საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების და რუსთავის "ხარების" მორაგბე ნიკა ლომიძე კარიერას ერთ-ერთ ძლიერ ფრანგულ კლუბში, Aviron Bayonnais Rugby-ში გააგრძელებს.
Aviron Bayonnais Rugby TOP 14-ს მიმდინარე სეზონში მე-7 ადგილზეა და ბოლო ტურში LOU Rugby-ს პრემიალური ქულით დამარცხების შემთხვევაში, პლეი-ოფში გავა.
ნიკამ ამ სეზონზე "ხარებთან" ერთად 10 თამაში ჩაატარა და 30 წლის შემდეგ პირველად, რუსთავის გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებაც შეძლო.
განვლილ გზაზე და მომავალ გეგმებზე წარმატებული მორაგბე თავად გვიამბობს.
"მე ვარ 19 წლის და რუსთავის ხარებში ვთამაშობ 2016 წლიდან.
ჩვენი გუნდის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელობის დახმარებით, რამდენიმე ფრანგულ კლუბთან გვქონდა მოლაპარაკება, მოხდა მათი დაინტერესებაც და შემდეგ მე გავაკეთე არჩევანი. რომელი კლუბიც ჩავთვალე, რომ ჩემთვის და ჩემი ვარჯიშისთვის, გაძლიერებასა და გაზრდისთვის უკეთესი იქნებოდა, სწორედ ეგ კლუბი გადავწყვიტე.
პროცესი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდსადა სიმართლე გითხრათ, არჩევანის გაკეთება საკმაოდ გამიჭირდა.
ჯერჯერობით მხოლოდ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, გუნდთან არ მივარჯიშია. თუ მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ ვითამაშეთ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავემგზავრები.
რაგბით სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. დაახლოებით 8 წელია რაც ვთამაშობ. დაინტერესება ჩემი ძმის მრიდან მოხდა. ჩემი ძმა შევიდა პირველად, მანამდე სხვა სპორტით ვიყავი დაინტერესებული, ჭიდაობაზე დავდიოდი, ასევე დავდიოდი ცეკვაზეც, მაგრამ ჩემი ძმის შემდეგ მეც დავინტერესდი რაგბით და მივიღე ეგ გადაწყვეტილება. დახლოებით 12 წლის ვხდებოდი მაგ დროისთვის.
მქონდა სურვილი, რომ თან სწავლა გამეგრძელებინა და თან მივყოლოდი რაგბს, მაგრამ ისეთ ეტაპზე ვარ, რაღაც დროით გვერდზე გადადება მომიწია, თუმცა ჩაბარებული მაქვს უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობაზე და გადავწყვეტ ამ საკითხსაც იმის მიხედვით, თუ რა ფორმით მომეცემა სწავლის გაგრძელების საშუალება".