"ბებო კარლა"

2023-02-20 18:07:34

"ბებო კარლა" - ამ ბრენდს რუსთავში უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანისთვის ის სულაც არაფერს ამბობდეს. 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დღეს მომეყოლა ერთ ძალიან საინტერესო და ნიჭიერ გოგონაზე, რომელიც ამ სახელის უკან დგას და საკუთარი ხელით შექმნილი ნაწარმით მომხმარებლების ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს.

ნინო ჯანიაშვილი - იგივე "ბებო კარლა" თვითნასწავლია და განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე საპნებსა და მკვებავ კრემეს ამზადებს. შეიძლება ითქვას, რომ საპნები არამხოლოდ სასარგებლო თვისებებით, არამედ ორიგინალური ვიზუალითაც გამოირჩევა.


"ბავშვობიდან ვხატავ, ვქარგავ, ვქსოვ, ვქმნი სახასიათო თოჯინებს. თავად სამი შვილის დედა ვარ და აქტიურად ვმუშაობ ბავშვთა მოტორიკის განსავითარებელ სათამაშოებზე.

ბოლო რამდენიმე წელია, ახალი საქმიანობაც შევითავსე და ხელნაკეთი, ნატურალური, სამკურნალო თვისებების მქონე საპნებისა და მკვებავი კრემების წარმოება დავიწყე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს ბებო კარლას, იგივე ნინოს ლოკოკინების ლორწო წარმოადგენს. ყველა პროდუქცია, რომელიც "ბებო კარლას" ეკუთვნის, ამ სასარგებლო სითხითაა გაჯერებული".

ინსპირაციის წყარო ნინოსთვის დედა იყო.

"იდეა დედის საქმიანობიდან წამოვიდა, ის წლების განმავლობაში ამზადებდა კოსმეტიკურ პროდუქციას. სწორედ ამით დაინტერესება გახდა ინსპირაცია, რომ გამეგრძელებინა მისი წამოწყებული საქმე და შემემატებინა რაღაც ახალი. იდეა და ინტერესი გავაერთიანე ცხოველების დიდ სიყვარულთან და ასე შევქმენი პირველი საპონი, რომელიც ლოკოკინების ლორწოზე დამზადდა".


საპნებისა და კრემების დამზადების პროცესი, ძირითადად, ღამის საათებში მიმდინარეობს, რადგან დღის განმავლობაში ლოკოკინის ლორწოს აგროვებს.

"პირველი ნაბიჯების შემდგომ დავიწყე ამ საქმის უფრო ღრმად და დეტალურად შესწავლა. ვინაიდან, ჩემს პროდუქციაში ხშირად ვიყენებ სამკურნალო მცენარეებს, ამჟამადაც ვსწავლობ მცენარეების ამათუიმ სიკეთეებზე. საპნები მზადდება სხვადასხვა ტიპის კანისა და პრობლემისთვის და ბუნებრივია, ვცდილობ ყველა საპონს თავისი დანიშნულება მოვარგო, რომ უკეთესი ეფექტი მივიღო. ხშრად ვიყენებ სტაფილოს წვენს, თაფლს, რძეს, ლიმონის წვენს, ალოე ვერას.

ეს პროცესი ძალიან შრომატევადია, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოც. მთელი დღის განმავლობაში ვაგროვებ ლოკოკინის ლორწოს და ძირითადად ღამე ვამზადებ საპნებს. ხშრად მეკითხებიან, თუ საიდან მოგდის ეს იდეები, იდეა ნებისმიერი დეტალისგან შეიძლება განვავითარო. საკუთარი წარმოსახვა ხშირად არ მასვენებს და ვცდილობ შევქმნა ის, რაც ჩემი წარმოსახვის ნაყოფია".

სამომავლო გეგმა ბევრია, მოტივაცია კი გეგმების განსახორციელებლად, ამაღლებული.


"ვცდილობ ჩემი საქმიანობა საინტერესო აქტივობებითაც დავტვირთო, ხშირად ვაწყობ სოციალურ ქსელში გათამაშებებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთვება და დიდი ინტერესით ვავლენთ ხოლმე გამარჯვებულებს.

დღესდღეობით, ბებო კარლას სასარგებლო და ძალიან ლამაზ საპნებს ბევრ გამოფენაზე იხილავთ. ხშირად ვსტუმრობ საგამოფენო სივრცეებს, მათ შორის თბილისსა და რეგიონებში, აქტიურად ვიღებ მონაწილეობას რუსთავში დაგეგმილ ღონისძიებებში და ამისთვის მინდა ყველა ორგანიზატორს, მათ შორის რუსთავის მერიას დიდი მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ ღონისძიებას რუსთაველი მეწარმეების ჩართულობით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მალე მზად იქნება ჩემი სახელოსნო და ახალ-ახალ იდეებს იქიდანაც გაგიზიარებთ. ასევე ვგეგმავ პატარა მეგობრული მაღაზიის გახსნას რუსთავში, ჩემი ერთგული და ასევე ახალი მომხმარებლებისთვის".

ბრენდის სახელი - "ბებო კარლა" მისი ფსევდონიმია. ნინომ სახელის ისტორიაზეც გვიამბო.

"ბებო კარლა ჩემი მეგობრების ხუმრობით შერქმეული სახელია, რომელიც ასე შემოგვრჩა დაშემდგომ უფრო განვამტკიცე. თავიდან ეს ხელსაქმის დიდი სიყვარულიდან წამოვიდა, მერე კი ლოკოკინების რამდენიმე თაობის ბებია გავხდი და ეს ხუმრობით დარქმეული სახელიც ადვილად დასამახსოვრებელი გახდა ჩემი მომხმარებლებისთვის. მე მყავდა რამდენიმე ლოკოკინა, მერე გავამრავლე და გავხადე ძალიან ბევრი, ზამთრის პერიოდში იძინებენ, ახლა დიდი რაოდენობა აღარ მყავს, მაგრამ მყავდა 3000 ცალი. ველოდები რომ ზამთრის პერიოდმა გადაიაროს, თუმცა ამ ეტაპზეც, რა თქმა უნდა, ვიყენებ ისევ ლოკოკინის ლორწოს ჩემს პროდუქციაში".

 


ბოლოს კი რჩევას დედებს უზიარებს.

"ხშრად მისვამენ კითხვას, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს სამი შვილის დედა. მინდა იმ დედებს მივმართ და რჩევა მივცე, რომლებსაც სახლში უწევთ ყოფნა და პატარების გაზრდა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი გყავთ, ყველა ქალი იღლება რუტინით, ამიტომ აუცილებლად გაიჩინეთ საყვარელი საქმე, ჰობი, რაც სიამოვნებას მოგგვრით. დედობა უდაოდ დიდი მადლია, თუმცა დაუთმეთ თქვენს ინტერესებსაც დრო, დაუჯერეთ საკუთარ წარმოსახვებს და მიჰყევით ოცნებებს".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები