რუსთაველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს

2022-05-13 14:33:02

მარიამ ძაძამია "ინფო რუსთავის" პლატფორმაზე დღეს პირველად არ გამოჩნდება, თუმცა, ამჯერად იმ სასიხარულო სიახლის გამო, რომელიც 80 000-დოლარიანი დაფინანსებით მისი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გულისხმობს, გვინდა 17 წლის რუსთაველი გოგონა კიდევ უფრო ფართო საოგადოებას გავაცნოთ, მასზე და მის ნიჭიერებაზე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუამბოთ.

უფრო სწორად, როგორც წესია, გვსურს, რომ საკუთარ თავზე, ჩვენი რუბრიკის მკითხველს თავად მარიამმა მოუთხროს.

"მე ვარ მარიამ ძაძამია, 17 წლის, ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე და სწავლას ნიუ-იორკში, Adelphi-ს უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, 80 000 დოლარის ოდენობის დაფინანსებით ვაგრძელებ.

საზღვარგარეთ სწავლის იდეა და სურვილი დაახლოებით ორი წლის წინ გამიჩნდა. ამ საქმეში ჩემი გზამკვლელი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, რომელმაც ამაზე მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და შესაბამისად, მითხრა რა ნაბიჯები უნდა გამევლო. ის ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსუტეტში აგრძელებს სწავლას. ბოლო წლების განმავლობაში, თითოეული წარმატებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი და საკუთარი თავის შეცნობა მარწმუნებდა იმაში, რომ საზღვარგარეთ სწავლის სტრესთან გამკლავება კარგად შემეძლო. ჩემი ინსპირაცია კი ნოუ-იორკში მოღვაწე ქართელი მხატვარი ლევან სონღულაშვილია, რომელის გამოფენებსაც არაერთხელ ვეწვიე და პირადადაც გავიცანი.

როდესაც ამ სტრესული გზის გავლას ვიწყებდი, თავდაჯერება იმან შემმატა, რომ სკოლის გარეთ უამრავ აქტივობაში ვიყავი ჩართული. მსგავსი აქტივობები და მრავალმხრივი ინტერესი უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანია და სააპლიკაციო პროცესის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ჩემი აქტივობებიდან გამოვარჩევდი პერსონალურ გამოფენას მუზეუმში, გასული ორი წლის განმავლბაში სამ სხვადასხვა სახის კონკურსში გამარჯვებას და გაეროს მოდელირებაში მონაწილებას.

ასევე ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი კანტის აკადემიის სტუდენტი, სადაც ვსწავლობდი ისეთ მომავლის პროფესიებს და ვიძენდი ისეთ უნარებს, როგორებიცაა: ანტრეპრენერშიპი, ბრენდინგი, მარკეტინგი, ბიზნესი და ა.შ. გასულ ზაფხულს კანტის ევროტურნეს ფარგლებში დელეგაციასთან ერთად ბელგიასა და ნიდერლანდებში ვესტუმრეთ ევროპულ პარლამენტს, NATO-ს შტაბბინას, ჰააგის სასამართლოს და სხვა ინსტიტუტებს.

Adelphi-ს უნივერსიტეტი მაძლევს შესაძლებლობას, სახვითი ხელოვნების სწავლის გარდა, განვაგრძო ჩოგბურთის თამაში (რითიც პანდემინადე ვიყავი დაკავებული) უნივერსიტეტის კლუბში და განვაგრძო მოდისა და ხელოვნების შესახებ ბლოგების წერა. ნიუ-იორკის მრავალფეროვანი სამუზეუმო სივრცეები და გალერეები კი დამეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. გქონდეს შესაძლებლობა წაიკითხო წიგნში ხელოვნების ისტორიააი საუკეთესო მხატვრების შესახებ და რამდენიმე საათში მათი ნამუშევრები მუზეუმში ნახო, ნამდვილი ასრულებული ოცნებაა.


ხელოვნების სფეროში რამდენიმე მიმართულებით განსაკუთრებულად ვარ დაინტერესებული და ამ სფეროებში ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ჩემი მიზანია, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან და გალერეებთან ვითანამშრომლო. ასევე, ძალიან მიყვარს სწავლება და იმედი მაქვს მომეცემა კარგი შესაძლებლობა, მომავალში ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვას გავუზიარო". 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები