 წლის კალიგრაფი,მხატვარი. იგი გახლავთ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენის მონაწილე და კონკურსის გამარჯვებული. სხვებისგან გამოარჩევს მისი კალიგრაფიის სტილი,რომელიც თითქოს გასული საუკუნეებისა და დღევანდელის სინთეზია. ფერწერისა და კალიგრაფიის საოცარი თანხვედრა აქვს.

აღსანიშნავია,რომ კალიგრაფიით 15 წლის ასაკში დაინტერესდა და დღეს მის ცხოვრებას სრულიად მოიცავს.

ქართული კალიგრაფის პოპულარიზაცია უკვე წლებია მისი საქმეა. საქმე რომელსაც, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ შესანიშნავად ასრულებს.

"ვფიქრობ ქართულ დამწერლობას ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს მისი მოხაზულობიდან გამომდინარე. კალიგრაფია არის შესაძლებლობა".

აღსანიშნავია, რომ ქართული კალიგრაფიით 2016 წლიდან დაინტერესდა

მარიამი თვითნასწავლია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ტექნიკის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე ყოველდღიურად მუშაობს.

როგორც უკვე აღვნიშნე უყვარს სიძველეები - ეს კი მის შემოქმედებას ყველა დეტალში, ყველა მონახაზში შეიმჩნევა.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდა უკვე შესაძლებელია თქვენი მასწავლებელიც გახდეს.

"დავაარსე სტუდია, სადაც რამდენიმე მიმართულებით ვასწავლი.

ახლახანს კი წამოვიწყე სტარტაპი, რითაც მინდა საზოგადოებას შევაყვარო ჩემი თვალით დანახული ქართული კალიგრაფია და სიტყვები, რომლებიც დატანილია სხვადასხვა ნივთებზე. მათი შეძენა სულ მალე იქნება შესაძლებელი." 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები