ჯული ბადაგაძე რუსთავიდან, რომელიც 35 წელია მოცეკვავეებს ზრდის

2024-06-02 17:15:02

სხეულში ვერდატეული სული, დამწყვდეული სურვილების გათავისუფლება, ჩვენი გრძნობებისა და განცდების მოძრაობით გადმოცემა...

ცეკვით ხომ ამბებს ვყვებით, ეს ხომ ჩვენი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.

ასე ხდება შენი ცეკვა - შენი ბიოგრაფია. 

ჩვენი რუბრიკის დღევანდელმა გმირიმა კი ნამდვილად დაუსვა თავის ცხოვრებასა და ცეკვას შორის ტოლობის ნიშანი.

მთელი ცხოვრებაა - ასე პასუხობს ჯული ბადაგაძე კითხვაზე, რამდენი წალია ცეკვავ?

ის უკვე 35 წელია ქორეოგრაფია. საკუთარი თავი პრაქტიკულად არ ახსოვს ამ საქმის გარეშე და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, გამორჩეულ რუსთაველ მოცეკვავესთან ერთად, გახლავთ პატარების საყვარელი მასწავლებელი.


რა შეიძლება გააკეთო იმაზე უკეთესი, ვიდრე მომავალი თაობებისთვის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლის, ქართული ხალხური ცეკვის შემონახვაა?

ჯული ამჟამად ანსამბლ "ხალიბის" ქორეოგრაფია, დანაჩენს კი თავად მოგვიყვება.

"ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მშობლებმა ქართული ცეკვის სტუდიაში მიმიყვანეს. 

ასაკის გამო, გამოსაცდელი ვადით დამტოვა ჩემმა პირველმა ქორეოგრაფმა, რეზო ("რენცო") ბახტაძემ. გამოსაცდელი ვადა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა, ისე მოხდა, რომ მასწავლებელმა აღარ გამიშვა და მასთან დამტოვა. 

ჯერ ანსამბლ "სიხარულში" ვცეკვავდი, შემდეგ სახალხო ანსამბლ "ხალიბში" გადავედი. რამდენიმე წელიწადში კი ცეკვა თბილისში გავაგრძელე - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.


24 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ბავშვებთან შევედი რეპეტიციის ჩასატარებლად. შეუძლებელია, ეს განცდა ოდესმე დამავიწყდეს. ვყლაპავდი ცრემლებს და ვცდილობდი დამემშვიდებინა გული, რომელიც გამალებით მიცემდა.

ეს ბევრი ემოცია იყო ერთად, ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ როდესაც შენი საქმე ძალიან გიყვარს, გარდაუვალია, ყველაფერი გამოგივა. 


ამ პროფესიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა გოდერძი მანჯაფარაშვილმა, სწორედ მან დამიყენა გვერდით და მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენს პატარებთან მუშაობა. 

ამ საქმის კეთებას უდიდესი ძალისხმევა, დისციპლინა და ნებისყოფა სჭირდება.

რეპეტიციის დროს ჩემთვის არ არსებობს არავინ და არაფერი ბავშვების გარდა, მათ გარდა ვერავის ვხედავ. მთელი ჩემი არსებით ვარ ჩართული მოძრაობებისა და მიმიკების სწავლება-გასწორებაში, მათთვის ჩემი გამოცდილების გაზიარებასა და ცეკვის სიყვარულის გაღვივებაში. ჩემი თითოეული რეპეტიცია მოწყვეტაა გარე სამყაროსგან, მხოლოდ ვხედავ ჩემს პატარებს და მუსიკა მესმის

მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვენი. 6 წლიდან ვცეკვავ თავად და უკვე 35 წელია ცეკვას ვასწავლი. ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მექნება ამისი შესაძლებლობა და უნარი".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები