16 წლის რუსთაველი გოგონა, ია ლომია დამამთავრებელ კლასს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს.
გადავწყვიტეთ, რომ FLEX პროგრამის უკლებლივ ყველა რუსთაველ ფინალისტს უნდა იცნობდეთ და სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რუბრიკით ამ უნიჭიერეს, ძალიან ჭკვიან და მიზანდასახულ გოგონაზე, იაზე გიამბეთ.
დაზუსტებისთვის, ამ სტატიაში ია თავად მოგიყვებათ საკუთარ თავზე.
"მე ია ლომია ვარ, 16 წლის.
ვგონებ უმეტესობას მხოლოდ ეს წინადადება ბევრს ვერაფერს ეუბნება, მაგრამ თუ დავამატებ რომ პროგრამა FLEX-ის 2023-2024 წლის ფინალისტი ვარ? თუ გარკვეული თქვენგანის ყურადღება მივიქციე ალბათ შემიძლია ეს გამარჯვება ჩემს პირველ წარმატებად ვაღიარო. რატომ? რადგან FLEX წარდგენას მაძლევს უსაზღვროდ დიდ სამყაროში,შესაძლებლობას დავიკავო კუთვნილი ადგილი ჩვენს ქაოტურ დღევანდელობაში.
თუმცა სწორედ ეს არის ჩემი პირველი წარდგენა თქვენთან, ჩემი ისტორია აქ არ იწყება, ის ბევრად უფრო ადრე იღებს სათავეს, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, როდესაც ჩემი მტკიცე ხასიათი ყალიბდება, მაგრამ რაღათქმაუნდა მსგავსი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ შემიძლია ის ინფორმაცია გაგიზიაროთ, რამაც ვფიქრობ ხელი შემიწყო გავმხდარიყავი ამ პროგრამის ფინალისტი.
"ოცნების კოშკები" არ ააგოო ამბობენ. სკოლაშიც ხომ ბავშვობიდან ამას ასწავლიან და სოციუმიც მუდამ ამისკენ გვიბიძგებს, თუმცა მე მჯერა წარმოსახვის უნარი ის პრივილეგიაა რომელიც არაფრით არ უნდა დათმოთ. აი, მე ხომ მისრულდება ჩემი “ამერიკული ოცნება”, მე შევძელი გავმხდარიყავი ფინალისტი, რატომ არ შეიძლება შემდეგ წელს სწორედ თქვენ იყოთ ამ სამოცდაათთაგანიდან ერთ-ერთი?
წარმოსახვას უდიდესი როლი აქვს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პრაქტიკის ფასი. ჩემმა გამოცდილებებმა უდიდესი როლი ითამაშა იმაში თუ ვინ ვარ დღეს. ექსტრაორდინარულ ადამიანებს ექსტრაორდინარული გამოცდილებებიც სჭირდებათ, მე კი უზომოდ მიყვარს ახალი დაბრკოლებები და საკუთარი თავის გამოცდას უამრავ სხვადასხვა სფეროში ვაგრძელებ. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება თეატრი ბრავოს სპექტაკლიდან მცნობთ როგორც მეთერთმეტე მსაჯულს, ზოგიერთი ფრანკლინის ფილოსოფიის კლუბიდან, შესაძლოა იპოდრომზეც დავდივართ ერთად ან ტანვარჯიშზე გავიცანით ერთმანეთი. მოკლედ რომ ვთქვათ უამრავი განსხვავებული დარგით ვარ დაინტერესებული და ყველა მათგანს ვუთმობ გარკვეულ დროს. თუმცა წერა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობია, რომელიც ნებისმიერ დროს შემიძლია ვაკეთო. ყველა ამ აქტივობის სახით მეძლევა შესაძლებლობა გადმოვცე ჩემი ხედვა, ფანტაზია, გავცდე ყოველივე ჩარჩოსა და საზღვარს და ვიფრინო…
მონაწილეობა ასევე უამრავ ბანაკსა და პროექტში მაქვს მიღებული, რამაც გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი, მომცა საშუალება გამეზიარებინა უამრავი განსხვავებული ადამიანის შეხედულებები და მიდგომები, მასწავლა კოლექტიურად აზროვნება, კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა. ეს ყველაფერი პატარ-პატარა ნაბიჯებია კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ.
გასულ წელს როდესაც პროექტში მონაწილეობა მივიღე პირველივე ტურში ჩავიჭერი. რა თქმა უნდა წაგება არასდროს არის სასიამოვნო, მნიშვნელოვანი ისაა თუ რას ვისწავლით მისგან, ეს წელი იმაზე პროდუქიულად გამოვიყენე ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და როდესაც მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ ვცადე ბედი. დღეს აქ ვარ და ვამბობ რომ FLEX-ის ფინალისტი ვარ და კიდევ უფრო დიდი სიამაყით ვამბობ რომ არა პირველი, არა მეორე, არამედ მესამე ფინალისტი ჩემს ოჯახში. სანამ ჩემი შუათანა და თავის ამერიკულ გაცვლით წელს ასრულებს და დასაბრუნებლად ემზადება, მე ამერიკაში წასასვლელად ვემზადები. ოდესღაც ეს შეუძლებლადაც კი გვეჩვენებოდა, თუმცა შეუძლებელი ხომ არაფერია. სულ მალე პატარა გოგონა, პატარა ქვეყნის პატარა ქალაქიდან ჩვენს უმშვენიერეს კულტურას საზღვრებს გარეთ გაიტანს და ყველას ისე შეაყვარებს როგორც ჩვენ. დიახ, შეუძლებელი ნამდვილად არაფერია".