15 წლის რუსთაველი მოსწავლე, რომელიც USAID-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

2023-03-05 14:19:32

ნატა გოგიძე 15 წლის რუსთაველი მოსწავლეა, რომელიც USAID-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და სხვა მოსწავლეებისთვის პროექტის განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვა.

დიახ, არ გეშლებათ, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ასაკი მხოლოდ ციფრებია. თქვენ დღევანდელი რუბრიკით გაიცნობთ ძალიან ჩამოყალიბებულ, ჭკვიან და მიზანდასახულ გოგონას, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და როგორ უნდა მოიქცეს დასახული გეგმების განხორციელებისთვის.

ის, რასაც წაიკითხავთ, უემოიციოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ. მისმა მოსმენამ, მე, როგორც უკვე ზრდასრულ ადამიანს, გამიჩინა კითხვა - "ნეტავ რაზე ვფიქრობდი საერთოდ 15 წლის ასაკში?" და ცოტა არ იყოს, კეთილი შურით შემშურდა ამ ახალგაზრდა გოგონასი, რომელმაც თავისი მიდგომებით კონკრეტული საკითხების მიმართ, მოახერხა და აღმოჩნდა დროზე წინ.

მას რუსთაველებიც და არარუსთაველებიც აუცილებად უნდა იცნობდნენ. ნატა გოგიძე - მოსწავლე, რომელიც თანატოლებისთვის და მჯერა, არამხოლოდ თანატოლებისთვის, აღმოჩნდება ძალიან დიდი მაგალითი.


"მე ვარ 15 წლის რუსთაველი, რომელმაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი მოიგო, კონკურსის ფარგლებში კი პროექტი "სწორი არჩევანი" დამიფინანსეს. ჩემი პროექტის მიზანია, 14-18 წლამდე ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის არჩეევანში დავეხმარო, რადგანაც ვთვლი, რომ ძალიან რთულია ასეთ ასაკში მიიღო ისეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, როგორიც პროფესიის არჩევაა. მე ჩემში ვგრძნობ იგივე დაბნეულობას და შიშს, რომ დრო მალე გავა და მაინც არ მექნება კითხვაზე პასუხი, თუ რა სფეროში მინდა ვიყო. ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ რა სფეროშიც არ უნდა წავიდე, აუცილებლად ვიქნები წარმატებული.

სამწუხაროა, რომ სკოლებში არ ხდება მსგავსი ტიპის გამოცდილების მიღება და ვსწავლობთ ძალიან ბევრ საგანს, რომლის სწავლასაც, თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში, ფასი აღარ აქვს, რადგან უმეტესობა მასწავლებლებთან ემზადება და გამოცდებს ისე აბარებს. ყოველდღე შვიდი ორმოც წუთიანი გაკვეთილი და თანაც მათში მოცემული დავალებების შესრულება, გაცლის მთელ ძალებს და გეცლება იმის სურვილიც, რომ რამე დამატებით კიდევ გააკეთო, თუმცა ჩემი გრაფიკი ისე მაქვს აწყობილი, რომ სახლში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 1-2 ვასწრებ შემოსვლას".

მისთვის მთავარი მოტივაცია სკოლაში მაღალი ნიშნების მიღება არაა, მას უბრალოდ სურს, რომ გააკეთოს მაქსიმუმი ნებისმიერ საქმეში, რომელშიც იქნება. და საქმე, მიუხედავად მცირე ასაკისა, ძალიან ბევრი აქვს.

"ზოგადად ვარ მორცხვი, მორიდებული და უფრო მეტად ინტროვერტი ადამიანი. იმაში, რომ დღეს ასეთი გრაფიკი მაქვს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ოჯახს. ყველა ცდილობს ხელი შემიწყოს, რომ ვაკეთო ის, რაც მომწონს, განვვითარდე, თუმცა არ გადავიტვირთო. გარშემო ხშირად უკვირთ როდის ვასწრებ ამდენ რაღაცას და ამვდროულად ვარ ფრიადოსანი. ყოველთვის ვამბობ, რომ  ჩემი მიზანი არაა ვიყო ფრიადოსანი, ჩემი მიზანია ვაკეთო მაქსიმუმი რაც იმ მომენტში შემიძლია. სკოლაში კარგ ნიშნებზე სწავლა კი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა მე მასზე გაცილებით ნაკლებ დროს და ენერგიას ვხარჯავ, ვიდრე მის გარეთ საქმიანობებზე.

გაკვეთილების მერე ხშირად ვრჩები სკოლაში, რადგანაც სამოქალაქო კლუბის ლიდერი ვარ, რომელშიც ვგეგმავთ და ვახორციელებთ აქტივობებს მოხალისეობრივად. კლუბი ამ წელს USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ უკვე, ბევრ რამეზე ავამაღლეთ ცნობიერება და მოსწავლეთა ყურადღება ბევრი ისეთი საკითხისკენ მივმართეთ, რაზეც აქამდე არ უფიქრით, თუმცა გეგმა კიდევ ბევრი გვაქვს.

ამას გარდა, ვარ ინგლისური ენის ACCESS Program-ის მონაწილე. ეს არის ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის 2-წლიანი პროგრამა, რომელიც შენი ინგლისური ენის ცოდნის დონეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ეს ხდება არაფორმალურ გარემოში, საოცარ ხალხთან ერთად. მეორე წელია რაც ამ პროგრამაში ვარ და რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მასში ჩავერთე, თუმცა გული მეთანაღრება, რომ ივნისში უნდა გამოვემშვიდობო იმ მხიარულ გარემოს, რომელის თითოეულ წევრსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იქ გატარებული წუთები დაუვიწყარი და გასაოცარია.


ასევე ვარ ანსამბლ "კავკასიონი"-ს წევრი. ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგან ამ დროს ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. მოცეკვავეობა ჩემი ბავშობის ოცნება იყო, მახსოვს 2-3 წლის ნატა როგორი თვალებით უყურებდა ტელევიზორში ქართულ ცეკვებს და ოცნებობდა, რომ ერთ დღეს თვითონაც გახდებოდა მოცეკვავე.

ამასთანავე, თუკი შესაძლებლობა და დრო მაქვს, ვერთვები სიქას, ამერიკული კუთხის, უნივერსიტეტების და ორგანიზაციების პროექტებში, პროგრამებსა და კონკურსებში. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ჩემი პირველი გამოცდილება ამ მხრივ 4 წლის წინ იყო, სიქას ხელნაკეთი ნივთების კლუბში. როგორც უკვე ვახსენე, მორცხვი ვარ, მაშინ არ შემეძლო სიახლეების მიღება და დღემდე მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, როცა პირველად მივდიოდი სიქაში ჩემს დასთან ერთად. იმდენად მეშინოდა, რომ თუ რამე არ გამომივიდოდა, რა იქნებოდა, კარზე დაკაკუნებამდე ვუთხარი ჩემს დას, გადავიფიქრეთქო და უკან მინდოდა დაბრუნება, თუმცა მან კარზე დააკაკუნა, გააღო და ხელი მკრა. დღემდე მადლიერი ვარ, რომ მაშინ ჩემმა დამ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც მკრა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერასდროს შევძლებდი იმის გააზრებას, რომ ჯობია სცადო და მიხვდე რისი გეშინოდა, ვიდრე არ სცადო და არარსებულის გეშინოდეს.

ჩემი და იყო ადამიანი, ვინც თავიდან სიქას შესახებ მითხრა და დამეხმარა, გამეგო იმ მშვენიერი ადგილის ხიბლი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება და ბედნიერი წუთები მოიტანა თავისი პროექტებით. მაქედან კი უკვე გავიგე ამერიკულ კუთხეზე და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებმაც ახალი გამოცდილება, მიზნები და კონტაქტები მომცა. ამ პროექტში გამარჯვებაც ვთვლი, რომ ხალხის დახმარების გარდა, ახალი გამოცდილების, პიროვნული ზრდის და კავშირების გაჩენის კარგი გზაცაა".

პანდემიის პერიოდი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარს დაემთხვა. ამბობს, რომ ის, რაც ბევრისთვის მოდუნების მიზეზი გახდა, მან გადაფასებებისთვის, ცხოვრების კიდევ უფრო სწორად დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის გამოიყენა.

"კოვიდ პანდემიის პერიოდში, მანამ, სანამ შესაძლებლობა მქონდა, სულ ვიყავი დისტანციურზე. თავიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა, შემდეგ უკვე იყო ის მომენტი, რომ ისედაც უფრო მეტად ინტროვერტი, ვიდრე ექსტროვერტი ადამიანი, კიდევ უფრო ჩაკეტილი გავხდი. პანდემიის პერიოდი დაემთხვა ჩემი გარდამტეხი ასაკის დაწყებას. ბევრი კომპლექსი გამიჩნდა და თანაც, ბევრი დრო, მათზე ფიქრისთვის. დაახლოებით, 5 წლის წინ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ის, რომ მე არ ვიყავი მშვენიერი, თუმცა პანდემიის პერიოდში, ერთხელაც, როდესაც სარკეში ჩავიხედე, არც კი ვიცი რა მოხდა, მაგრამ დავინახე და ვიგრძენი, რომ ვცდებოდი და არ ვიყავი ისეთი იდეალური, როგორიც თავი მეგონა. მე ვიყავი ჯიუტი, მიზანდასახული და პრინციპული, ამიტომაც იმ დღეს ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ცხოვრების სტილს შევიცვლიდი და ნელ-ნელა დავიწყე ეს ცვლილება. მინდოდა დამეჩქარებინა, თუმცა როცა ამას ვცდილობდი, მუდამ უკან ვიხევდი. ასე და ამგვარად, პანდემია ზოგისთვის გაზარმაცების და მოდუნების შესაძლებლობად იქცა, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა და მადლიერი ვარ, რომ ეს პერიოდი სწორედ კოვიდს დაემთხვა. რომ არა ის, შეიძლება არც არასდროს მეფიქრა, რომ ჩემში საჭირო იყო ცვლილება.

პანდემიამდე სხვა პიროვნება ვიყავი, ყველაფერი მეზარებოდა, ვიკვებებოდი არაჯანსაღად და უკონტროლოდ 24/7- ზე, ვათენებდი ღამეებს, დღე-ღამე არეული მქონდა, ფიზიკური აქტივობისგან ვიყავი შორს, თუ არ ჩავთვლით ცეკვას, საიდანაც პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვედი. ხოლო, რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, დავიწყე მინიმუმიდან - დღეში 5 წუთი ვარჯიში და დიეტა, თუმცა იმ დონემდე მოვინდომე, რომ ვარჯიში დღეში სამ საათამდე გავზარდე, გადავაგდე უაზრო დიეტები და დავიწყე რეალურად ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყევი. დაახლოებით 16-17 კილო დავიკელი, თუმცა ეს არ იყო მთავარი, რადგან მე ამ პერიოდში ვიზრდებოდი არამარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. შესაბამისად მივხვდი, რომ სტერეოტიპებში და პარამეტრებში ჩაჯდომა, იმისთვის, რომ ხალხმა კომპლიენტები მითხრას, ეს სულაც არ იყო ჩემი მიზანი, მიზანი იყო ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ფიზიკურადაც და მენტალურადაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომწონებოდა საკუთარი თავი. 


როგორც ვახსენე, მენტალურადაც შევიცვალე. იმ დროის ნატას და დღევანდელს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემეცვლება ბევრ რამეზე აზრი. ეს ნორმალური იქნება, რადგან მე ვიზრდები, ვყალიბდები, ვვითარდები და იმისთვის, რომ ვიქცე ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად, საჭიროა ცვლილებები, რისი შეუგუებაც და მიმღებლობაც უნდა შემეძლოს.

ვთვლი, რომ დღეს ვაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, ვცდილობ ჩამოვიყალიბო სწორი მენტალიტეტი, მქონდეს სწორი პრიორიტეტები, დავისახო ბევრი მიზანი, რომელსაც რეალობაში აუცილებლად განვახორციელებ, დავიხარჯო ბოლომდე, ვეცადო თითოეულ საქმეს ერთნაირი ენერგიით და სიყვარულით მივუდგე და რაც მთავარია, ვფასობდე როგორც ადამიანი.

"ვარსკვლავები ნეონის დახმარებით ანათებენ, ადამიანებშიც არის ნეონი, მთავარია მას განათების საშუალება მივცეთ", ეს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის სიტყვებია. დაე, ყველამ მივცეთ ჩვენში არსებულ ნეონს საშუალება, რომ გაანათოს სამყარო..."

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები