მეზღვაური გოგონა რუსთავიდან

2023-10-08 18:39:35

დღეს გაგაცნობთ ლიკა გრიგალაშვილს, მეზღვაურ გოგონას რუსთავიდან.

ის კრუიზის დირექტორის გუნდის წევრია, თუმცა ამ ეტაპამდე მისასვლელად, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა განვლო.

ლიკა საკუთარ ისტორიაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს. 

"ბავშვობიდან ძალიან აქტიური და ცელქი ვიყავი. ჩემი ნომერ პირველი ოცნება იყო მსახიობობა, თუმცა ოჯახის წევრების რჩევებით გადავიფიქრე და ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე, შემდეგ ტურიზმით დავინტერესდი. ჩავაბარე თუ არა, უნივერსიტეტში, მუშაობა დავიწყე ბავშვთა გასართობ ცენტრებში. ძალიან გამიჭირდა სამსახურისა და უნივერსიტეტის ერთმანეთთან შეთავსება. ყოველთვის მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა და საკუთარი ბიზნესი მქონოდა, ამიტომ გავხსენი ივენთ კომპანია, რვა თვით წავედი თურქეთში, ვმუშაობდი სასტუმროში ბავშვების ანიმატორად და ვცდილობდი თანხა მომეგროვებინა ჩემი კომპანიისათვის.


თურქეთში მუშაობა ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის, არ გამიმართლა, არც თანამშრომლებში და არც გარემოში. გადავლახე ეს რთული პერიოდი, ჩამოვედი საქართველოში, თბილისში მოვძებნე პატარა საოფისე ფართი და ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ როგორც იქნა შევძელი და ჩემი ბიზნესისთვის უფრო მეტს გავაკეთებდი, კოვიდი დაიწყო. სამწუხაროდ დავხურე ოფისი და მომიწია ყველაფრის გაყიდვა. 5 თვე უმუშევრად დავრჩი. ჩემ დებთან ერთად ვიყავი სოფელში წასული და ვცდილობდი იქიდან მეშოვა სამსახური. ერთადერთი, რაც გამოჩნდა, იყო ონლაინ კაზინო. ორი წელი ღამის სმენაში ვიმუშავე, რამაც მენტალურად გამანადგურა. აღარ მინდოდა აღარც გარეთ გასვლა და აღარც სიცოცხლის ხალისი მქონდა.

სრულიად შემთხვევით, მეგობრისგან გავიგე კრუიზის შესახებ. არ ვიცოდი რა პოზიციები ჰქონდათ, ამიტომ პირდაპირ გადავაგზავნე რეზიუმე აგენტის მეილზე. იმ დღესვე მივიღე პასუხი, მეორე დღეს გასაუბრება მქონდა და ერთი კვირის შემდეგ კონტრაქტიც დამიდასტურდა, თუმცა სამი თვე დამჭირდა სამედიცინო გამოკვლევების მოსაწესრიგებლად. კრუიზების უმეტესობას ამერიკაში წასვლა უწევს, ამიტომ აუცილებელი იყო, საელჩოში შესვლა და მეზღვაურის ვიზის აღება. პირველი შესვლისას ელჩმა პასპორტი დაიტოვა და მითხრა, რომ ვიზას მივიღებდი იმ შემთხვევაში, თუ დასრულებულ სამედიცინო გამოკვლევებს გადავაგზავნიდი, ასეც მოვიქეცი, თუმცა როგორც ჩემმა აგენტმა მიამბო, ერთ-ერთმა ქართველმა გემი დატოვა და ამერიკაში დარჩა არალეგალად, ამიტომ ორ დღეში უარი მივიღე (უარს ამ ყველაფერს ვუკავშირებდით).


აგენტმა გამიშვა ვიზის გარეშე, რადგან გემი მოძრაობდა ევროპის ქვეყნებში. მომატყუა, რომ იქ დამიმზადებდნენ მეზღვაურის წიგნს და შევძლებდი ამერიკაში ვიზის გარეშე შესვლას, თუმცა როცა გემზე აღმოვჩნდი, სხვა რეალობა დამხვდა. მითხრეს, რომ ამერიკაში წასვლამდე მომიწევდა გემის დატოვება, მსურდა კონტრაქტი დამესრულებინა იმავე გემზე, კრუიზის დირექტორის გუნდში ვმუშაობ, ამიტომ დირექტორს ვთხოვე შვებულება და წამოვედი ორი თვის შემდეგ საქართველოში, რომ მეცადა ბედი ვიზაზე. მივიღე ისევ უარი. წავედი გემზე, გავაგრძელე მუშაობა, საელჩოსგან მივიღე მეილი, რომ გასაუბრება სურდათ ისევ, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჩამოვედი, მივედი საელჩოში და ისევ უარი მივიღე, მიზეზს ვერ ვგებულობდი რა იყო და ძალიან ვნერვიილობდი, რადგან არ მსურდა სამსახურის დაკარგვა. ოთხი თვე ველოდებოდი შემდეგ კონტრაქტს, კიდევ უამრავი სხვა დეტალია, რომელსაც ვერ მოვყვები... ძალიან რთული გზის გავლა მომიწია. ზღვის ავადმყოფობას ახლაც ვეჩვევი.

მეორე კონტრაქტი ბევრად მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ყველა ტრენინგი გემზე უკვე გავლილი მქონდა. ჩამოსვლის შემდეგ ისევ შევედი საელჩოში. ამჯერად, ყველა საბუთით და გონებაში აღარ განვიხილავდი უარს. ბევრი კითხვის შემდეგ ელჩმა მითხრა: "დიდხანს ელოდი, რომ მიგეღო ვიზა და გილოცავ, ახლა ის შენიაო!". 


არ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი. თურმე შრომას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემი შრომა დაფასდა. როცა მეზღვაურის ვიზა გიჭირავს ხელში, აღარ არის რთული კონტრაქტის მიღება, რადგან კომპანიას ნებისმიერ ლოკაციაზე შეეძლება შენი გაშვება… მიხარია, რომ შუა გზაში არ  გავჩერდი და ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი მიზნებისათვის. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ყველას გისურვებთ თქვენი მიზნებისა და ოცნებების ასრულებას".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები