22 წლის რუსთაველი მხატვარი - ლაზარე გელაშვილი

2022-12-10 14:27:09

პირველი ნახატი დაკუჭა, გადააგდო... თუმცა მერე, მერე იყო ხატვაში გათენებული ძალიან ბევრი ღამე. 

ისეთი პორტრეტის შესაქმნელად, რომელსაც არც დახევდა და მეტიც, სხვებსაც აჩევენებდა, 1 წელი დასჭირდა. ეს იყო გოგონა, რომელიც ჩემი რუბრიკის დღევანდელ გმირს, 22 წლის ლაზარე გელაშვილს, მაშინ ძალიან მოსწონდა.

და მისმა ყველა სხვა უნიკალურმა პორტრეტმა, სათავე სწორედ აქედან აიღო.



"როდესაც პირველად გადავწყვიტე პორტრეტი დამეხატა, 15 წლის ვიყავი. მუშაობა შუაღამისას დავიწყე. გამთენიისას, როცა ნამუშევარს შევხედე, დავკუჭე, ნაგავში გადავაგდე და დავიძინე, ამდენად არ მომეწონა. თუმცა, ამის შემდეგ, ყოველ ღამე ვათენებდი ხატვაში იმის იმედად, რომ ამჯერად გამომივიდოდა. ერთი წელი დამჭირდა ისეთი პორტრეტის შესაქმნელად, რომელსაც არ დავხევდი და სხვებს ვაჩვენებდი. ხატვისადმი ამხელა მიდრეკილება და შემართება გამოიწვია ფოტომ, რომელსაც ვიხატავდი, ეს იყო გოგონას პორტრეტი, მე ის უზომოდ მომწონდა".

16 წლის ასაკში სოციალურ ქსელში მისი ნამუშევრის ფოტო გამოაქვეყნა. საზოგადოების რეაქცია და დადებითი გამოხმაურება, ლაზარესთვის დიდი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.



"16 წლის ასაკში, ჩემი ერთ-ერთი ნახატი გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში,  რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. მერე ხშირად ვაქვეყნებდი საჯაროდ ნამუშევრებს და დროთა განმავლობაში, სულ უფროდაუფრო მეტი ხალხი გამოეხმაურა ჩემს შემოქმედებას. ძირითადად, ვხატავდი  უბრალო ფანქარში, იშვიათად კალმით. უცნაურია, მაგრამ არ მომწონდა ფერადი ნამუშევრები, ზოგჯერ თუ შევურევდი რომელიმე  ფერს ფანქით დახატულ პორტრეტს. დღესდღეობით, ყველაზე მეტად, ნახშირში და ფანქარში მუშაობა მიყვარს".

სკოლის დასრულების შემდეგ, 100%-იანი დაფინანსებით, არქიტექტურაზე ჩააბარა, თუმცა მიხვდა, რომ არქიტექტურა მისი სფერო არ იყო. 



"ხატვის ასეთი სიყვარულის გამო, სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. 9 თვის განმავლობაში, რუსთავიდან თბილისში დავდიოდი, ჩემთვის გამორჩეულ მასწავლებელთან, ლევან ლონდარიძესთან. მისი წყალობით მიღებული ხატვის ქულით, 100% იანი დაფინანსება მოვიპოვე და ჩავირიცხე არქიტექტურის ფაკულტეტზე. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, მართალია ხატვას ვსწავლობდით, მაგრამ მე არ მიმიღია ის ცოდნა, რასაც მოველოდი,  პირიქით, დამთავრების შემდეგ, დიდი დრო დამჭირდა დავბრუნებოდი იმ დონეს, რა დონეზეც მანამდე ვიყავი".

სურს, რუსთავში სამხატვრო სკოლა გახსნას და როგორც პატარებს, ასევე დიდებსაც, საშუალება მისცეს, ხატვის ხელოვნებას დაეუფლონ.


"არქიტექტურაც არ გამოდგა ის პროფესია, რასაც ჩემი გული ითხოვდა, სწორედ ამიტომ, ისევ ხატვას დავუბრუნდი. ამ ეტაპისთვის, რუსთავში ხატვას ვასწავლი, ვიღებ ონლაინ შეკვეთებს facebook -დან და instagram -დან. ამავდროულად, ვხატავ ცნობილ ადამიანებს და ვცდილობ, ყოველ შემდეგ ნამუშევარზე, შესრულების დონე დავხვეწო.        

მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ვისახავ პატარ-პატრა მიზნებს და ვასრულებ. მინდა გავხდე საუკეთესო გრაფიკოსი საქართველოში და რუსთავში გავხსნა სამხატვრო სკოლა, სადაც ბავშვები და არამხოლოდ ბავშვები, ხატვის უმაღლეს ხელოვნებას დაეუფლებიან. ჩემი საბოლოო მიზანია, შევქმნა ორიგინალი ნამუშევრები, რომლის დანახვაზეც ყველა იტყვის - "ეს  ნახატი არაა".

ამბობს, რომ მათთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ ხაზის გავლებაც კი არ შეუძლიათ, ხატვა შეუძლებელი სულაც არ არის.

"ძალიან ბევრი ამბობს, "ნიჭი არ მაქვს და ვერ ვხატავ", "ვერასდროს დავხატავ ასე", "ხაზსაც ვერ ვავლებ სწორად". მინდა ასეთი ადამიანების გასაგონად ვთქვა, ვისაც მართლა დიდი სურვილი აქვს, ყოველდღიურად შრომობს, ცდილობს, შექმნას წინაზე უკეთესი და არასდროს ნებდება, ასეთი ადამიანები მწვერვალს აუცილებლად მიაღწევენ. ეს მოქმედებს არამხოლოდ ხატვაზე, არამედ  ნებისმიერ საქმეზე, რასაც ხელს მოვკიდებთ, ამიტომ არასდროს დანებდეთ და ყველაფერი გამოგივათ".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები