რუსთაველი გოგონა, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს

2023-11-20 16:43:51

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 21 წლის მარიამ ტოგონიძეა, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს.

განვლილ გზაზე, ინტერესებზე და სამომავლო გეგმებზე ახალგაზრდა, წარმატებული გოგონა "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უყვება.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წარმართავს საკუთარი მომავლის გზის საწყისებს, არჩიოს პროფესია და ნელ-ნელა დაადგეს დამოუკიდებლობის გზას. გზას, რომელიც იქნება ინდივიდის სწორი, თავისუფალი განვითარების საწინდარი. რომელიც ცხოვრებაში მას დაუსახავს მიზანს და მისცემს შრომის ძალას.


ჩემთვის სწორედ ასეთი პროფესია აღმოჩნდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და იაპონური ენის შესწავლა. ალბათ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაპონელებს პირველად რუსთავის თეატრში შევხვდი, 2019 წლის ზაფხულში. მაშინ იაპონურად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი, მაგრამ ერთ-ერთმა იაპონური ფესტივალის მონაწილე ქალმა, იაპონური კალიგრაფიის(書道)ბარათები მაჩუქა. თითოეულ ბარათზე გამოსახული იყო სხვადასხვა იეროგლიფი და ამ იეროგლიფის ახსნა იაპონურ ფილოსოფიაში.

შემდეგ უკვე არის თავისუფალი უნივერსიტეტი და იაპონური მიმართულება. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, სულ ვცდილობდი იაპონურის მიმართულებით რაღაც გამეკეთებინა. მათ შორის გავიარე ტოკიოს უნივერსიტეტის ონლაინ კურსები იაპონურ ლიტერატურასა და ძველ იაპონურ მხატვრულ ხელოვნებაზე. გასულ ზაფხულს მონაწილეობა მივიღე იაპონური სიტყვით გამოსვლის კონკურსში, მოლდოვაში. აღნიშნული კონკურსი ტარდებოდა გუამის ქვეყნებს შორის, რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩემი თემა აღნიშნულ კონკურსზეც, სწორედ იაპონური კალიგრაფიის ბარათებს შეეხებოდა, რომელიც გახდა პირველი ნაბიჯი იაპონური ენის სწავლისაკენ და რომელმაც მომაპოვებინა პირველი ადგილი, სიმართლე გითხრათ, სრულიად მოულოდნელად.


თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის იაპონიაში დიდი ხანია არსებობს უნივერსიტეტთა შორის მეგობრობის მემორანდუმი, რომლითაც იაპონურის მიმართულების სტუდენტებს, საშუალება ეძლევათ, სწავლა გააგრძელონ იაპონიაში, საერთაშორისო და სოციალური სწავლებების ფაკულტეტზე და ამასთან ისწავლონ გაძლიერებული იაპონური ენა. წელს, სექტემბერში მეც მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ამ პროგრამაში. ცუკუბას უნივერსიტეტი შედის იაპონიაში არსებული უნივერსიტეტების ტოპ ათეულში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ უნივერსიტეტად, სადაც მთელი მსოფლიოდან იყრიან სტუდენტები თავს.

უკვე ორი თვეა რაც აქ ვარ და სიმართლე გითხრათ ძალიან შემიყვარდა აქაურობა, ყველაფერი იაპონური ანიმაციებივით ლამაზია, შემოდგომა, ჩამოცვენილი წითელი ნეკერჩხლების ფოთლები თუ ყოველ დილით უნივერსიტეტში ველოსიპედებით მიმავალი სტუდენტები. ძველი ბუდისტური და შინტოისტური ტაძრები, რომლის შესახებაც სულ ვსწავლობდით უნივერსიტეტში ამ წლების განმავლობაში, ახლა ჩემს ფოტოებზეა ასახული. თავი მართლა სიზმარში მგონია და ისევ ის ლამაზი კალიგრაფიის ბარათები მახსენდება, მახსენდება ასევე ის გზა, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარე, მზის ქვეყანაში ჩამოსვლამდე.


ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ მოულოდნელად ველოდები საქართველოში დაბრუნებას და მიღებული გამოცდილების ჩემი მეგობრებისთვის გაზიარებას, მათთვის ვინც ახლა თავისუფალ უნივერსიტეტში ისევ აგრძელებს იაპონური ენის სწავლას. რაც შემეხება მე, ყოველთვის შევეცდები ყველა ის შესაძლებლობა გამოვიყენო, რომელიც გამზრდის როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად და გავაგრძელო ჩემი დაწყებული გზა, რომელიც დარწმნუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო გამოცდილებას მიმზადებს ცხოვრებაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები