"სურვილები ძალიან ბევრი გვაქვს, საქმის კეთება არის რთული"

2022-04-14 18:38:49

"ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს, თუ ექნება კონკრეტული გეგმა და ხედვა, რომელიც რეალურად მოაგვარებს რუსთავი-თბილისის ტრანსპორტის პრობლემას და მოუგვარებს ამდენ ადამიანს ჩიხში შესულ სიტუაციას, სიამოვნებით მოვისმენ და გავითვალისწინებ, თუ ეს იქნება ადეკვატური, ოღონდ ისე არა, რომ თანამდებობის პირი აკეთებდე განცხადებას და მხოლოდ სურვილს ამბობდე. სურვილები ძალიან ბევრი გვაქვს, საქმის კეთება არის რთული", - ასე გამოეხმაურა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებას.

ლაცაბიძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც რუსთავის საკრებულოში თანამდებობებს იკავებენ, მართებთ განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობიოთ მოეკიდონ.

"ადამიანები, რომლებიც არიან თანამდებობის პირები რუსთავის საკრებულოში და იმედია ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს მოსახლეობასთან, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ განცხადებებს და თუ მათ აქვთ ინიციატივა, ეს ინიციატივა არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი და მხოლოდ სასურველი რამ რუსთავისთვის, ეს უნდა იყოს დასაბუთებული და გაწერილი. სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ გეგმას და გამოსავალს, რომელიც მოაგვარებს რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო პრობლემას. მეტრო, ავტობუსების გაფართოვება - ეს ადამიანები იყვენენ ყველანი თანამდებობის პირები, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში სულ ცოტა ხნის წინ და მათ თუ რაიმე სურვილი, გეგმა ან ხედვა ჰქონდათ, ძალიან მარტივად შეეძლოთ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ. მაშინაც იყო პრობლემები, მაშინაც გაძვირდა ტრანსპორტი და ქალბატონი ნათიას გუნდის წევრები იყვნენ წამყვან პოზიციებზე, მერის მოადგილე და ა.შ. მე რა გამოსავალიც ვნახე, ის გადაწყვეყილება მივიღე. განცხადებები მეც შემიძლია გავაკეთო რა იქნება სასურველი რუსთავისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დღეს ან ბიუჯეტით, ან გარკვეული რესურსით შესაძლებელია. თუ ამ რესურსს ხედავენ და რაიმე კუთხით არ არის გამოყენებული, მზად ვარ მოვუსმინო", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ნათია შელეგია რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ავტობუსების დანიშვნა მისასალმებელია, თუმცა ეს მოსახლეობის პრობლემას ვერ მოაგვარებს.