"პირდაპირი ფრენები საქართველოდან აშშ-ში"

2022-12-06 11:17:11

აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არის რთული და გრძელი პროცესი, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მზადყოფნას, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციას განსაკუთრებული, სპეციფიკური მოთხოვნები გააჩნია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის მოთხოვნები უკავშირდება უსაფრთხოების წესებს, მათ შორის უსაფრთხოების შემოწმების განსხვავებულ პროცედურებს.

"აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლები არის რთული და გრძელი პროცესი, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მზადყოფნას - აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას განსაკუთრებული, სპეციფიკური მოთხოვნები გააჩნია უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოების შემოწმების განსხვავებულ პროცედურებთან დაკავშირებით. ამაზე მიდის მუშაობა, კოვიდამდე დაიწყო, თუმცა ამან შეაფერხა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე 2023 წელს ჩვენ გვეყოლება მისია, რომელიც შეაფასებს, მოახდენს აუდიტს და გვექნება დეტალური, მკაფიო რეკომენდაციები, თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული კუთხით, რათა ჩვენ შესაბამისობაში ვიყოთ. მეორე ნაწილია კომერციული ნაწილი, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც იფრენს აშშ-ის მიმართულებით, თუმცა იმ აღდგენის ტენდენციებიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ რეალისტურია აშშ-სთან პირდაპირი ფრენები.

ასევე მიდის მუშაობა თავისუფალ ვაჭრობაზე აშშ-სთან. ამერიკას დღეს შეჩერებული აქვს მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობაზე ნებისმიერ ქვეყანასთან, შესაბამისად, არ არის მარტივი, რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობა აქვს აშშ-სთან. ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც აღნიშნული იყო ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან შეხვედრისას. ასევე განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება ასეთ სტრატეგიულ ქვეყნებთან ჰქონდეს აშშ-ს ურთიერთობა სავაჭრო კუთხით. ეს შეიძლება იყოს ვაჭრობის სხვა რეჟიმი და ასეთი ერთეული ქვეყნებია - მათ შორის არის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ გამომდინარე სტრატეგიული ურთიერთობიდან, ეს საკითხი არ არის დახურული", - განაცხადა დავითაშვილმა.