რას აცხადებენ რუსთავის მეტალურგიაში გაფიცულ თანამშრომლებზე

2025-03-25 18:34:25

მე-4 დღეა რუსთავის მეტალურგიის საწარმოს ორი საამქროს 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია.

გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

საწარმოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანიიდან ვრცელი განცხადება მიაწოდეს.

"თებერვალში ქარხნის ზოგიერთმა თანამშრომელმა რამდენიმე დღით უკანონოდ შეწყვიტა მუშაობა. აღნიშნული აქცია იყო უკანონო. თავად აქციის მონაწილეებიც აღიარებენ აღნიშნულ ფაქტს, მედიასთან ამ მოვლენებზე საუბრისას. უკანონო აქციის მონაწილეებს დაეკისრებათ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ შ.პ.ს. „რუსთავის ფოლადში“ 2024 წელს ხელფასის ზრდამ საშუალოდ 23% შეადგინა. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში, ადმინისტრაციამ და სამუშაო კოლექტივმა სრულფასოვანი დიალოგი მოაწყო, რათა განეხილათ ქარხნის თანამშრომელთათვის საინტერესო საკითხების ფართო სპექტრი. ამ მიზნისათვის ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდა თავისუფალი და ღია არჩევნები, ჩამოყალიბდა 15 კაციანი ჯგუფი, რომელიც ყველა თანამშრომლის ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნული ჯგუფი მუდმივ დიალოგს აწარმოებს საწარმოს ადმინისტრაციასთან. დიალოგის შედეგად, მოკლე დროში:

- მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა დასაქმებულის სამედიცინო დაზღვევის პირობები და გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების მომწოდებელ ახალ პროვაიდერთან;

- შეიცვალა ცალკეული სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო განრიგი, დასაქმებულთათვის უფრო მოსახერხებელ ვარიანტზე;

- მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელფასის ეტაპობრივად (აპრილი-ივლისი) 200 ლარის ოდენობით ზრდაზე თითოეულ დასაქმებულზე;

- დაინერგა პრემირების სისტემა, რომელიც თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს შესრულებული სამუშაოს შედეგების შესაბამისად გამოიმუშაოს თვეში დამატებით 350 ლარამდე.

გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება ხელფასების ინდექსაციაზე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში.

საწარმოს თანამშრომლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (1350-ზე მეტი ადამიანი) პირადად ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით წერილობით დაადასტურეს შეთანხმების მიღწევა. შესაბამისი დოკუმენტები საწარმოს ადმინისტრაციის განკარგულებაშია. ამ დროისთვის, ქარხნის თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 15%-ზე ნაკლებმა შეაჩერა მუშაობა. ამ ჯგუფის სახელით მოქმედებას ცდილობს პროფკავშირიც
(საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი). ქარხნის ადმინისტრაციას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის წარმოადგენს პროფკავშირი; აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ პროფკავშირში დაახლოებით ქარხნის 150 დასაქმებულია გაწევრიანებული. ამჟამად, საწარმოს ადმინისტრაცია ატარებს აღნიშნული აქციის სამართლებრივ შეფასებას მისი კანონთან შესაბამისობის დასადგენად. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ პროფკავშირის მონაწილეობით დასაქმებულთა მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედება ზიანს აყენებს საწარმოს და
საფრთხეს უქმნის ხელფასებისა და გადასახადების გადახდას დროულად, აგრეთვე იმ დასაქმებულებს რომლებიც არ ცხადდებიან სამსახურში. საწარმოს ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს საქართველოს შრომის კანონმდებლობას და განაგრძობს თანამშრომლებთან სამუშაო პირობების განხილვას, რაც მოიცავს არა მარტო ხელფასს, არამედ სხვა სოციალური გარანტიებსაც. ამასთან, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ მათთან, ვინც შანტაჟის და მუქარის ენით გვესაუბრება
",- ნათქვამია განცხადებაში.