უცხოურ ვალუტაში ₾750,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებთ

2025-05-28 12:35:51

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო.

სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.

"ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის, აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.50 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 76.8%-ს შეადგენდა.