წარმატებული სპორტსმენი რუსთავიდან

2023-06-18 16:09:24

მიღწევების ჩამოთვლა ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდება, დღეს უნდა გაგაცნოთ 24 წლის მრავალმხრივ განვითარებული და ძალიან წარმატებული სპორტსმენი რუსთავიდან - ამიკო სვიმონიშვილი.

განვლილ გზაზე, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვნად გამოიყურება, სპორტსმენი "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უყვება.

"მე ვარ ამიკო სვიმონიშვილი, 24 წლის, შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენი, ამჟამად კი აქტიურად ვმონაწილეობ გრეპლინგის და ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ჩემპიონატებში.

დავიბადე რუსთავში, სპორტის მოყვარულ ოჯახში, ჩემი სპორტისადმი სიყვარული კი 5 წლის ასაკიდან იწყება. მშობლების გადაწყვეტილებით დავიწყე კარატეზე ვარჯიში, დავით პოილარშვილთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. 6 წელი ვიყავი დაკავებული კარატით, ამ პერიოდში გავიცანი ჩემი ახლანდელი მწვრთნელი შალვა მამაცაშვილი.


პირველი წარმატება იყო თელავში, საქართველოს ღია პირველობაზე, სადაც დავიკავე მეორე ადგილი, დავითის გარეშე, რომელიც დაიღუპა ტრაგიკულად და მისი ადგილი დაიკავა ბესო ასლამაზიშვილმა, რომელთანაც არცისე ცოტა დრო გავატარე და ბევრი კარგი რამ ვისწავლე მისგან.

სპორტის პარალელურად ვმღეროდი გუნდ "ალილოში", სადაც გვქონდა არაერთი მიღწევა და წარმატება. დავამთავრე 6 წლიანი მუსიკალური.

თავისუფალ დროს მამა მასწავლიდა ჭადრაკის თამაშს, დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგად ავითვისე და მივიღე მონაწილეობა ქვემო ქართლის ჩემპიონატშიც, სადაც დავიკავე მეორე ადგილი.

11-12 წლის ასაკში წყალბურთის თამაში დავიწყე, 3 წელი გავატარე ამ სპორტში და არაერთგზის მაქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ჩემპიონატებში.

თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მომიწია ამ სპორტისთვის თავის დანებება.

სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ძალები აღვიდგინე და სიახლე შემოვიტანე ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო Street Workout, რომელიც იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი იყო საქართველოში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს გუნდს Bar Warriors დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ სპორტის განვითარებაში და აღორძინებაში. აქაც აქტიურიად ვიღებდი მონაწილეობას ჩემპიონატებში. ერთ დღესაც ჩვენით დაინტერესტდა New York Vogue და მათი ჟურნალისტი Liana Satenstein, რომელიც საქართველოში გვეწვია და ჩვენს შესახებ მოამზადა სტატია, რომელიც დაიბეჭდა ამერიკულ ჟურნალ Vogue- ში.

 


Street Workout-ის პარალელურად დავიწყე ვარჯიში ფიტნეს დარბაზში დავით რაზმაძესთან, რომელმაც მომამზადა და მიმაღებინა მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში. Bodybuilding-ში, კერძოდ Men's Physique-ში, გავხდი 21 წლამდელთა შორის ჩემპიონი და აბსოლიტურ ასაკში ვიცე-ჩემპიონი. 2017 წელს ასევე მივიღე მონაწილეობა ორ ჩემპიონატში, ერთ-ერთში გავხდი ხალხის რჩეული, მეორეში კი ვიცე-ჩემპიონი.

17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა Champions Academy-ში, ფიტნეს მწვრთნელად და თან ჩავაბარე უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე. აქ მივიღე ახალი გამოწვევები და მოვემზადე საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატისთვის, სადაც მესამე მოგებული შეხვედრის შემდეგ, დავიზიანე მხარი. 

ამ ყველაფერმა ჩემი იმდროინდელი ცხოვრება შეცვალა, დავიწყე ტრავმის კვლევა, მაგრამ უიმედოდ, ტომოგრაფიებზე არაფერი ჩანდა. მქონდა ბევრი მცდელობა ჩემს ექიმებთან და ლექტორებთან, რომ რაიმე აღმოგვეჩინა ან უკეთესობა მეპოვა, მაგრამ ამაოდ.... 4 წელი გავატარე სპორტის გარეშე და ეს 4 წელი ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო... თავს ადამიანად ვერ ვგრძნობდი, არაფერი მახალისებდა ბავშვების გარდა... ვიყავი დეპრესიული და არაკომუნიკაბელური.
იმ მომენტში ვერ წარმოვიდგინედი, რომ ისევ შევძლებდი სპორტში ყოფნას.

სულ რაღაც 2 წელია, რაც აქტიურად დავბრუნდი სპორტში და გამოვლილი ბევრი ტკივილის, ბრძოლის მიუხედავად, ვაგრძელებ ზრდა-განვითარებას. ჩემი ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე და მე ამას არ ვუშინდები.


ვარ ორგზის ჩემპიონი ბრაზიულიურ ჯიუ ჯიცუში, ვიასპარეზე ახლახანს Gama Grappling-ზე, სადაც ასევე გავიმარჯვე მახრჩობელა ილეთით.

ჩემს ცხოვრებაში თავისუფალი დრო არ არსებობს. 3 წელია ვარ საქართველოს ბანკის თანამშრომელი, უძრავი ქონების ინსპექტორი და პარალელურად, აქტიური სპორტსმენი.

მყავს ულამაზესი ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი, რომლებიც მგულშემატკივრობენ და ჩართულნი არიან ჩემი ცხოვრების სტილში".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები