ვის რჩება ქონება?

2024-04-19 20:35:23

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

დღევანდელი რუბირკის თემა სამემკვიდრეო ქონებაა. ინფორმაციას მაღალკვალიფიციური ადვოკატი, ნათია თავდუმაძე მოგვაწვდის.

"მემკვიდრეობის მიღების ორი ფორმა არსებობს.

ერთი არის კანონისმიერი მემკვიდრეობა, როდესაც კანონი ზუსტად გაწერს იმ პირების სიას, ვინც შეიძლება იყოს მემკვიდრე.

მემკვიდრეებში გვაქვს 5 რიგი, პირველ რიგში შედიან შვილები, მეუღლე და მშობლები. ასევე, შეიძლება იყოს შვილიშვილიც, იმ შემთხვევაში, თუ შვილი გარდაცვლილია. მეორე რიგში შედიან გარდაცვლილის და-ძმა, დიშვილები და ძმიშვილები იმ შემთხვევაში, თუ და-ძმა აღარ არის ცოცხალი. მესამე რიგში არიან ბებია-პაპა და მათი დედ-მამა. მეოთხე რიგში შედიან ბიძები, დეიდები და მამიდები. მეხუთე რიგში კი უკვე მოიაზრებიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები.

თუ 5 რიგიდან არცერთი პირი არ არის ცოცხალი, ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფო ხდება ამ ქონების მემკვიდრე, სახელმწიფოს სახელზე აისახება.

მეორე გზა, რომ გახდეთ მემკვიდრე, ეს არის ანდერძით მემკვიდრეობის გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ მამკვიდრებელს, თავად შეუძლია გადაწყვიტოს თავის ქონებას ვის უტოვებს. მაგალითად, მას შეუძლია, რომ კანონისმიერი მემკვიდრეების გარდა, საერთოდ გარეშე პირს დაუტოვოს ქონება, თუნდაც შორეულ ნათესავს, მეზობელს, მეგობარს და ასე შემდეგ.

ანდერძი აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი ფორმით, თავად მამკვიდრებლის ხელით დაწერილი. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ, უკეთესია, თუ ანდერძის რეგისტრაცია ხდება ნოტარიუსთან. ასევე აუცილებელია, რომ ანდერძს ხელი მოაწეროს ორმა მოწმემ, რომელთათვისაც ტექსტი არ უნდა იყოს ცნობილი, არ უნდა იცოდნენ, ვის რა ქონებას რჩება. მოწმეები ხელმოწერით აფიქსირებენ, რომ ანდერძის ტექსტი შედგენილია თავად მამკვიდრებლის მიერ და მის ნებას გამოხატავს.

შესაძლოა, დოკუმენტი სანოტარო წესით არ იყოს დაცული, კანონი ცნობს შინაურულ ანდერძსაც. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ანდერძი დაწერილი იყოს ხელით, თავად მამკვიდრებლის მიერ, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ საკითხი სადაო გახდება, ფაქტის დადასტურება შესაძლებელი იყოს. ასევე მთავარი პირობა არის ისიც, რომ მას უნდა ერთვოდეს თავად მამკვიდრებლის ხელმოწერაც. ანდერძში მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული ნება, კონკრეტულად ვის უტოვებს ქონებას, რა ქონებას უტოვებს მამკვიდრებელი და შინაარსი უნდა იკითხებოდეს ანდერძის.

აღსანიშნავია, რომ ანდერძის გასაჩივრება არ ხდება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელი ქონებას არ უტოვებს კანონიერ მესაკუთრეებს, პირველი რიგის მემკვიდრეები მაინც იღებენ სავალდებულო წილს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კანონისმიერი მემკვიდრეების შემთხვევაში, მათაც უნდა გადადგან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალონ. ამისთვისაც 2 გზა არსებობს, ერთი, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუმეტეს 6 თვეში მიმართონ ნოტარიუსს, და დააფიქსირონ განცხადება, რომ სურთ მამკვიდრებლის ქონების მიღება და მეორე, რომ ფაქტობრივად დაეუფლოს პირი ქონებას, უნდა დაიწყოს ამ ქონების მოვლა-პატრონობა და გამოყენება, ესეც აუცილებლად 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს.

ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეები ერთმანეთთან დაობენ. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ჩვენი მკითხველისთვის, მაგალითად, მამკვიდრებელს ჰყავდა სამი შვილი, 2 ვაჟი, 1გოგონა და აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000 კვადრატულ მეტრ ფართობს შეადგენს. ამ შემთხვევაში, თუ სამივე მამკვიდრებელი გამოხატავს ნებას, რომ მიიღოს მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, კანონი სამივეს აძლევს უფლებას, მიიღონ ქონება, რომელიც ამ შემთხვევაში გაიყოფა სამ ტოლ ნაწილად. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბიჭი იქნება შვილი თუ გოგო, ყველა შვილს აქვს თანაბარი უფლება. არსებობს გარკვეული ადათ-წესები ასაკთან დაკავშირებითაც, რასაც ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

თუ მსგავსი შემთხვევაა, მაგრამ მემკვიდრეებს არ სურთ, ქონებას ერთად ფლობდნენ, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ამ ქონების სამ ტოლ ნაწილად გამიჯვნა, თუ რა თქმა უნდა, გამიჯვნა შესაძლებელია.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ხდება ისეც, რომ ქონების 3 ან 2 ტოლ ნაწილად გამიჯვნა შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ გვქონია საქმეები, როდესაც კორპუსში არსებულ ბინებზე დაობენ მხარეები. როდესაც იყოფა ქონება, გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შესასვლელი, რომ იძლეოდეს დამოუკიდებლად გამოყენების საშუალებას.

ასეთ შემთხვევაში, თუკი ქონების ასეთი ფორმით გამიჯვნა შეუძლებელია, მხარეებს შეულიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ამ ქონების რეალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ აუქციონის მეშვეობით გაიყიდება და ამოღებული თანხა მამკვიდრებლებს შორის განაწილდება.

ხშირად გვისვამენ ასევე კითხვას, სიცოცხლეში თუ არის შესალებელი მემკვიდრეობაზე დავა. სამემკვიდრეო ქონებას თქვენ იღებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამკვიდრებელი გარდაიცვლება. კანონის მიხედვით, მამკვიდრების სიცოცხლეში სამკვიდრო ქონებაზე დავა შეუძლებელია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები