საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი რუსთავიდან

2023-06-13 19:48:08

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 21 წლის თორნიკე სურმავაა, იგივე "მეგრელი ხარი" და ის კიკბოქსინგში საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია.

განვლილ გზაზე, "ინფო რუსთავს" და მის მკითხველს, თავად სპორტსმენი უყვება.

"მე ვარ თორნიკე სურმავა, იგივე მეგრელ ხარი, 21 ცლის კიკბოქსიორი.

მთელი ცხოვრებაა ბრძოლაში ვარ. პატარობიდან მოყოლებული, ცხოვრებისეულ თუ კარიერულ ბრძოლებს არასდროს შევუშინებივარ და მიჩვეული ვარ კიდეც იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში უშრომელად და უბრძოლველად არაფერი მომხდარა.


ამიტომაც ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, საკუთარ თავს, ოჯახსა თუ ქვეყანას იმედი არ გავუცრუო. ამაში ჩემი მეგობრებიც ძალიან მეხმარბიან და როცა ნახავენ, რომ ვზარმაცობ, ყოველთვის მახსენებენ, თუ რამდენი ადამიანია ჩემს უკან და რამდენი ადამიანის გასახარებლად ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.

სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი არ მიფიქრია და დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მადლობა ღმერთს, ეს შევძელი და აქედან იწყება ჩემი ისტორია, მთელი ცხოვრება სპორტს დავუკავშირე ყველა კუთხით და დიდი რწმენით ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას. 

10-11 წლის ასაკში ხშირად მომდიოდა ქუჩასა თუ სკოლაში ჩხუბი, რადგან ვერ ვიტანდი მჩაგვრელ და უსამართლო ხალხს, ხანდახან ბავშვური ხულიგნობით მეც ჩავდიოდი წვრილმან, უბოროტო ხულიგნობებს და ამის გამო, მამაჩემს მეგობრებმა ურჩიეს, სპორტზე შევეყვანე  დასაჭკვიანებლად, ენერგიის დასახარჯად და დადგა ის დღეც, როცა მოვხვდი უმაგრეს ადამიანთან, ზურაბ ჩიტრეკაშვილთან, უკვე ჩემს მეორე მამასთან.

ზურას დამსახურებით, ჩემმა აგრესიამ ქუჩიდან რინგზე გადაინაცვლა და უკვე 12 წლის ასაკში, 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავხდი შავი ზღვის თასის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ეს გახლდათ ჩემი პირველი მედალი, ჩემი პირველი ოქრო, რამაც ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა და მომცა უდიდესი მოტივაცია, უკვე ბედი მეცადა საქართველოს ჩემპიონატზე.


2014 წლის ზამთარში შევძელი და გავხდი საქართველოს ჩემპიონი და დღემდე წაუგებლად  ვაგრძელებ ასპარეზობას. პირველ საქართველოს მოყვა საერთაშორისო ტურნირების უფლებები, სადაც ასევე წაუგებლად ვასპარეზობდი, სანამ არ დადგა ის დღე, როცა უკვე k1 მომიწია გამოსვლა. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, წაგებას მიუჩვეველი, არ შევუშინდი ამ რთულ გამოწვევას და ვიბრძოდი უშიშრად, ბოლომდე, თუმცა მეტოქის გამოცდილებამ თავისი ქნა და 3-ე რაუნდში მუხლმა ცხვირი გამიტეხა. ამის მიუხედავად, ბრძოლა მაინც გავაგრძელე და ბოლომდე მივიყვანე, თუმცა ვერ შევძელი გამარჯვება. ეს ჩემთვის პირველად განცდილი მარცხი იყო.

ამ ყველაფერმა, მიღებული ტრავმის რეაბილიტაციის პერიოდმა დასაფიქრებლად მიზეზი და დრო მომცა, თავი ხელში ავიყვანე, გავაგრძელე ვარჯიშები და მოვედი დღემდე ისე, რომ უკვე ვიცი  რინგზე გამარჯვებაც, დამარცხებაც და ფრეც, ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემს ცხოვრებაში შრომის გარეშე, დაუმსახურებლად და შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომ ვცდილობ, ვიშრომო ისე, რომ ჩემი ხელი სულ ზევით იყოს და ჩემი ქვეყნის ჰიმნი სულ პირველი ისმოდეს".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები