11 წლიდან რუსთავის თეატრის სცენაზე დგას და უკვე, შესრულებულ 40-მდე როლს ითვლის.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა, რომელიც ამ წელს ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებლი გახდა, ჩვენი ქალაქის თეატრის სცენაზე აიდგა ფეხი. მიხარია, რომ მისი მაყურებლების რიგებში მეც მოვხვდი. ვინაიდან და რადგანაც, ახლა ჩემი საავტორო რუბრიკიდან გესაუბრებით, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ ის ნამდვილად გახლავთ რუსთავის თეატრის გამორჩეული სახე, სახე, რომლის ერთხელ ნახვის შემთხვევაშიც, გარეგნული მახასიათებლებისა და ნიჭიერების სრული თანხვედრით, განსაკუთრებულად მოხიბლული დარჩებით.
ჩემი რესპონდენტი ძალიან თავმდაბალია, ამბობს, რომ გაკვირვებული და ამავდროულად, ძალიან გახარებულიც დარჩა ამ ტიტულით. მე კი, ალბათ წინასიტყვაობიდან გამომდინარე არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ფაქტით გაოცებული საერთოდაც არ დავრჩი.
"სოსო ნემსაძის სპექტაკლში "მიმძიმს ამაზე საუბარი" შესრულებული როლისთვის მივიღე ეს ჯილდო. იმ სევდიან რეალობაში, რაშიც ჩვენ, მსახიობები ვიმყოფებით, ეს ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა. ვიღაცამ დაინახა ის, რასაც აკეთებ, ეს ძალან მაგარია და მიხარია, რომ მე მხვდა წილად ეს ბედნიერება. რა თქმა უნდა, მაყურებლისგან იღებ სითბოს, მაგრამ ისიც ძალიან კარგია, რომ პროფესიონალი მოვიდა, ნახა, შეგაფასა და დაგაფასა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, იმხელა სიხარული მომენიჭა, ეს რომ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოულოდნელიც იყო და ძალიან სასიხარულოც, დიდი ხანია, არ მქონია მსგავსი სიურპრიზი".
ყველაფერი კი, 9 წლის ასაკიდან დაიწყო.
"მაშინ თეატრალური სტუდია იყო, რომელსაც "დიდობანა" ერქვა და გამოცხადდა ტელევიზიით კასტინგი, მივედი და წარმატებით გავიარე. დაახლოებით 9 წლის ვიყავი. იმ სტუდიაში უფრო გადავწყვიტე, რომ ამ გზას გავყვებოდი. კი იყო შემდეგ, რომ შევიცვალე აზრი, რაღაც მერყეობა დავიწყე ჟურნალისტობა მინდოდა თუ მსახიობობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არა, ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება და ბევრი არც მიყოყმანი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩი ამ სტუდიაში. სპექტაკლებშიც ვთამაშობდით, საახალწლო სპექტაკლებით ვიყავით განსაკუთრებულად დაკავეულები და მოკლედ, ძალიან წარმატებული სტუდია იყო, რომელმაც მიბიძგა, მსახიობი გავმხდარიყავი.
შეიძლება ითქვას, რომ 11-12 წლის ვიყავი, როდესაც რუსთავის თეატრის სცენაზე პირველად შევდგი ფეხი. მახსოვს, საახალწლო სპექტსკლი გვქონდა. ახლა მეცინება კიდეც, სადაც ვთამაშობთ, სარდაფში, ბავშვობაში შესვენებაზე ჩავდიოდით, მახსოვს ბუფეტი იყო იქ".
შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ნათიას გადაწყვეტილებას მამის დიდი მოწონება არ დაუმსახურებია, ის ამ გადაწყვეტილებაში იყო ძალიან პრინციპული და ურყევი.
"მამას არ უნდოდა, დიდად არ მგულშემატკივრობდა, დედა მხარს მიჭერდა ასე თუ ისე, მაგრამ ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი მტკიცე გადაწყვეტლება და მონდომება რომ დაინახა, მოგვიანებით მამაც შეუერთდა დედას. შეხედეს, რომ ჩემით წავედი, გავიარე 1 ტური, მე-2, მე-3 და მერე უკვე ნამდვილად გახდნენ ჩემი დიდი გულშემატკივრები.
ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არცთუისე მარტივია. თუმცა სტუდიამ, რომელზეც გიამბეთ, ძალიან ბევრი რამ განაპირობა და ბევრი უნარ-ჩვევა შემმატა. როცა ჩავაბარე, ფაქტიურად უკვე გარკვეული ბაზა მქონდა, დისციპლინა, სხეულის ფლობა, ცეკვასაც ვსწავლობდი, სიმღერასაც და ეს უნარები ნამდვილად ძალიან დამეხმარა. მე თვითონაც ვხვდებოდი, რომ სხვა ისე არაფერი არ გამომივა, როგორც ეს. ანუ თეატრალურისთვის მზად ვიყავი და სხვა სასწავლებლისთვის არა, ამასაც ვაცნობიერებდი".
როცა ვეკითხები პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ როლზე, ახსენდება რუსთავის თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და მისი სპექტაკლი "მსხვერპლი".
"სოსო ნემსაძესთან ჩემი ურთიერთობა არ იწყება რუსთავის თეატრით, იწყება გორის თეატრით. სოსო არ იყო ის რეჟისორი, ვინც თავიდან დამაკავა, მეორე იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ეს გახლავთ. მანამდეც იყო რაღაცები, მაგრამ ეს ნამდვილად განსაკუთრებულად მახსენდება. სოსოს, როგორც რეჟისორს, მაშინ პირველად შევხვდი. საუბარია, კლდიაშვილის "მსხვერპლზე", სადაც მარინეს ვთამაშობდი. ეს კავშირი, ჩემსა და სოსოს შორის, როგორს რეჟისორსა და მსახიობს შორის, ძალიან ემოციურად მახსოვს. ხომ არის, რომ ეს რეჟისორი ნაკლებად ჩემია, ეს ნამდვილად არის ჩემი, სოსოსთან დაკავშირებით მაშინ სწორედ ამას მივხვდი".
მისი ისტორია მხოლოდ თეატრით არ შემოიფარგლება და მრავალმხრივაა განვითარებული.
"იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემს ცხოვრებაში, ახმეტელის თეატრი, გრიბოედოვის, გორის და საბოლოო ჯამში, რუსთავის თეატრი. ჯამურად, 40-მდე როლი მითამაშია. მე თვითონაც გამიკვირდა, ამდენი როგორ არისთქო. იყო სერიალების, რეკლამების გამოცდილებებიც. ამ წუთას, ვთამაშობ სერიალში "სიყვარულს მიღმა", რომელიც პირველ არხზე გადის. პარალელურად, 6 წელია გახმოვანებითაც ვარ დაკავებული და ვიყენებ ხმას, როგორ უნარს, ფილმები, სერიალები და რეკლამებიც კი გამიხმოვანებია. ამავდროულად, სტუდია "ახალ სივრცეში" ბავშვებს ოსტატობას ვასწავლი".
საკუთარი თავი სხვა საქმეში ვერ წარმოუდგენია. მთელს ამ ამბავში კი განსაკუთრებული, მისი და რუსთავის თეატრის ურთიერთობაა. ის, რაც ახლა რუსთავის თეატრში ხდება, მისთვის ნამდვილად არის ამ სივრცის გამოცოცხლება და ბედნიერია, რომ იმატა კავშრიმა მსახიობებს და მაყურებლებს შორის.
"რუსთავის თეატრში რომ მოვედი, ასეთი მუხტით არ იყო და ძალიან მწყდებოდა გული იმიტომ, რომ ნანახი მქონდა, რა ხდებოდა სხვა თეატრებში. ვთვლი, რომ მაქვს იმის უფლება, ვთქვა, ამ პერიოდში, მე რასაც მოვესწარი, მგონია, რომ სოსო ნემსაძის მოსვლიდან, ყველაზე მაგრად გამომცოცხლდა რუსთავის თეატრი. სხვანაირად ახმაურდა, მაყურებელი სხვანაირად გააქტიურდა და რა თქმა უნდა, კავშირმაც იმატა, ჩვენსა და მაყურებელს შორის. ძალიან ვგრძნობ ამას, არა მხოლოდ თეატრში, არამედ ქუჩაშიც. ჩემი ქალაქია და ეს ძალიან სასიამოვნოა, ისიც ძალიან მტკივნეული იყო, რომ თითქოს რაღაცნაირი პაუზა ჰქონდა რუსთავის თეატრს აღებული, მაგრამ ახლა ძალიან სასიხარულოა ის, რაც ხდება და ამის არ დანახვა, უბრალოდ არ შეიძლება.
რომ ვფიქრობ, ვერაფერში ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. კი, შეიძლებოდა კარგი იურისტი გამოვსულიყავი, კარგი ექიმი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ამ საქმის გარდა სხვა რამეს ვაკეთებდე. ზოგადად, მსახიობები ემოციების შემგროვებლები ვართ, დამკვირვებლები, ვაკვირდებით ადამიანებს და ხურჯინით ვაგროვებთ ამ ემოციებს. მერე ეს ყველაფერო გადმოგვაქს სცენაზე და მაყურებელს ვუზიარებთ. მგონია, რომ მსახიობობა უბრალოდ ის არაა, სპექტაკლში თამაშობდე ან კინოში, გაცილებით უფრო დიდი ფუნქცია აკისრია მსახიობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში დავაფიქსიროთ ჩვენი აზრები და პერსონაჟების საშუალებით, ჩვენი პოზიციები გამოვხატოთ, მოვახდინოთ კარგი ზეგავლენა მაყურებელზე. მე თუ ცუდ გმირს ვთამაშობ, ისე უნდა დავანახო ეს მაყურებელს, რომ მან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვას, ქნებ რაღაც სიტუაციაში საკუთარი თავიც ამოიცნოს და გახდეს კიდეც ეს ბევრი რამის შეცვლის მიზეზი. მსახიობს ძალიან დიდი როლი აკისრია საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში".