რუსთაველი ბიჭი, რომელსაც სასწავლებლად რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტი იწვევს

2023-04-09 18:42:33

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი 17 წლის აკაკია, საოცრად მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა.

მას ამერიკა ელოდება, არც მეტი არც ნაკლები, შტატებში ბიოქიმია უნდა ისწავლოს.

არჩევანი ახლა უკვე მასზეა, აკაკი ამერიკის რამდენიმე წამყვანმა უნივერისტეტმა მიიღო. თითოეული მას დაახლოებით 200-250 000 დოლარის ოდენობით დაფინანსებას სთავაზობს.

დანარჩენს კი, თავად რუბრიკის გმირი გვიამბობს.

"მე ვარ აკაკი, 17 წლის, რუსთავიდან.

ყოველთვის მსურდა უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიმეღო, რადგან ვფიქრობდი, რომ მაღალი ხარისხის განათლება ჩემი წარმატების პირდაპირპროპორციული იქნებოდა.

სკოლაში ვცდილობდი ყველა საგანი თანაბარი მოტივაციითა და სიყვარულით მესწავლა, თუმცა ვხედავდი ჩემს მიდრეკილებას ტექნიკური საგნების, განსაკუთრებით ბიოლოგიის მიმართ. სწორედ ამან განაპირობა საბოლოო არჩევანი - ბიოქიმია.


ამერიკული თავგადასავალი წინა წელს დაიწყო, თანაც სრულიად შემთხვევით. ფრანკლინის კლუბის ეკონომიკის სტაჟირებას გავდიოდი, რა დროსაც მომეცა შანსი, ჩემი ლექტორი ყოფილიყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, განათლებული ახალგაზრდა - ალექსანდრე შარაშენიძე. ალექსანდრე იყო ის ადამიანი, ვისაც გავანდე ჩემი მოტივაცია და ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში, დაუღალავად მედგა გვერდში.

ზოგადად, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარებისათვის ახალგაზრდები მომზადებას რამდენიმე წლით ადრე იწყებენ, რადგან აპლიკაციის პროცედურა ძალიან შრომატევადი და სიღრმისეულია. საჭიროა, რა თქმა უნდა, ისეთი გამოცდების ჩაბარება, როგორებიც არიან: SAT, Toefl. ორივე მათგანისათვის მომზადება ჩემით გადავწყვიტე და აქტიურად ვიყენებდი ინტერნეტში განთავსებულ მასალებსა და წიგნებს. ბუნებრივია, გამოცდების ჩაბარება თანხასთან ასოცირდება, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარიც კია, თუმცა ფინანსურად მხარი მე შესაძლებლობების ფონდმა და მისმა დამფუძნებელმა, დავით ჯინჭარაძემ გამიწია.


ასევე, საჭიროა ძლიერი კლასგარეშე აქტივობები და ესები, რადგან ამერიკული უნივერსიტეტების უმეტესობა ეძებს სტუდენტს, რომელსაც შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების გამოცოცხლება და აქტივობებში ჩართვა. საბედნიეროდ, კლასგარეშე აქტივობები და გამოცდილებები უხვად მქონდა დაგროვებული და წინა წლის განმავლობაში, მრავალი ინიციატივა წამოვიწყე მეგობრებთან ერთად. ვარ Rotary Interact Rustavi-ს პრეზიდენტი, Crimea Platform და Conservative Party UK-ს Intern, ამერიკის საელჩოს ორგანიზებული სტარტ-აპ ობრესვატორიის გამარჯვებული, Effective Altruism Georgia-ს წევრი, Summer School of humanity-ს კურსდამთავრებული და მრავალი სხვა.

ბუნებრივია, ასეთი რთული აპლიკაციის პროცედურა მარტო არ გამივლია და პროცედურაში აქტიურად მეხმარებოდა Education USA-ის ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს კონსულტაციებსა და ესეების შეფასებას.

ჩემი თავგადასავალი საბოლოოდ წარმატებული გამოდგა. შემოთავაზება მივიღე რამდენიმე ელიტური უნივერსიტეტიდან, რომლებიც 200-250 000 $ ოდენობის დაფინანსებას მთავაზობენ. ჯერ ვცდილობ გადავწყვიტო, რომელ უნივერსიტეტში გავატარებ მომავალ 4 წელს და შევისწავლი ბიოქიმიას.

მსურს, ამერიკული განათლება გამოვიყენო მსოფლიოში სასიკეთო ცვილელებების მოსატადან, რადგან ბიოქიმიას ძალუძს გადაჭრას უამრავი პრობლემა და გადაარჩინოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

ჩემს თანატოლებს კი ვურჩევდი, არასდროს დანებდნენ და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. თუ ამ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესის განმავლობაში რამე დამეხმარა, ეს იყო დროის სწორი მენეჯმენტი და მიზნისაკენ დაუღალავი სწრაფვა. ასევე, არ უნდა დავივწყოთ საყვარელი ადამიანების, ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომა, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ დამხმარებოდნენ.

მინდა წერილი მადლობით დავასრულო, რომელიც მიმართულია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რაიმე როლი ითამაშა ჩემს ამ მცირე წარმატებაში".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები