15 წლის გიორგი პეტრიაშვილი სწავლას ამერიკაში აგრძელებს

2024-03-03 19:41:31

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი 15 წლის გიორგი პეტრიაშვილია, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.

გიორგი FLEX-ის ფინალისტი გახდა და თავად მოგვიყვება მიღწეულ წარმატებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ეს FLEX-ში მისი მეორე მცდელობა იყო. პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გიორგი არ დანებდა, მიზნისკენ სწრაფვას კიდევ უფტო მეტი მოტივაციით შეუდგა და ამერიკაში სწავლის საგზურიც მოიპოვა.

"წელს პირველად გავიგე FLEX-ის პროგრამის შესახებ ჩემი უფროსი დისგან. მე-9 კლასში, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ვერ შევძელი გადასვლა, თუმცა სწორედ იმ დროიდან დავიწყე შემდეგი წლისთვის მზადება. მოვიძიე დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ვნახე ბევრი მოზარდის ვლოგი. Პროგრამის გამოცხადებისთანავე შევავსე და გავაგზავნე აპლიკაცია.


გაგიკვირდებათ და ამას ჩემი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად ვაკეთებდი. საქმის კურსში მხოლოდ ჩემი და იყო, რომელიც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდა. გაგზავნის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ვამცნე მშობლებსა და ახლობლებს ჩემი ნახევარფინალში მოხვედრა, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა.

ნახევარფინალი კიდევ უფრო მეტი გამოწვევებით იყო სავსე. გვქონდა ჯგუფური სამუშაოები, ვწერეთ ესეები, ტესტები და ბოლოს გავიარე საინტერესო გასაუბრება. გარდა ამისა, დამჭირდა ძალიან ბევრი დოკუმენტის შევსება, სადაც მომიწია მშობლების ჩართვა. Მახსოვს, ეს ყველაფერი ორი კვირა გრძელდებოდა. დაუღალავად ვშრომობდი, თან ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ნახევარფინალში მოხვედრის შემდეგ უკან დახევა არ ღირდა. როდესაც ყველაფერი გავაგზავნე, გავაანალიზე თუ რამდენად შევიცვალე ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ გაიზარდა ჩემი ნებისყოფა და შრომისუნარიანობა იმისთის, რისთვისაც ვიბრძოდი.


პასუხებს აპრილში ველოდი, თუმცა 22 თებერვალს შემატყობინეს და მომილოცეს ფინალისტობა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ვემზადები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვიცი და ვიაზრებ როგორი წელი მელოდება ამერიკაში, მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას კარგად გავუმკლავდები. 

თანატოლებს ვურჩევ, იბრძოლონ მათი მიზნებისთვის და იშრომონ, რადგან შრომა ავითარებს ადამიანს, ეხმარება წინაღობების დაძლევაში და ხელს უწყობს მწვერვალისკენ სვლაში". 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები