კიდევ ერთი რუსთაველი გოგონა, რომელიც სწავლას ამერიკაში აგრძელებს

2023-05-21 16:41:54

დღეს გაგაცნობთ კიდევ ერთ ნიჭიერ და მიზანდასახულ 16 წლის გოგონას რუსთავიდან, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.

ბარბარე გიორგობიანი FLEX პროგრამის ფინალისტია. ამით კი, თქვენთვის ფინალისტების გაცნობის სერიას ვასრულებთ.

"მე ვარ ბარბარე, 16 წლის, რუსთავიდან.

16 წელი საუცხოო ასაკია, ეს ცხოვრების და საკუთარი თავის შეცნობის ასაკია, ოცნებების ასაკია. ამ პერიოდში ჩნდება კითხვები და ეს კითხვები ისე ავსებს შენს არსებას, როგორც პიანინოს ბგერები ცარიელ ოთახს. "ვინ ვარ მე?" და "რას მინდა მივაღწიო?". თუ იღბლიანი ხარ, ამ კითხვებზე პასუხს ადვილად პოულობ, ზოგჯერ კი გიწევს ჩამოჯდე შენი საწოლის კიდეზე, უსმინო სიჩუმეს და ამ სიჩუმეში შორეული მუსიკის ჰანგებს აედევნო.


ჩემი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვნად მესახება და საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ, თუმცა ამერიკაში გამგზავრება იყო მიზანი, რომელიც ამ 16 წლის განმავლობაში ჩემს მიერ გადადგმულ თითოუელ ნაბიჯს წინ უძღოდა, თან სდევდა, როგორც აჩრდილი პატრონს. ალბათ ნებისყოფამ, შრომამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, გულს სიხარული მივსებს, რადგან ვიცი ჩემი "ამერიკული ოცნება" ახლოსაა და მელოდება.

აქამდე მოსასვლელად შორი გზა გამოვიარე. წინა წელს როდესაც FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობა მივიღე, ნახევარფინალამდეც ვერ მივაღწიე და უნდა ვაღიარო, გული დამწყდა. მომხდარმა ისე გამფანტა, როგორც ქარი ფანტავს ტოტებიდან მოწყვეტილი შემოდგომის ფოთლებს. ამისდა მიუხედავად, ავდექი, ჩემი ნაწილები სათითაოდ შევაგროვე და მიზნისკენ სიარული თავიდან დავიწყე. ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან, განსაკუთრებით - ოცნებების. ამ ერთ წელში მონაწილეობა მივიღე უამრავ პროექტში, დავდიოდი ამერიკულ კუთხეში, გავხდი UWC-ის ნახევარფინალისტი, ვიყავი მოხალისე მასწავლებელი საკვირაო სკოლასა და ბავშვთა სახლში, დავდიოდი ფრანკლინის კლუბში, ვარ ინგლისური ენის ACCESS Program-ის მონაწილე. ეს არის ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის 2-წლიანი პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების გამოუჯობესებაზე, გავხდი ლიტერატურული ჟურნალ "ზღვაურის" მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებული და ჩართული ვიყავი სხვადასხვა საქალაქო აქტივობებში. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ აქტივობებმა მომიტანა, იყო ახალი ხალხის გაცნობა, მათი შეხედულებების გააზრება და გაზიარება, ფიქრის დიაპაზონის მკვეთრი გაფართოება. ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა მოზაიკა წარსული გამოცდილებებით, შემხვედრი ადამიანების მიერ დატოვებული ფიქრებით და საკუთარი გაკეთებული არჩევნებით აწყობილი.


ჩვენ, ადამიანები, ვართ არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ და არჩევანი, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და რადგან არჩევანს ყოველდღე ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველაფერი. ჩვენ ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ზოგს ვასწორებთ, ზოგი კი ხიწვებივით გვრჩება კანში, მაგრამ არც ერთი მიღებული გადაწყვეტილება უგზო-უკვლოდ არ იკარგება დროსა და სივრცეში, ისინი არასდროს ტოვებს შენს ძვლებს და როგორც მარილი ზღვაში, ის შენი ნაწილი ხდება - და შენ მას ატარებ.

მე ჯერ კიდევ უამრავი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, თუნდაც ჩემს კარიერასთან დაკავშირებით. რთულია არჩევა, როდესაც ამდენი განსხვავებული დარგი გიტაცებს, როგორიცაა - მათემატიკა, ლიტერატურა, წერა, ხატვა, თეატრი, მედიცინა და ფსიქოლოგია, მაგრამ ვიცი, რაც არ უნდა ავირჩიო, ჩემს საქმეს გავაკეთებ მთელი გულით.

რაც შეეხება შედარებით ახლო მომავალს - ამერიკაში გასატარებელ მომდევნო სასწავლო წელს - მიზნად მაქვს დასახული, რომ ეს წელი გამოვიყენო, რათა, როგორც ჩემი ქვეყნის პატარა ელჩმა, ჩვენი პატარა ქვეყნის უმდიდრესი კულტურა გავაცნო რაც შეიძლება მეტ ხალხს და თავადაც გავიცნო მათი კულტურა.


საბოლოოდ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ვინც კი ჩემს ჩამოყალიბებაში თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა და გარკვეული როლი ითამაშა. განსაკუთრებით კი ჩემს ოჯახს და მეგობრებს. მათი სიყვარულის და მხარდაჭერის გარეშე არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც ახლა ვარ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები