3 დღეა რუსთავის მეტალურგიის 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია

2025-03-24 17:16:00

რუსთავის მეტალურგიის 2 საამქროს, ფოლადსადნობისა და სორტული გლინვის, 400-მდე თანამშრომელი 3 დღეა გაფიცულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა დასაქმებულმა გიორგი ფურცელაძემ განუცხადა, დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.

"საწარმოს მხრიდან ხელფასის მატების შემოთავაზება ჩვენთვის იყო მიუღებელი. გვთავაზობდნენ, 200 ლარის მომატებას, ოღონდ 4 თვის განმავლობაში ეტაპობრივად. გაფიცული თანამშრომლები ვითხოვდით თანხის აპრილიდანვე ერთდროულად მომატებას, ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელი იყო.

გაფიცულია ფოლადსადნობისა და სორტული გლინვის საამქრო.

ჩვენი მოთხოვნები წერილობითი სახით იყო მიწოდებული, იციან რასაც ვითხოვთ, უბრალოდ მერე აღარ ყოფილა გამოხმაურება.

წინა ჯერზე მხოლოდ ფოლადსადნობი საამქრო იყო გაფიცული, მაშინ ეს გაფიცვა უკანონოდ მიიჩნიეს. ახლანდელი გაფიცვა პროფკავშირების მხარდაჭერითა და თანადგომით, კანონის ფარგლებში მოვაქციეთ. იყო 21 დღიანი მედიაციის პერიოდი, ეს ვადა გავიდა, შემდეგ მოითხოვა დირექციამ ამ სამედიაციო ვადის გაგრძელება, თუმცა ჩვენი მხრიდან მოხდა უარყოფა. დავწერეთ 3 დღიანი გამაფრთხილებელი წერილიც, რომ ვიფიცებოდი",- განგვიცხადა გიორგი ფურცელაძემ.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საწარმოს ადმინისტრაციას, თუმცა მათი მხრიდან ამ დროისთვის გაფიცვასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ კეთდება.