საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება "მთავარი არხის" ეთერში გასულ ინფორმაციას დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით. სემეკ-ის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს "სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს", სიმართლეს არ შეესაბამება.
"მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის.
სემეკ-ის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის",- აცხადებენ სემეკში.