რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით მიიღო.
რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 172 075 000 ლარითაა განსაზღვრული.
გადაწყვეტილებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ალექსანდრე ბერიძის ხელმძღვანელობით დამტკიცდა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" წევრებმა. ფრაქციის თავმჯდომარე ნათია შელეგიამ კენჭისყრის დაწყებამდე პოლიტიკური განცხადება გააკეთა და თანაგუნდელებთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია "ლელოს" ორმა წევრმა. სხდომას არ ესწრებოდნენ და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა ასევე არ მიუღიათ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მეორე ჯერზე საკრებულოში განახლებული მონაცემებით, 39 მილიონი ლარით გაზრდილი დაბრუნდა.
დოკუმენტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა 65 000 000 ლარზე მეტია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის გათვალისწინებული საწყისი თანხა 12 610 000 ლარამდეა. დასუფთავება, გარემოს დაცვის ღონისძიებები - 12 481 000, ხოლო განათლების პროექტები 18 127 000 ლარით განისაზღვრა.