"ჯორჯიან ეარვეისი" ბაჩიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

2025-05-29 19:29:30

შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. ამის შესახებ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ავიაკომპანია ეხმაურება დუბაიდან შესრულებულ რეისს, რითაც "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოაფრინეს.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

"ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა გატაცებით მოხდა. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა საერთაშორისო დანაშაულს "ჩატენეს "აირზენას" თვითმფრინავში" და ჩამოიყვანეს "მოტაცებული".

"საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს "აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა.