600 ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს შეუძენს

2024-12-30 11:05:21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის.

ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის, 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი - 35 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში, სოფლად სახლების შესყიდვისთვის, 65 მილიონი ლარი გამოიყოფა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.