ანა შუბითიძე - "საუკეთესო დელეგატი"

2024-01-21 16:46:43

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი უნიჭიერესი და უპერსპექტიულესი ახალგაზრდა - ანა შუბითიძეა.

ის გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობდა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის სახელით და მოახერხა, საუკეთესო დელეგატის ტიტული მოეპოვებინა.

წინ დიდი მომავალი და უდიდესი წარნატებებია, მანამდე კი ანა ჩვენს მკითხველს უკვე მიღწეულსა და დასახულ გეგმებზე "ინფო რუსთავის" მკითხველს მოუყვება.

"მე ვარ ანა შუბითიძე, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე.


სკოლაში სწავლის განმავლობაში არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს სასწავლო პერიოდს მეტად შემეცნებითს და საინტერესოს ხდის. ყველაფერთან ერთად, გვეხმარება საკუთარი მოწოდების პოვნაში. მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩვენს სკოლას გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის პატივი ერგო, ვიფიქრე, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა სამართლის, დიპლომატიისა და მართვის სფეროები. მუდამ ვეძებდი ამ სფეროში გათვითცნობიერების საშუალებებს, იქნებოდა ეს ლექციები, სასკოლო პრეზენტაციები თუ პროექტები.

გაეროს მოდელირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. როგორც სასკოლო, ასევე ეროვნული ტური საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად გამოწვევებით სავსე იყო. კონფერენციაზე განხილული თემები საკმაოდ აქტუალური გახლდათ. პროექტის უმთავრეს, ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ნაწილს, უცხო ქვეყნის დელეგატის როლის მორგება წარმოადგენს. ჩემს შემთხვევაში, ამ ქვეყნებს ჯერ ინდოეთი , ეროვნულ ეტაპზე კი ისრაელი წარმოადგენდა. საკმაოდ მოკლე დროში უნდა მოგვეხერხებინა საჭირო ინფორმაციის დამუშავება და მისი სტრატეგიულად გამოყენება.


სასკოლო ეტაპზე საუკეთესო დელეგატის წოდების მიღება, პირველი ადგილის დაკავება, განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ასევე განსაკუთრებულად ემოციური იყო იმის გაგება, რომ ეროვნულ კონფერენციაზე, არასრულად აღიარებული სახელმწიფოების მომავლის: პალესტინისა და ტაივანის ქეისების განხილვისას, შანსი მექნებოდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს ინტერესები დამეცვა. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ ქეისში არსებული ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყნის დელეგატის როლი მოვირგე, ეროვნულ ტურში გამარჯვება, საუკეთესო დელეგატის წოდების მიღება, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ემოციური იყო. 

ვფიქრობ, რომ გაეროს მოდელირება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ის ავითარებს კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარებს. დებატები, რომელიც კონფერენციის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, მოითხოვს გამძლეობას, თავდაჯერებას, ემოციურ-ფსიქიკურ გაწონასწორებულობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის ეტაპი. ეს ის ეტაპია, როდესაც მაქსიმალურად უნდა გაითავისო მონიჭებული ქვეყნის პოზიცია, გეგმები, მისი ისტორია და შემდეგ სტრატეგიულად გამოიყენო ეს ცოდნა. აღსანიშნავია ისიც , რომ პროექტის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლეთა სახით უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე.

შესაბამისად, ეს პროექტი არამარტო დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მოსწავლეთათვისაა საინტერესო .

მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რადგანაც ეს გვეხმარება, უკეთ დავინახოთ საკუთარი თავი სხვადასხვა ჭრილში.


ვფიქრობ, 17 წლის ასაკში საკმაოდ რთულია იმის გადაწყვეტა, რა გსურს აკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს პროექტი ამ მხრივ ძალიან დამეხმარა, ვინაიდან მან შემმატა თავდაჯერებულობა და რეალურად დამანახა ჩემი შესაძლებლობები. ახლა, ალბათ, ყველაზე დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ძალიან მიყვარს მართვა, ადამიანებთან ურთიერთობა და მათემატიკა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი ბიზნესის ადმინისტრირების: მენეჯმენტის შესწავლაზე, თუმცა გაეროს მოდელირებაზე მიღებულმა გამოცდილებამ და საკუთარი თავის დიპლომატის როლში აღქმამ, წინა პლანზე წამოსწია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ორივე სფერო ძალიან მომწონს, თანაც პროექტებისა და პრეზენტაციების საშუალებით წილი გამოცდილება ორივე მათგანში მაქვს. წლის ბოლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, ზუსტად ვიცი, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება რეალიზებაში. წინ კიდევ ბევრი სიახლე და წარმატებაა, ეს პროექტი ამ ყოველივეს საწყისი წერტილი იყო.

პირადი გამოცდილებიდან ნებისმიერ ახლაგაზრდას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ სკოლაში სწავლის წლები გამოცდილების დასაგროვებლად. შესაძლოა, ეს პროცესი სტრესული და დამღლელი აღმოჩნდეს, თუმცა ჩადებული შრომა აუცილებელად დაფასდება, რადგანაც მსგავს აქტივობებში ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი განვითარებისთვის".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები