დღევანდელი ჩვენი რუბრიკის გმირი 24 წლის რუსთაველი ბიჭია, რომელიც უკვე 4 წელია საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა.
დაბრუნება კონკრეტული მიზნის გარეშე არ ყოფილა, მან ბებიის რეცეპტების დახმარებით მან გურიაში საკუთარი ბიზნესი შექმნა.
საკუთარი ცხოვრების ძალიან საინტერესო ისტორიას ამჯერად ჩვენს მკითხველს გიორგი ჩხაიძე უყვება.
"დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, თუმცა წარმოშობით გურიიდან ვარ.
ყოველთვის მქონდა სურვილი, განათლებას რომ მივიღებდი, გურიაში დავბრუნებულიყავი და სოფელში წარმემართა ჩემი საქმიანობა.
დავამთავრე N26 საჯარო სკოლა და ჩავირიცხე ჩემთვის სასურველ ფაკულტეტზე, აგრარულზე ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლისას პირველი სტიპენდია რომ ავიღე ვდლოსიპედი ვიყიდე, მეორეზე ლეპტოპი, აი მესამეზე კი გადავწყვიტე, რამე ჩემი საქმიანობა წამომეწყო. სიმართლე გითხრათ, იდეაზე ბევრი არ მიფიქრია. ბებოს აჯიკები და ტყემლები რომ მიმთავრდებოდა ხოლმე, ქსელურ მარკეტებში მსგავსი ხარისხი, ოჯახური და გურული გემოები არ მხვდებოდა და აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე, მე თვითონ შემექმნა ეს პროდუქცია.
პირველი პროდუქტი ჩხაიძის აჯიკის სახელით გამოვუშვი. ჯერ ბებოსთან ჩავედი სოფელში, ყველაფერი მასწავლა, ჩავიწერე რეცეპტეპი და რუსთავში, რამდენიმე პატარა მაღაზიაში დავიწყე ჩემი პროდუქციის შეტანა. შემდეგ უკეთ შევისწავლე ბაზარი, ვნახე, რომ არსებობდა გამოფენები, არაერთი ფესტივალი, სხვადასხვა პროექტი და აქტიურად ჩავები ამ ყველაფერში.
მცირე დროის შემდეგ, 2020 წელს დაავარსე ბადიში. ბადიში გურიაში შვილიშვილს ნიშნავს და რადგანაც ეს ყველაფერი ბებომ მასწავლა და სწორედ მისი რეცეპტების მატარებელი ვარ, კომპანიასაც ბადიში დავარქვი.
ამავე წელს დავბრუნდი სოფელში, გავზარდე ასორტიმენტი და ნედლეულის მოყვანაც ჩემით დავიწყე. რაც მთავარია, ჩემი პროფესია, მიღებული ცოდნა და გამოცდილებაც ხელს მიწყობდა, ახლა კი ბადიში არის საოჯახო კომპანია, რომელიც ფრეშ გურულ სუნელს, საწებლებს და სოუსებს აწარმოებს, ტრადიციულ და ინოვაციურ, კომპაქტურ ერთჯერად შეფუთვებში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ოჯახთან ერთად ვაკეთებ. ყველაფერში გვერდით მიდგას მამაჩემი და ჩემს მცირე საწარმოში დასაქმებული მყავს 3 ბებია, ალბათ ამიტომცაა, რომ ჩვენს ნაწარმს სულ სხვანაირი გემო აქვს".