9 წლის კალიგრაფი რუსთავიდან

2023-04-02 13:24:36

ლიზა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, თუმცა საქმე, რომელსაც ის აკეთებს, საუკუნეებს ითვლის.

პატარა გოგონამ ხელი საკმაოდ სერიოზულ და რთულ მიმდინარეობას მიჰყო  და ახერხებს, რომ საკუთარი ნამუშევრებით კალიგრაფიის ცნობილი ოსტატები გააოცოს.

ტალანტი, უნიკალური ტექნიკა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროცესისადმი მისთვის დამახასიათებელი მიდგომა, ლიზას ნამუშევრებს განსაკუთრებულს ხდის.

ალბათ სწორედ ესაა, რაც განაპირობებს პატარა კალიგრაფის არაერთ წარმატებას, რომელიც მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, ამ სფეროში უკვე აქვს მოპოვებული.

"მე ვარ ლიზი ქაბზინაძე, 9 წლის და ვსწავლობ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მე-4 კლასში.

სანამ საჯარო სკოლაში შევიდოდი, დედამ ლამაზად წერა მასწავლა. მერე უფრო დავხვეწე და სკოლის დავალებებს სანიმუშოდ ვასრულებდი. მე-2 კლასში ვიყავი, როცა დედამ კალიგრაფიის კურსზე მიმიყვანა. გასაუბრებაზე მასწავლებელს ჩემი ნაწერი ძალიან მოეწონა და რუსთავის სამრევლო სკოლა "მთაწმინდელის" მოსწავლე გავხდი.

ამ სკოლაში მიღება უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებისთვისაა დაშვებული, თუმცა ჩემმა ნაწერმა მოწონება დაიმსახურა და მიმიღეს. სკოლაში კალიგრაფიის ხელოვნებას საქართველოში ცნობილი კალიგრაფი, დავით მაისურაძე მასწავლის. იგი თავდაპირველად ჩემი უფროსი ძმის მასწავლებელი იყო. ჩემი ძმა დავალებებს რომ ასრულებდა მეც ვინტერესდებოდი და  ვცდილობდი მასსავით ლამაზი ასოები გამომეყვანა. პირველივე ცდაზე გამომივიდა კალმით წერა. ჩემი ყოველი ნამუშევარი კალმით, ანუ ფრთით არის დაწერილი. ფრთით წერა არცთუისე ადვილია. აუცილებელია სიზუსტე, მელნის სწორად გადანაწილება, ასევე ასოების გამოყვანა და ბევრი სხვა ტექნიკაა გასათვალისწინებელი.

სკოლაში ხშირად იმართება მოსწავლეების გამოფენა, სადაც ყოველთვის ვღებულობთ მონაწილეობას მე და ჩემი ძმა. პირველი ნამუშევარი, რომელიც მე-2 კლასში დავწერე, ჩემმა მასწავლებელმა - დავით მაისურაძემ რუსთაველი კალიგრაფების ფეისბუქ გვერდზე განათავსა. სწორედ ამ ნამუშევარმა დაიმსახურა ფეისბუქმომხმარებელთა დიდი მოწონება.

უკვე 2 წელია, რაც კალიგრაფიის ხელოვნებას ვეუფლები და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ დეტალს ვსწავლობ. ვცდილობ, დეტალურად შევასრულო მასწავლებლის მითითება. დათო მასწავლებელი ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უდგება, სურს ყველანაირი ხელნაწერი მოგვარგოს, შეგვირჩიოს ჩვენთვის საუკეთესო, თუმცა ძირითადი მოხაზულობა და სტილი მაინც მოსწავლის უნარზეა დამოკიდებული. ერთიდაიგივე მონახაზი, ასო ან სტილი ყველას სხვადასხვაგვარად გამოსდის, ხელის კარგი გავარჯიშებაა საჭირო, ბევრი უნდა იმუშაო, რომ ნაწერი კარგად შეფასდეს.

ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 50 ნამუშევარი მაქვს შესრულებული. მინდა აღვნიშნო, რომ წერის ხელოვნებასთან ერთად, უძველესი ხელნაწერების ისტორიასაც ვეცნობი. ვსწავლობ ქართველი მეფეების ქრონიკებს, ბიბლიას და წმინდანთა ცხოვრებას. ყველა ჩემი ნამუშევარი ისტორიული შინაარსისაა.

წერის დროს უფრო ხშირად ვიყენებ გუაშს, რომელსაც წყალში ვაზავებ. ფერების არჩევანიც დიდია და კარგი ხარისხის მელნისგან განსხვავებით, ყველგან იყიდება. ვიყენებ ფუნჯებს, რომელიც ძირითადად დეკორის დამუშავების დროს მჭირდება. კალიგრაფიულ ნამუშევარში დიდი ადგილი ნაწერთან ერთად დეკორს და საზედაო ასოს უჭირავს. ეს ერთგვარ ხიბლს სძენს მას.


ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო კალიგრაფიის კონკურსებში. პირველად, როცა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მეორე კლასში ვიყავი, ონლაინ ჩატარდა. თუმცა, არ დაიჯერეს, რომ ნამუშევარი ჩემი დაწერილი იყო და გვთხოვეს წერის პროცესის ვიდეო გაგვეგზავნა. ამ კონკურსში 1-ელი ადგილი და სტიპენდია დავიმსახურე, რამაც მეტი სტიმული მომცა და ყოველ ჯერზე ვცდილობდი უფროდაუფრო ლამაზად დამეწერა. შემდეგ კონკურსში, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, 500 კალიგრაფი იღებდა მონაწილეობას. მათგან მხოლოდ 32 გახდა ფინალისტი, მე და ჩემი ძმაც მოვხვდით ფინალისტებს შორის, სადაც ასაკობრივი ზღვარი არ იყო დაწესებული და ყველა ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. კონკურსი "საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის" მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ჩვენ დამფუძნებელთა რჩეულნი გავხდით.

მომავალში აუცილებლად უფროდაუფრო დავხვეწ კალიგრაფიას. ბევრი სხვა გატაცებაც მაქვს. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. მათემატიკა მიყვარს. რამდენჯერმე გავიმარჯვე კიდეც მათემატიკის კონკურსში და პირველი ადგილი ავიღე. ასევე მიყვარს ჭადრაკი და შიდა სასკოლო ჩემპიონატში სულ პირველ ადგილს ვიკავებ. ჯერ არ ვიცი რა პროფესიას დავეუფლები, თუმცა დღეს რასაც ვაკეთებ, მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს ძალიან".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები