რუსთაველი გოგონას სწავლას ევროკავშირი 50 000 ევროთი დააფინანსებს

2023-06-27 15:20:20

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის გმირი 16 წლის რუსთაველი გოგონა, ანა მაისურაძეა, რომელიც მსოფლიოს 6 ქვეყნის 20 მოსწავლეს შორის მოხვდა და სრული დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში ისწავლის.

მცირე ასაკი, თუმცა ძალიან დიდი გეგმები...

მიღწეულ წარმატებაზე, განვლილ გზასა და სამომავლო ჩანაფიქრებზე "ინფო რუსთავის" მკითხველს ანა უამბობს.

"მე ვარ ანა 16 წლის, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და სწავლას აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში ვაგრძელებ.


სწავლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, მიყვარს, როცა შედეგს ვხედავ. ყოველთვის მინდოდა ხარისხიანი ევროპული განათლება მიმეღო. სწორედ ამის საშუალებას იძლევა საერთაშორისო ბაკალავრიატის IB პროგრამა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც, სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებ.

კონკრეტულად ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სასტიპენდიო პროგრამა. შერჩევა სამ ეტაპად ჩატარდა. შევავსე აპლიკაცია, შემდეგ გავიარე სამი გამოცდა და ბოლოს ორდღიანი გასაუბრების შედეგად აღმოვჩნდი იმ სამ ქართველ მოსწავლეს შორის, რომელთაც ევროკავშირი სრულად, 50000 ევროს ოდენობით დააფინანსებს. სულ 20 მოსწავლე შეირჩა, აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან.

მოუთმენლად ველოდები ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და ვფიქრობ, რომ ეს ორი წელი გარდამტეხი იქნება, როგორც ჩემი აკადემიური, ისე პიროვნული განვითარებისთვის.

ბავშვობიდან მრავალფეროვანი ინტერესები მქონდა და ახლაც ვაპირებ გავაგრძელო ძიება, საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. პროფესიასთან დაკავშირებული არჩევანი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდები, თუ მსოფლიო არა, ჩემი გარემო, ქალაქი და ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალო.


მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს სწავლას ვუთმობ, მაინც ვახერხებ დავკავდე ჩემი საყვარელი საქმიანობებით, მათ შორისაა მუსიკა (გიტარაზე დაკვრა), ლიტერატურა, ასტრონომია და იოგა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლა განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის ახალგაზრდებს აერთიანებს. ვფიქრობ, არ გამიჭირდება მათთან თანაცხოვრება და მეგობრობა, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ბანაკებსა და ახალგაზრდულ გაცვლებში მონაწილეობით.

მადლიერი ვარ ოჯახის, მეგობრებისა და მასწავლებლების, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდებოდა თუნდაც მცირე წარმატების მიღწევა.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენონ, გამოსცადონ საკუთარი თავები და არ შეუშინდნენ გამოწვევებს, რადგან წარუმატებელი მცდელობაც კი, მომავალი წარმატების საწინდარია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები