"არასდროს მიფიქრია, რომ დაწყებითი კლასის დამრიგებელი გავხდებოდი"

2023-09-24 18:36:01

დღეს რუბრიკაში "გაიცანით რუსთაველია" დაწყებითი კლასის ახალგაზრდა დამრიგებელზე - გიორგი ნოზაძეზე უნდა მოგიყვეთ.

ის 24 წლისაა და ამ საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას, იყოს ახალფეხადგმული მოსწავლეების დამრიგებელი, თავს ღირსეულად ართმევს.

განვლილ გზაზე და იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ეს საქმე ეკეთებინა, გიორგი ჩვენს მკითხველს თავად უამბობს.

"მე ვარ გიორგი ნოზაძე, 24 წლის.


არასდროს მეგონა, რომ სკოლაში დავიწყებდი მუშაობას, თან დაწყებითი კლასის დამრიგებლად. 

ალბათ დაგაინტერესებთ, რამ განაპირობა ეს. იმან, რომ ინოვაციების სკოლის სწავლების სტილითა და მიდგომებით მოხიბლულმა, მიღებულ შეთავაზებაზე უარი ვერ ვთქვი. ინოვაციების სკოლა ბავშვებს ეხმარება არა მარტო ფორმალური განათლების მიღებაში, არამედ აძლევს საშუალებას, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიის თავისებურებებს და საკუთარი მომავლისთვის სწორი არჩევანი გააკეთონ. 

ჩემი ბავშვებთან ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრიდან, სადაც სკაუტური ლიდერი ვიყავი და ბავშვებს ვასწავლიდი, როგორ დაახლოვებოდნენ ბუნებას უსაფრთხოდ. შემდგომ იყო ტყის ბაღიბუნებარე და ტყის პედაგოგიკა, სადაც პატარებთან ერთად ვსწავლობდით სამყაროს. 

ბაღში მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რის გამოც გადავწყვიტე, ამ მიმართულებით შედარებით მეტი ცოდნა მიმეღო. გავიარე ადრეული განვითარების ბაზისური კურსი და გავხდი სერთიფიცირებული ადრეული განვითარების თერაპევტი.


ამის შემდგომ მქონდა უცნაური გადახვევა. მთელი ბავშვობა მიყვარდა ცოცვა, სიმაღლეების დაპყრობა და 20 წლის ასაკში მეკლდეურობას, ანუ "სპორტულ ცოცვას" ვეზიარე, რაც ჩემთვის არა უბრალოდ გატაცება, არამედ ცხოვრების სტილი და საყვარელი საქმიანობა გახდა. პარალელურად, გახლავართ მწრთვნელი და პატარებს ვამზადებ მწვერვალების დასაპყრობად. 

მეორე კლასის დამრიგებლობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება და სკოლის მეგობრული კოლექტივი, თავს მაგრძნობინებს როგორც ნიამორს კლდეზე. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ არ მაქვს საშუალება ისევ 6 წლის გავხდე და ვისწავლო ინოვაციების სკოლაში ვისწავლო, მაგრამ მაქვს პატივი, პედაგოგი მოსწავლეებზე ორიენტირებულ გარემოში ვიყო".