როგორი იქნება განახლებული პირადობის მოწმობები

2025-05-28 17:27:30

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დიზაინი იცვლება.

შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 10 მარტს გამოსცა. მისი ამოქმედება კი, 2025 წლის 4 ივნისიდან დაიწყება. თუმცა, ამ კონკრეტულ თარიღამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები, ძალაში ვადის გასვლამდე იქნება.

როგორი იქნება პირადობის მოწმობების ახალი დიზაინი

ბრძანების თანახმად, მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და ასევე, აღნიშნული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ამასთან, ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.

"გარდა ამისა, მოწმობა უნდა შეიცავდეს: "სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია", - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.