ვინ უნდა გამხდარიყო მომავალში, ეს ბავშვობიდან იცოდა. ამ კუთხით მისი შთაგონების მთავარი წყარო იყო მამამისი.
მცირე ასაკში დასახული მიზნები 10-დან 10-ში გაარტყა და გახდა კიდეც ძალიან წარმატებული ინჟინერი.
მის დოსიეში ვკითხულობთ უკვე განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების სიას, სადაც იდგა საკმაოდ მნიშვნელოვანი სამშენებლო პროცესების სათავეში.
მოკლედ, დანარჩენს გიყვებათ 25 წლის წარმატებული ინჟინერი რუსთავიდან, საბა ლაფანაშვილი.
"ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რა პროფესიას მივუძღვნიდი თავს. მამაჩემით ვიყავი შთაგონებული და პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ინჟინერი გავხდებოდი. ჩემი ოცნება კი რეალობად ვაქციე მას შემდეგ, რაც სწავლა სამშენებლო ფაკულტეტზე დავიწყე.
ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურები დავასრულე სრული დაფინანსებით. სწავლის პარალელურად, მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. 18 წლის რომ გავხდი, მამაჩემთან წავედი, ატენის ხეობაში, სადაც მიმდინარეობდა სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროექტი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა და დამწყები ინჟინრის კვალობაზე, საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე.
20 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე სამშენებლო კომპანიაში, რომელსაც ძალიან მასშტაბური პროექტი ჰქონდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ახალი ფოლადსადნობი უნდა აშენებულიყო, მილსაგლინავი საამქროსთვის. თავდაპირველად, ვიყავი ინჟინრის დამხმარე, შემდეგ კი ძალიან მოკლე დროში, ამ მშენებლობას ჩავუდექი სათავეში. მშენებლობის პროცესში საჭირო იყო ნებისმიერი პოტენციური რისკის ან დაბრკოლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, კონსტრუქტორებთან, არქიტექტორებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით. მიწის სამუშაოების დაწყებისთანავე შევეჩეხეთ ბევრ პრობლემას, საჭირო იყო სწორი გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება.
სამუშაო პროცესში ხშირად მიგვრძვნია აგდებული დამოკიდებულება ჩემზე ასაკით უფროსი დასაქმებულებისგან, რომლებიც მიყურებდნენ როგორც დილეტანტს, ისინი ვერ აღმიქვამდნენ ობიექტის ზედამხედველად და ფიქრობდნენ, რომ არ მქონდა შესაბამისი კომპეტენცია. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიაში მომუშავე პირები და ქვეკონტრაქტორები ცდილობდნენ ჩემს მოტყუებას და მითითებების თვითნებურად შესრულებას. რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ, თანამშრომლებმა ნათლად დაინახეს ჩემი საქმისადმი დამოკიდებულება, შესაძლებლობები, პროფესიონალური მიდგომები და მათი ქცევები რადიკალურად შეიცვალა. ერთი დღე მშენებლობაში ერთი დიდი გაკვეთილია. ყოველთვის ვცდილობ, ყველა დასაქმებულთან გამოვაჩინო ლოიალობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში გადაიკვეთოს ის ზღვარი, რაც ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან არის საჭირო.
გუნდური მუშაობითა და თავდაუზოგავი შრომით შევძელით, რომ პროექტი წარმატებით დაგვესრულებინა. საკმაოდ რთული იყო სამსახურში ამხელა პასუხისმგებლობის ფონზე, ყურადღება არ მომეკლო განათლებისთვის, რაც ჩემთვის მუდმივად არის პრიორიტეტ. ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩემით სხვადასხვა კომპანია დაინტერესდა. მე კი გადავწყვიტე, ორთაჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე მულტიფუნქციური პროექტის მშენებლობას ჩავდგომოდი სათავეში. პროექტის შემადგენლობაში შედის: McDonald’s-ის რესტორანი, Greenway-ის ტექ. ინსპექტირების ცენტრი, Socar-ის ბენზინ გასამართი სადგური და Way mart-ის მარკეტი. ვნების სიმძაფრე შენებაშიაო, თქვა გურამ რჩეულიშვილმა და ასეცაა, მაგრამ ყველაზე ტკბილი მაინც შედეგის დანახვაა. იმ ადგილას, სადაც ადრე ხრიოკი მიწა იყო, ახლა ლამაზ შენობას რომ ვხედავ, სიამაყის შეგრძნება მეუფლება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევუერთი ახალ გამოცდილ გუნდს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ მულტიფუნქციურ პროექტზე - "არენა ჰაუსარტი".
პროექტი მოიცავს: A კლასის ბიზნეს ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ჰიპერმარკეტს, სხვადასხვა სავაჭრო და სარესტორნე სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, გამწვანებულ ტერასას, სადაც განთავსებულია მოსასვენებელი, საბავშვო და სპორტული სივრცეები.
სამუშაო პროცესში ბევრ ახალგაზრდა, წარმატებულ ინჟინერს ვეცნობი, ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ვიპოვე ამ სფეროში და თავს უფლებას მივცემ, ახალგაზრდებს ვურჩიო, დაისახონ მიზანები და არ გადაუხვიონ იმ რთულ გზას, რომელიც ამ მიზნების მისაღწევად აუცილებლად გასავლელია. არ აქვს მნიშვნელობა მშენებლობა იქნება ეს, არქიტექტურა თუ სხვა ნებისიმიერი მიმართულება, მთავარია საკუთარი თავი იპოვო იქ, სადაც ფიქრობ, რომ კომფურტულად იქნები. შრომა კი ყოველთვის ფასდება.
საბოლოოდ მინდა მამაჩემს გადავუხადო უღრმესი მადლობა იმის გამო, რომ ჩემში ჩადო ამხელა ძალისხმევა და შემაყვარა ეს საქმე. ის რომ არა, ამ ასაკში ამდენს ვერ მივაღწევდი".