თბილისში, კურიერები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
როგორც სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები აცხადებენ, ისინი გეგმავენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში შეიტანონ დოკუმენტი, სადაც მათი მოთხოვნები იქნება გაჟღერებული.
აქციის მონაწილეები საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.
"თავდაპირველად უცხოელების მცირე ჯგუფი იყო დასაქმებული და ჩვენ პრობლემა არ გვქონდა. თუმცა კომპანიებმა მასიურად უცხოელების დასაქმება დაიწყეს, რასაც ტარიფების საგრძნობლად დაწევა მოჰყვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წერილობით მივმართოთ, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ და დაგვეხმარონ.
კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები გვქონდა. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ორშაბათიდან გამოსწორდებოდა მდგომარეობა. ისინი გვატყუებდნენ, ცრუ დაპირებებს გვაძლევდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელმაც ქართული არ იციან, არ ასაქმებდნენ.
ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას ვგეგმავთ და სწორედ ამიტომ გვსურს, საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს "ვოლტი" და "გლოვოს" კურიერები არ გამოიძახონ", - განაცხადა ერთ-ერთმა კურიერმა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში მოთხოვნების ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.