"ყველგან ვიტყვი სიმღერით, რომ რუსთაველი ვარ"

2023-01-30 20:01:44

მისი საავტორო ბადე 800-ზე მეტ სიმღერას იტევს. ის წერს და არაჩვეულებრივად ასრულებს კიდეც სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს.

დღეს გიამბობთ ადამიანზე, რომელსაც რუსთაველები ნამდვილად უნდა იცნობდნენ.

მაია სიჭინავა - ესპანეთში მოღვაწე რუსთაველი ემიგრანტი, რომელიც ამღერებული ლექსებით უყვება უცხო ქვეყნის შვილებს საქართველოზე.

კომპოზიტორი და შემსრულებელი სიმღერებს ბავშვობის ასაკიდან წერს. ამბობს, რომ მთავარი მუზა მუსიკის შექმნისთვის, ისევდაისევ მის მიმართ ძლიერი სიყვარულია.

"პირველად მერვე კლასში ვიყავი, როცა სიმღერა დავწერე. თვითონაც არ ვიცი, როგორ ამღერდა ლექსი, რადგან არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ნოტების კითხვა არ ვიცი. ლექსს თავისი ტონალობა და მელოდია აქვს და ყველა სიტყვა გეუბნება, როგორ  უნდა იმღერო. არ გამჭირვებია და რატომ? იმიტომ, რომ ჩემი მუზა სიმღერის სიყვარულია.


გადაწყვიტა, ამ მიმართულებით პროფესიონალური ცოდნა მიეღო და სწავლა საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში განაგრძო. ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, ფანდური, ტამტამი - ყველაფერს სწორედ ამ სივრცეში დაეუფლა.

"საესტრადო სასწავლებელმა მომცა ის ცოდნა, რაც პროფესიონალ მომღერალს სჭირდება. ჩემი პედაგოგები ეთერ იოსებიძე და ალექსანდრა-შურა ჯანელიძე იყვნენ. სიმღერის წერა არც სტუდენტობისას შემიჩერებია. ვმღეროდი ფულარმონიის გოგონათა  კვარტეტ "ხმებში" და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეპერტუარში ჩემი სიმღერებიც გვქონდა. ასევე, მაქვს ესპანეთში მოქმედ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "FANTASI"-ში მუშაობის გამოცდილებაც".


და მერე... მერე მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებაზე საუბარს იწყებს.

"მერე ქვეყნიდან წასვლა მომიწია - ესპანეთი ავირჩიე. 22 წელია ემიგრაციაში ვარ, დიახ, 22 წელი გავიდა და დღემდე  ემიგრანტი ვარ. მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ცხოვრება რა რთულია. ყველა ამ სირთულის გამოვლა, გადალახვა მომიწია და რაღაცნაირად, ვეღარ ვწერდი სიმღერას, თითქოს ნიჭმა მიიძინა. ამ ხნის განმავლობაში, მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი ლექსიც კი ვერ ავამღერე და ჰოი საოცრებავ, ეს ბოლო 5-6 წელია ისევ დავიწყე წერა და როგორ გითხრათ, ისეთი გრძნობაა, რომ ვეღარც ვჩერდები. ლექსებს ინტერნეტის  საშუალებით ვპოულობ, ძალიან ბევრი პოეტი გავიცანი ასე და ყველას  უხარია, ამღერებულ ლექსს რომ უსმეს. ავამღერე უმრავლესობა ჩვენი კლასიკოსებისა, შოთა რუსთაველიდან დაწყებული, ანა კალანდაძით დამთავრებული. ავამღერე ათი მცნება, ცხრა ნეტარება. დავწერე ჩვენი ქართული ანბანის გალობა და რამდენიმე საგალობელი". 

სიმღერებს ახლა უკვე ესპანურადაც წერს.

"დავიწყე ესპანურადაც ლექსებისა და სიმღერების წერა, რადგან მთხოვეს აქაურმა მეგობრებმა, სულ ქართულს რომ მღერი,  იქნებ ესპანურადაც დაწეროო, ვცადე და გამომივიდა კიდეც. დიდი სურვილი მაქვს ჩემი შემოქმედება ქართველ მსმენელამდე მივიდეს და მშობლიურმა ქალაქმა იამაყოს ჩემით".


და რაც მთავარია, რუსთავი... მრავალი ჯილდოსა თუ სოლო-კონცერტის ავტორი ამბობს, რომ რუსთავი მისი ცხოვრების საწყისია. ადგილი, რომელმაც ყველაფერი კარგი ასწავლა.

"რუსთავი ჩემი სიცოცხლის და ცხოვრების საწყისი, სათავეა. აქ ვისწავლე ყველაფერი კარგი და ყველგან სიამაყით ვამბობ, რომ რუსთაველი ვარ. ლექსი რომელიც მივუძღვენი ჩემს ქსლაქს და ავამღერე კიდეც, ასე  ჟღერს - "ყველგან ვიტყვი მე სიმღერით  რუსთაველი ვარ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები