როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?

2024-04-26 20:45:17

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

დღევანდელი რუბირკის თემა განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფაა. ამჯერად ინფორმაციას მაღალკვალიფიციური ადვოკატი, ნათია ხვედელიძე მოგვაწვდის.

"განქორწინება, როგორც წესი, იუსტიციის სახლში ხდება, თუ მხარეებს დავა არ აქვთ ქონებასთან დაკავშირებით ან თუ ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგი არ არის.

ხშირად, როდესაც განქორწინებაზე მოგვმართავენ, ხდება ისე, რომ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის და ასეთ შემთხვევაში, გვიწევს, რომ სასამართლო წესით მოვითხოვოთ განქორწინება. თუ ჩვენ ვითხოვთ გაყრას და მეორე მხარე ამბობს, რომ წინააღმდეგია, ტარდება პროცესი და ფაქტი მაინც დგება იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება.

რაც შეეხება ქონების გაყოფას, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტუალურ საკითხს. გამორიცხული საერთოდ არ არის და პირიქით, ხშირად ხდება, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორი ადამიანიდან მთელი ქონება ერთ-ერთის საკუთრებაშია დარეგისტრირებული. სწორედ ასეთ დროს, მეორე მეუღლე მიდის სასამართლოში და ითხოვს იმ 50%-ს, რომელიც მას კანონით ნამდვილად ეკუთვნის.

კანონი გვეუბნება, რომ თანაცხოვრება, სამართლებრივად ხელმოწერას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მხოლოდდამხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად წარმოშობილი ქონებები იყოფა 50/50-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებს ხელი არ აქვთ მოწერილი, ისინი ქონებასაც ვერ გაიყოფენ.

ქორწინების რეგისტრაციის დღიდან განქორწინებამდე ნებისმიერი ქონება იყოფა, გარდა სპეციალური შემთხვევებისა. თუ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას, მე, ინდივიდუალურ პირს, მაჩუქეს ან სამკვიდროთი დამრჩა ქონება, ის არ იყოფა. ასევე არ იყოფა ქონებები, რომელიც ქორწინების დარეგისტრირებამდე მქონდა. გამონაკლისი ვრცელდება სპეციალურ, სამსახურეობრივ ნივთებზეც, ჩემი ინდივიდუალური მოხმარების ქონებაზე. პირობითად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვმუშაობ და შევიძინეთ რაღაც განსაკუთრებული წიგნი ორივემ ერთად, მაგრამ ეს მას არ სჭირდება, ჩემია, ინდივიდუალურია, ჩემი პირადი მოხმარების საგანია.

ქორწინებამდე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს გაუმჯობესება. თუ თანაცხოვრებაში გავაუმჯობესეთ ქონება, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული. მაგალითისთვის, დავასრულეთ მშენებლობა, ისეთი რემონტი გავაკეთეთ, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თანასაკუთრება დგება, უბრალოდ ეს არის ძალიან სადავო და საკამათო საკითხი, რადგან კანონი გვეუბნება, რომ ეს მტკიცების საგანია, უნდა დაადასტურო, რომ ქონების გაუმჯობესება მოხდა და ამაში სახსრებია ჩადებული.

ქონება თუ არ არის შეძენილი საერთო სახსრებით, ერთ-ერთმა მხარემ იყიდა, მეორე კი პირობითად  ბავშვებს ზრდიდა, ასეთ დროს, სამწუხაროდ, ქალები ხშირად შედიან შეცდომაში. მათ ჰგონიათ, რომ ქმარი მუშაობდა, მისი სახსრებითაა შეძენილი ყველაფერი და თავად არაფერი არ ეკუთვნით. ეს ასე არ ხდება. როდესაც ხართ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ბავშვებს უვლით და არ გაქვთ სამსახური, შეძენილი ქონების 50% ყოველ მიზეზ გარეშე თქვენია.

აქვე უნდა ვისაუბროთ საზიარო უფლების გაუქმებაზე, რომელიც ცალკე დავაა, მაგრამ ამ საკითხთან გახლავთ ძალიან დიდ ბმაში. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქონების ნახევარი შენ დაგირეგისტრირა და ნახევარი შენს მეუღლეს, გადაწყვეტილებით კი, რომელიმე მაინც უკმაყოფილო ხართ, იწყებ დავას თანასაკუთრების გაუქმებაზე. ამ დროს ერთადერთი დოკუმენტაცია, რომელიც ხდება საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გარეშეც სასამართლო წამოებაშიც კი არ მიიღებს საქმეს, არის ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტი წერს, რამდენად იმიჯნება ეს ქონება ღირებულების შემცირების გარეშე. ღირებულების შემცირება ნიშნავს იმას, რომ ერთ მხარეს სახლს შეიძლება ჰქონდეს ზღვის ხედი და მეორე მხარეს ნაგავსაყრელის, რომელსაც მე უფრო ნაკლებ ფასად გავყიდი, ხომ? ანუ მისი ღირებულება შემიმცირდება, თუმცა, თუ საქმე გვაქვს კერძო სახლთან, ის შეიძლება გაიმიჯნოს ღირებულების შემცირების გარეშეც. კორპუსის ბინაზე როდესაც გვაქვს საუბარი, მანდ დასკვნაც კი არ არის საჭირო. შეუძლებელია, ბინა ორ ნაწილად ისე გაიყოს ტიხრებით, რომ მას დამოუკიდებელი შესასვლელები გაუკეთდეს. .

თუ ექსპერტი დამიწერს, რომ გამიჯვნა შეუძლებელია, ხდება ქონების რეალიზაცია, აუქციონის წესით იყიდება და იყოფა ორ ნაწილად.

მინდა მოქალაქეებმა ყურადღება გაამახვილონ ვადებზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება იუსტიციაში გაკეთდეს განქორწინება ისე, რომ ქონებები არ გაიყოს და მეორე მხარემ გაუშვას ქონების დავაზე ვადა. დავისთვისთქვენ გაქვთ დრო განქორწინებიდან 3 წელი, იმის იქით უკვე ევღარ იდავებ.

ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ როდესაც ქონების გაყოფას ითხოვთ, აუცილებლად 24 საათში უნდა მოითხოვოთ უზრუნველყოფის ღონიძიებაც, რითაც შეეზღუდება მესაკუთრეს მისი გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. თუ ეს ქონებები არ დაყადაღდა, ნებისმიერ დროს შეუძლია გადაყიდოს, გადაყიდოს და გადაყიდოს, რის შემდეგაც თქვენ ვერც ამ საკუთრებას და ვერც თანხას ვეღარ დაიბრუნებთ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები