პატარა სპორტსმენი დიდი მომავლით

2022-06-04 16:05:34

"ინფო რუსთავის" ობიექტივში ის დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოხვდა.

ის გახლდათ ყოველთვის გადამწყვეტი გოლის ავტორი, ძალიან მნიშვნელოვან ჩემპიონატებზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდებოდა. დიდ მომავალს 11 წლის რუსთაველ სპორტსმენს იქიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ.

ახლა კი შევიტყვეთ, რომ საფრანგეთში ახლადჩასული გიორგი ღუნაშვილი იქ მიმდინარე Gwened Cup - Tournoi U12-ის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვინ იცის მისი სახელი და გვარი კიდევ რამდენჯერ, კიდევ რამდენ ქვეყანაში გაიჟღერებს და კიდევ რამდენჯერ მოუტანს პატარა ქალაქის დიდი ფეხბურთელი რუსთაველებს სიამაყეს.


"მე ვარ გიორგი ღუნაშვილი, 11წლის, რუსთავიდან.

ვსწავლობ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში და ვარ მე-5 კლასში. მყავს 1 წლით უმცროსი ძმა ნიკოლოზი, რომელიც ასევე ფეხბურთელია, მის გარეშე მე ამდენ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი. ჩვენ ერთ გუნდში ვთამაშობთ.

ბავშვობიდან აქტიური ვიყავი, დავდიოდი "ხრიდოლზე", იქაც კარგი მიღწევები მქონდა. მიღებული მაქვს მედლები, 6 წელია გუნდში ვარ.

ფეხბურთი აღმოჩნდა ჩემი მოწოდება, ძლიერი და პროფესიონალი მწვრთნელები მყავს, ოჯახიც ხელს მიწყობს, რომ კარგი ფეხბურთელი გავხდე. მე ძალიან დიდი ოცნებები მაქვს და თავს არ დავზოგავ, ამ ოცნებების ასასრულებლად.
მინდა რომ ვიყო ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი და ასევე მინდა, ჩემი ქვეყანა და ქალაქი ვასახელო.


მჯერა, რომ მე და ჩემი ძმა აუცილებლად გავხდებით ცნობილი ფეხბურთელები.

მივიღეთ მონაწილეობა არაერთ ტურნირში და აღებული მაქვს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულებიც.

მაისის ბოლოს ვიყავით საფრანგეთის ტურნირზე, სადაც 40 გუნდს შორის მე-5 ადგილი ავიღეთ და პერსონალურად მე გადმომეცა საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

მომავალში მინდა ვითამაშო დიდ გრანდებში. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრობისთვის, აუცილებლად მივაღწევ მიზანს რომ იამაყონ ჩემით".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები