17 წლის რუსთაველმა გოგონამ, ქეთი კულიჯანოვმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორების დახმარების გარეშე სწავლის სრული, 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო.
ამ რეალობაში, როცა აბიტურიენტთა თითქმის სრული უმრავლესობა ეროვნული გამოცდებისთვის მასწავლებლებთან კერძოდ ემზადება, ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ აღმოვაჩინე ახალგაზრდა, რომელმაც სრულიად დამოუკიდებლად, საკუთარი სტრატეგიითა და გეგმით, მართლაც დიდი წარმატებას მიაღწია.
ქეთიმ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბავი იქიდან დაიწყო, რომ გოგონამ გარკვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, რეპეტიტორებთან მომზადება ვერ შეძლო.
"გარკვეული ეკონომიკური პრობლემების გამო რეპეტიტორებთან მომზადება არ შემეძლო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მომემზადებინა საკუთარი თავი. აბიტურიენტობამდე ინგლისურის გარდა არცერთ საგანში არ ვემზადებოდი. რაც შეეხება სკოლაში სწავლის პერიოდს, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამომუშავებული უნარები, ასევე ინტერნეტმასალა დამეხმარა, წარმატებით ჩამებარებინა ეროვნული გამოცდები".
იხსენებს, რომ დამოუკიდებლად მომზადების პროცესი ძალიან საინტერესო და ამავდროულად, გამოწვევებით სავსე იყო.
"დამოუკიდებლად მეცადინეობის პროცესი საინტერესო, გამოწვევებით სავსე და ამავდროულად ძალიან დამღლელი იყო. თითქმის ყოველდღე ვმეცადინეობდი 5-6 საათის განმავლობაში, თუმცა ძალების აღსადგენადაც ვიტოვებდი საკმაო დროს".
თავდაოზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამბობს, რომ საბოლოო შედეგი მისთვის ტირილამდე სასიხარულო იყო.
"უკვე როდესაც საგამოცდო პერიოდი მოახლოვდა, შევეცადე, რომ უფრო მეტი დრო დამეთმო გავლილი მასალის გამეორებისთვის, ნერვიულობაც მომემატა და უფრო ემოციური გავხდი ყველაფრის მიმართ. მართალია, გარშემომყოფები მოტივაციას მაძლევდნენ და ყველანაირად მამხნევებდნენ, თუმცა, რთულია, ბოლომდე დაძლიო მღელვარება. ბეჯითად შრომა ღირდა, რადგან საბოლოო შედეგები, ტირილამდე სასიხარულო იყო".
სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, ქეთი ახლა უკვე ჰუმანიტარული მეცნიერებების ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტია.
"ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული მეცნიერებების ისტორიულ ფაკულტეტზე. სამომავლოდ ვფიქრობ რომ დიპლომატიის კუთხითაც გავაგრძელო სწავლა და ამავდროულად ჩემი ჰობი(ცეკვა) ვაქციო პროფესიად. მინდა, გავამხნევო ახლანდელი აბიტურიენტები და ვუთხრა, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ გამოცდებთან დაკავშირებით. მთავარია მონდომება, ძალისხმევა, ბეჯითად შრომა და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს, რადგან შრომა ყოველთვის ნაყოფიერად მთავრდება".